"ქალების კალმით" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ახალი სერია
"ქალების კალმით" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ახალი სერია
ლიტერატურის ისტორია ადასტურებს, რომ ცნება "ქალური ლიტერატურა" სრულიად უადგილოდ გაჩნდა და ზღვარი "ქალურ" და "მამაკაცურ" ლიტერატურას შორის არ არსებობს, თუმცა ქალების შექმნილ ლიტერატურას მაინც სხვა მიმზიდველობა აქვს. ჩვენი ეპოქა მოწმეა იმისა, როგორ ვრცელდება მწერალი ქალების წიგნები მილიონიანი ტირაჟებით სხვადასხვა ქვეყანაში და როგორ ისრუტავს მათ მკითხველი.

საქართველოში, სადაც ყოველთვის იყო კითხვის კულტურა, ქალების პოეტური ქმნილებები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მოგვიანებით კი ხელიდან ხელში გადადიოდა. ასე აიტაცა მკითხველმა სამწერლო ასპარეზზე ახალგამოჩენილი ეკატერინე გაბაშვილის,
მარიამ გარიყულის თუ საფო მგელაძის ნაწარმოებები და შეიყვარა ისინი. ბევრისთვის ეს უბით სატარებელი და სამაგიდო წიგნები გახდა. ამის მაგალითია ლადო ასათიანის წერილი, ის აღფრთოვანებული სწერდა საფო მგელაძეს: "ძვირფასო საფო, თქვენი "ლიანა ლორდია" მუდამ უბით დამაქვს".

მაინც, რატომ არის ამგვარად მძაფრი მუხტის მატარებელი მწერალი ქალების შემოქმედება?
იმიტომ, რომ იწყებენ პროტესტით, არღვევენ დუმილს იმ თემებზე, რომელთაც შესაძლოა მათი თანამედროვე საზოგადოება სალაპარაკოდაც არ მიიჩნევდეს "ჩვეულებრიობის" გამო. მაგალითად, საფო მგელაძემ პროტესტი ასე დაიწყო: "ჩემს მშობლებს აჩემებული ჰქონდათ, ერთი შვილი გვყავს და ამას ვერ მოვიშორებთო.

ამიტომ სოფლის ორი კლასი დავამთავრე თუ არა, თორმეტი წლისა სახლში დამსვეს, ჩამაცვეს კუდიანი კაბა და გარეთ აღარ მიშვებდნენ. გაიარა სამმა წელიწადმა და დაიწყო ჩვენს სახლში სოფლის მაჭანკლების მისვლა-მოსვლა. მათი დანახვა ჭირივით მეჯავრებოდა. ვინ იცის, სად არ ვიმალებოდი. მერე ავიღე იოდიანი შუშა, მივედი დედასთან და ვუთხარი: - თუ ქალაქში არ წამიყვანთ და არ მასწავლით, ახლავე თავს მოვიწამლავ-მეთქი. ჩემმა მუქარამ გაჭრა და მე და დედა ქუთაისში წავედით".

დაახლოებით ამგვარი თამამი განაცხადებით გამოჩნდნენ მწერლობაში მსოფლიოში ცნობილი მწერალი ქალებიც, რომლებიც მკითხველს დღემდე აღაფრთოვანებენ. მათ შორის არიან სიმონ დე ბოვუარი, სელმა ლაგერლოფი, აგათა კრისტი, შარლოტა, ემილი და ენი ბრონტეები, ჯეინ ოსტინი, ელიფ შაფაქი, ვირჯინია ვულფი და მრავალი სხვა... სწორედ მათი წიგნებით გაანებივრებს მკითხველს გამომცემლობა "პალიტრა L" ახალი პროექტით: "ქალების კალმით". პროექტის გამოცემა ჟურნალ "გზასთან" ერთად 6 მაისიდან დაიწყება, სერიის ყოველი წიგნის სპეციალური ფასი 8 ლარი იქნება, ჟურნალ "გზასთან" ერთად კი - 10 ლარი.

აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობა გამომცემლობამაც სწორედ დუმილის დარღვევის მიზნით გადაწყვიტა - ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოში არაერთი ქალი იძულებულია უმძიმეს შრომასა და ყოფას გაუძლოს.

წიგნები როგორც ჟურნალ "გზასთან" ერთად, მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსშიც" გაიყიდება. მათ შორის იქნება ქართველი ქალი მწერლების ის ნაწარმოებებიც, რომლებიც მკითხველის აღტაცებას ათეული წლების განმავლობაში იწვევდა და დღესაც იმავე ემოციით იკითხება. თუმცა ეს ავტორები, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მიივიწყეს და ახალი თაობის მკითხველი მათ არ იცნობს. არადა, მათი პრინციპები და გაბედულება, მეტი თავისუფლების მიღწევისა და განათლებისთვის შეუდრეკელი ბრძოლა უთუოდ იმსახურებს…მკითხველის პატივისცემას.

სერია "ქალების კალმით" მკითხველს ასევე გაახარებს იმ თანამედროვე მწერალი ქალების წიგნებით, რომლებმაც ბოლო წლებში მიაღწიეს პოპულარობას და საზოგადოების საყვარელ ავტორებად იქცნენ.

კიდევ მეტად რომ წარმოჩნდეს სერიის ყოველი ავტორის როლი ლიტერატურასა და შესაბამის ეპოქაში, გამომცემლობა "პალიტრა L" ყველა წიგნს ამავე ავტორების შესახებ მოკლე წინათქმას დაურთავს.

მაშ, ასე, მაისიდან ჩვენს მკითხველს საშუალება ექნება ეზიაროს იმ მწერალი ქალების ლიტერატურულ მრავალხმიანობას, რომელთაც არა მარტო უნიკალური ნაწარმოებებით მოაჯადოეს მსოფლიო, არამედ ბრძოლითაც. მკითხველი იმ ბრძოლის თანამონაწილეც გახდება და, იმავდროულად, უკეთ შეიცნობს საკუთარ თავსაც, რის შემდეგაც უსათუოდ სხვის საყრდენადაც იქცევა.

და როგორც ინგლისელი მწერალი ვირჯინია ვულფი იტყოდა, "მხოლოდ შემეცნება შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენს სასიკეთოდ. მხოლოდ ის შეგვიძლია თამამად გამოვიტანოთ მზის სინათლეზე. ცხოვრებაც მხოლოდ ამ დროს ხდება საინტერესო და უსაზღვროდ მშვენიერი".

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა