განურჩევლად პარტიებისა დღეს ყველანი ერთად ბედკრული საქართველოს შვილები ვართ (R)
განურჩევლად პარტიებისა დღეს ყველანი ერთად ბედკრული საქართველოს შვილები ვართ (R)
გილდა სიხარულიძე:

გახარიამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, გადადგა და ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჭეშმარიტი პოლიტიკოსია. დღეს სოციალურ არეში მიმდინარეობს რთული, ბუნდოვანი პროცესები და ადვილი არ არის ასეთ დროს არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება. საზოგადოებრივი პროცესების კვლევა გადავიდა თვისებრივად ახალ დონეზე და მთელი ძალით იჩინა თავი დიალექტიკამ. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკა დღეს თეორიული აზროვნების ყველაზე რთული სფეროა და ამ სფეროში უნდა მუშაობდნენ მხოლოდ სერიოზული, პროფესიონალი პოლიტიკოსები.

თავის დროზე, როდესაც ეს მომენტი გამოჩნდა ფიზიკაში,
ჰაიზენბერგმა თქვა:"სიძნელეები იქნება კიდევ მეტი, როდესაც ანალოგიური ვითარება შეიქმნება ფილოსოფიაში, პოლიტიკაში და საერთოდ სოციალურ მოვლენათა კვლევის სფეროში". დღეს ჩვენ (და მსოფლიოც) ამ სირთულის წინაშე ვდგავართ და უნდა ითქვას, რომ გახარიამ გააკეთა მაღალ პოლიტიკურ დონეზე გააზრებული არჩევანი.

დაბრუნდება თუ არა გახარია ქართულ პოლიტიკაში? ჩემი აზრით უნდა
დაბრუნდეს! დღეს ის სჭირდება ქვეყანას და მან უნდა თქვას თავისი მთავარი სიტყვა ქავეყნისათვის; თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ხალხი მას ენდობა და სამართლიანად თუ უსამართლოდ (ამას მომავალი გვიჩვენებს) ელის მისგან ერეკლე მეფის და გიორგი სააკაძის სისხლის, რუსთაველის და თამარის სიბრძნის, ილიას მადლისა და ვაჟას გენიის საკადრის თავდადებას. ასეთ ვითარებაში არდაბრუნება ღალატის ტოლფასია. მჯერა, ბ-ნ გიორგიში იმუშავებს ქართული მენტალიტეტი.

ახლა რაც შეეხება პრობლემას: ორი აზრი არ არის იმაზე, რომ სახელმწიფოს გააჩნია ძალის გამოყენების ლეგიტიმურობა და კანონი იმის კანონია, რომ უნდა შესრულდეს! უფრო მეტიც: მხოლოდ ის ქვეყანაა ძლიერი, სადაც კანონი დაცულია თოფით! მაგრამ ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონი უნდა შესრულდეს ყველასათვის ერთნაირად და არავითარ შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს შერჩევითი სამართალი. ეს ნიშნავს იმას, რომ კანონის უზენაესობა უნდა აღსრულდეს დემოკრატიული პრინციპების და ინდივიდუალური თავისუფლების დაცვის ფონზე, როდესაც მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი საბრალდებულო და სასამართლო პროცესების პოლიტიკური და სხვა, ნებისმიერი სახის მიკერძოებულობისაგან თავისუფლება; სამართალდამცავი ორგანოები კი დაკომპლექტდება მაღალი რანგის პროფესიონალებით და იმუშავებენ გამართულად.

გვაქვს კი ჩვენ ასეთი ვითარება ქვეყანაში? იქ, სადაც შერჩევით სამართალს ძალიან ხშირად თვითმკვლელობამდე მიჰყავს პატიოსანი ადამიანი და ფრაზით: "ამ ცხოვრების...." ამთავრებს სიცოცხლეს? ვინ მოუხადა, მაგალითად, ბოდიში კარტოგრაფების საქმეში შეურაცხყოფილ მეცნიერებს, ვინ აუნაზღაურებს მათ მორალურ ზარალს და ვინ აღუდგენს შერყეულ ჯანმრთელობას? ვინ აიღებს პასუხისმგებლობას დეკანოზ მამალაძის უღმერთო წამებაზე? მაჩალიკაშვილის ოჯახის წარმოუდგენელ უბედურებაზე? ბაჩალეიშვილის გოგონას ენით აუწერელ ტრაგედიაზე? და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ასეთი ფაქტის დასახელება შეიძლება! როდემდის? შეიძლებოდა თუნდაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება მხოლოდ ბედუკაძის ჩვენებების საფუძველზე? არადა სწორედ ბედუკაძე თავისი "უმწიკვლო ბიოგრაფიით" გახდა მთავარი მოწმე სააკაშვილის საქმეში და კიდევ გვითხრეს, რომ სააკაშვილმა შეიძინა თურმე ოთხი პიჯაკი, იყიდა იუშჩენკოსთვის საპონი და ქისა...მე სააკაშვილის დამცველად ნამდვილად არ გამოვდგები, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კაცი შენობით ელაპარაკება თითქმის ყველა ქვეყნის პირველ პირს და როდესაც მათთან საუბარში ან კიდევ სხვადასხვა ჟურნალისტებთან გამუდმებული ინტერვიუების დროს თავისი კარგად ალესილი ენით იწყებს ჩვენს ქვეყანაში არსებულ სამართალზე საუბარს, მ რ ც ხ ვ ე ნ ი ა!! ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ თუნდაც ამ ერთ პრინციპულ საკითხში მაინც ყოფილიყო მეტი გარკვეულობა, რათა ასე სულელურად არ გამოვიყურებოდეთ ყველას თვალში? ვიცი, მკითხავენ ახლა დიდი აღშფოთებით: როგორ, შენ ეჭვი გეპარება ბედუკაძის სიტყვებში? და მეც, "დარცხვენილი" და "საქციელწამხდარი", ვპასუხობ: როგორ გეკადრებათ ამ "პატიოსანი" კაცის სიტყვებში ეჭვის შეტანა, როგორ შეიძლება, მაგრამ ვბედავ მაინც და მსურს, რომ ბედუკაძის "პატიოსნებისა და ავტორიტეტის" გარდა სხვა უფრო მყარი არგუმენტაციაც ჰქონდეს ჩვენს სიმართლეს. ეს აზრი გამიმყარდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენმა პირადმა ადვოკატმა დამიმალა ოთხი თვის მანძილზე ჩემს საკითხზე სასამართლოს მიერ გამოტანილი უარყოფითი განაჩენი (სისტემატურად გვპასუხობდა:საქმე განხილვაშია) და წაგვართვა ამით აპელაციის უფლება. იურიდიულად როგორ წარმართა მან ეს საქმე, ეს კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ არ ღირს ამაზე აქ საუბარი. ამგვარი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ისეთ ქვეყანაში, სადაც სრული განუკითხაობაა და კარგად იციან, რომ არავინ არაფერზე და არასდროს არ მოსთხოვს არავის პასუხს. ვფიქრობ, მართლმსაჯულება იქცა ჩვენში ანგარიშსწორების იარაღად და პატიოსან ადამიანს მთლიანად წაერთვა თავისი ღირსების და პირადი თავისუფლების დაცვის უფლება.

ერთიც: თუ დამნაშავეა სააკაშვილი, დავხვრიტოთ ბატონო, მაგრამ დღევანდელი ვითარების ფონზე მე პირადად ძალიან მომწონს მისი ბრძოლა სასამართლოს, კორუფციის და ბიუროკრატიის წინააღმდეგ! ეს ბრძოლა ბოლომდე უნდა გაგრძელდეს!

როდესაც სამართალი შერჩევითია, პასუხის ერთადერთ ფორმად რჩება ამბოხი. ასე მოხდა კიდეც ნიკანორ მელიას შემთხვევაში. ვინ დაამტკიცებს იმას, რომ მან ჩაიდინა ის დანაშაული, რაშიც ბრალი აქვს წაყენებული? გამორიცხული არ არის, რომ 20 ივნისს მართლაც მზადდებოდა რაღაც ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლა; ჩვენს ტერიტორიაზე ხომ რაც მოესურვებათ და როგორც მოესურვებათ იმას აკეთებენ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები. ყველა, ვისაც არ ეზარება, გვარიგებს ჭკუას ამ მრავალსაუკუნოვანი კულტურის ქვეყანას და მაგიდაზე ფეხშემოწყობილი გვასწავლის იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა ვიცხოვროთ. მარტო სოროსის მიერ უხვად დაფინანსებული პროგრამები კმარა ამის დასტურად. იქნება და მართლა გააგიჟეს ვინმე და გადაიყვანეს ჭკუიდან! რა, არ გაუკეთებიათ თუ? მაგრამ რა შუაშია ყველაფერ ამასთან ნიკანორ მელია? დაამტკიცა ვინმემ, რომ სწორედ ის ამზადებდა სახელმწიფო გადატრიალებას? მიუხედავად ამ სამართლებრივი გაუგებრობისა ამ კაცმა უსიტყვოდ გადაიხადა პირველი ჯარიმა, გაიკეთა ხელზე და კარგა ხანს ატარა სამაჯური, მაგრამ როდესაც ამ გაურკვეველ ვითარებაში მას, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, მოთხოვეს სახლში განუზღვრელი ვადით ჯდომა და თავისი პარტიისაგან სრული იზოლაცია, ამან, ბუნებრივია, გამოიწვია მასში პროტესტი და აღსდგა ის მაშინ თავისი ღირსების და თავისუფლების დასაცავად. არ ქონდა უფლება?

ძალიან კარგია, რომ მას გვერდში დაუდგა და მხარი დაუჭირა ყველა ოპოზიციურმა ძალამ. ეს ჩვენი მორალური გამარჯვებაა და მადლობა ოპოზიციას, რომ მან აირჩია ეროვნული ერთიანობის გზა თავისუფლების, ღირსების და ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად. აქ უკვე მნიშვნელობა აღარა აქვს რომელი პარტია რომელი პარტიაა, ამ საკითხში ყველა მართალია! შერჩევითი სამართლის წინააღმდეგ ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა, რადგან შერჩევითი სამართალი მიმართულია პატიოსანი ადამიანის დათრგუნვისა და დამონებისკენ, რის შემდეგ თავად დემოკრატიის ცნებაც აზრს კარგავს. ხალხი დაიღალა! ღირსებისა და თავისუფლების დაცვის სურვილმა გააერთიანა საზოგადოება! კარგია, რომ ასეთი ერთობა კიდევ შეგვიძლია!

დღეს სახელმწიფო არ იცავს კონკრეტულ ადამიანს, სამართალდამცავი ორგანოები კორუმპირებულია! არავის აინტერესებს ცალკეული ადამიანი, რომელიც დაუცველობის გრძნობას მიჰყავს სასოწარკვეთამდე და თვითმკვლელობამდე. რა ხდება? რა დაემართა ქვეყანას? რატომ წამოვიდნენ ყველა სფეროში წინა პლანზე მხოლოდ გონებაჩლუნგები და დებილები, რომელთაც გააჩნიათ დიდი პრეტენზია მართონ ქვეყანა. დაიკარგა ურთიერთგაგება, ნდობა, მეგობრობა და სიყვარული, ანუ ყველაფერი ის, რითაც ყოველთვის გამოირჩეოდა და ფასობდა ქართველი ხალხი. ძმა ძმას კლავს დღეს, შვილი დედას, მამა შვილს, დაიკარგა მორალი, ყველაფერი დავიდა ფულზე და შვილიშვილი აღარ ინდობს ბებიას. ასეთ ვითარებაში ნამდვილად აღარ ღირს სიცოცხლე, დაიკარგა და ფეხქვეშ გაითელა ყველა ჩვენი ფასეულობა.

ფაქტია, რომ ოლიგარქები, რომლებიც დაკავებულები არიან მხოლოდ თავიანთი ქონების დაგროვებით და შენახვით, არასოდეს არ დაიცავენ ხალხის ინტერესებს, არც უსაქმურ და ფუქსავატ ბიუროკრატიას არ აინტერესებს ხალხის ბედი, მათთვის პოლიტიკა ბიზნესის ფორმაა მხოლოდ!! ამ ფონზე კაცობრიობის უდიდეს პრობლემად რჩება ისევ ზოგადსამართლებრივი საზოგადოების შექმნა, საზოგადოებისა, სადაც, როგორც კანტი ამბობდა, "მაქსიმალური თავისუფლება შეიზღუდება აუცილებელი აკრძალვებით". ამ გენიალური ფილოსოფოსის ოქროს სიტყვებია: "მოიქეცი ისე, რომ მაქსიმას შენი ნებისა ჰქონდეს ზოგადსაკაცობრიო პრინციპის ძალა".

მორალური არჩევანი მთავარი მიზანია ადამიანისთვის ცხოვრებაში. სწორედ ეს არჩევანი აქცევს ინდივიდს პიროვნებად; ასეთი პიროვნებებით შემდგარ საზოგადოებაში კი ინდივიდიც და სახელმწიფოც მოტივირებული იქნება ერთი მიზნით: დაიცვას მთელი თითოეულის ინტერესებისათვის! "თავისუფლება ეს არის გაცნობიერებული აუცილებლობა" - დაწერა შემდეგ ჰეგელმა. გოეთემ კი ადამიანს მოუწოდა: "იქონიე ვაჟკაცობა იარსებო მთელში!"

საზოგადოებაში, სადაც არ არის კანონი, მორალი და სამართალი, ითრგუნება და იტანჯება პატიოსანი ადამიანი, ამიტომაც ჟვანეცკის უკანასკნელი სიტყვები იყო:"Наша свобода – это бардак, хочу назад в Родину!"

გავერთიანდეთ და გადავარჩინოთ ქვეყანა. მადლობა ისევ ოპოზიციას!

გილდა სიხარულიძე

(R)
ia
08 მარტი 2021 22:02
უკაცრავად და ეს სტატია მეგონა ნაცების დროს იყო დაწერილი! თქვენ გონიერი ქალბატონად გთვლით მაგრამ ასე ზძალიან დიდმა ქრისტიან-მიმტევებელმა უნდა იაზროვნოს ან ძალიან გულუბრყვილო ზომბირებულმა ან მაგარმა სოფისტმა! სხვაგვარად წარმოუდგენელია! მე უფრო სოფისტური აზროვნება მგონია! თქვენ დაინახავთ თქვენს თავს ჭეშმარიდტად რომელიმეში! დანარჩენი წამკითველისთვის მიმინდვია! ეს ნაწერი რაიმე შედეგს გამოიღებს?! სადიზმი ბოროტება დავიცვათ?! რაღაც სხვა მოიფიქრეთ იქნებ შეგიძლიათ! ისე მიმტევებლობაზე ყველაზე უკეთ ტაძრებში ქადაგებენ! ახლა მითუმეტეს დიდი მარხვა იწყება! იარონ ადამიანებმა და იქნებ შეიცვალონ გაგება ! ასე ადვილია შეგონება თანაც ძალიან ტენდენციური?! ისე ყველაზე კარგათ გეცოდინებათ რას ემსახურება სოფიზმი! სხვათაშორის მავნე რამაა! ღმერთმა გაგვინათოს ყველას გონება! მშვიდობას და ჭეშმარიტ რწმენას გისურვებ! ამინ
ჟორა გაბრიჭიძე
08 მარტი 2021 21:49
ყველა დროში გარეწრების სიმცირეს არ უჩიოდა საქართველო, მაგრამ ასეთი ვითარება, როცა პოზიცია-ოპოზიციას ფეხებზე ჰკიდია ქვეყანა, ოღონდ თავიანთ მერკანტელურ მიზნებს მიაღწიონ, საქართველოს ჯერ არ ჰქონია. ამაზე ამბობენ დასასრულის დასაწყისიაო, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, დასასრულის დასაწყისი კი არა, ფინიშზე გავდივართ უკვე თუ რა თქმა უნდა ხვთიშობელმა არ მოხედა თავის წილხვედრ ქვეყანას.
მედეა
07 მარტი 2021 10:58
საინტერესო ხედვაა,უმრავლესობა ასე არ ფიქრობს,ქალბატონო. ვის უხდით მადლობას----ჩვენი ქვეყნის სახელის არადჩამგდებლებს? მელია ცუდი ბიჭი არ არის,თქვენისთანებმა გაატუტუცეს და ციხეში ამოაყოფინეს თავი.მისით მანიპულაციები ჰქონდა დაგეგმილი თქვენს სათაყვანებელ ოპოზიციას! მელიას დარდი არ აქვთ მათ! კატათაგვობანას თამაშს გვაჩვენებენ. უკან ცოცხების დროის დაბრუნება ს უ რ თ და დიდი სიამოვნებით გაუკეთებდნენ უ მ რ ა ვ ლ ე ს ო ბ ა ს მათ შორის მ ე ლ ი ა ს ა ც! ოლიგარქის სიძულვილი კომუნისტებისდროინდელი ხრიკია, დიდი ქველმოქმედი აკაკი ხოშტარია, ზუბალაშვილები და სხვანი ---კაპიტალისტები იყვნენ,აბა კომუნისტი ქველმოქმედი სად გინახავთ? ივანიშვილიც დიდი ქქველმოქმედია,მოგწონთ თუარა ეს თქ ვ ე ნ! პარტიები დაღუპავენ საქართველოსო-უთქვამს ილიას.---ზვიადი და ილია რომ დაღუპეს---ეს ხომ ნათელია. საქართველოს დაღუპვას არ დავანებებთ თქვენგან დიდად ნაქებ პარტიებს! ნიკა მელია მათი მ ს ხ ვ ე რ პ ლ ი ა, შემოივლეს თავზე! არ დაბლოკოთ, გთხოვთ!

რუბრიკის სხვა სიახლეები