მრავალმხრივი ინტერესების მქონე წარმატებული სტუდენტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან
მრავალმხრივი ინტერესების მქონე წარმატებული სტუდენტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან
ანნა თაბუაშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტია. ამერიკის მოქალაქემ სკოლა თბილისში დაამთავრა. გოგონას ოჯახში განათლებას და წიგნიერებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ შესაბამისად, მოზარდის ინტერესებსა და მსოფლმხედველობაზე ამან დიდი გავლენა იქონია. ამჟამად, ანნა KIU-ში მენეჯმენტის პროგრამას გადის. მენეჯმენტის მიმართ ინტერესს წინ ბევრი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სფერო/ჰობი უძღვოდა. ბავშვობაში გატაცებული იყო ხელოვნებით, უყვარდა ხელნაკეთი ნივთების დამზადება. ძერწავდა თიხაზე, მუშაობდა თექაზე, ქსოვდა, ქარგვდა. შემდეგ თეატრალური ხელოვნებით დაინტერესდა, მონაწილეობდა სპექტაკლებში და წარმატებით ირგებდა სხვადასხვა როლს. გოგონა
სამსახიობო ოსტატობის მსგავსად, რეჟისურამ და ფოტო-ხელოვნებამაც გაიტაცა.

ბუნებით აქტიური ახალგაზრდა პირველი კლასიდანვე ჩართული იყო უამრავ აქტივობასა და ოლიმპიადაში. თანატოლებთან ერთად მონაწილეობდა USAID-ის მიერ დაფინანსებულ სამოქალაქო განათლების პროექტში - "მომავლის თაობა", სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას ეწეოდა. 2018 წელს გაიმარჯვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამაში,
რომელიც "ახალი სკოლის" ბაზაზე განხორციელდა. პროექტი ითვალისწინებდა საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (IB) სრულ დაფინანსებას ორი წლის განმავლობაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნაში გამოცხადებულ კონკურსში 30 გამარჯვებულს შორის შეარჩიეს. საერთაშირისო მოსამზადებელმა პროგრამამ ანნას მსგავსად, მის თანატოლებს საშუალება მისცა დაუფლებოდნენ ლოგიკურ, კრიტიკულ და დამოუკიდებელ აზროვნებას. ანნამ ჩაატარა კვლევა და დაწერა თემა სახელწოდებით - ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოში To what extent has the EU visa liberalization affected Georgia’s emigration as of May 2019. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, მონაწილეობდა "ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკში", რომელშიც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან 14-18 წლის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. აღნიშნული ბანაკი დატვირთული იყო კულტურული და სოციალური აქტივობებით, ასევე, საგანმანათლებლო მოდულებით, ახალგაზრდებს ყოველდღე უტარდებოდათ ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის: "საქართველო", "ახალგაზრდული პოლიტიკა, ახალგაზრდული მუშაობა", "ევროკავშირი: განათლება და დასაქმება, გარემო და გენდერული თანასწორობა", "საჯარო გამოსვლები", "პროექტების წერა". ერთი წლის შემდეგ, სწორედ ამ ბანაკში, ანნა გახლდათ მიწვეული სკოლისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის წარსადგენად, სადაც მომავალ სტიპენდიანტებს ესაუბრა აიბიზე, სკოლასა და საქართველოში ცხოვრებაზე.

გოგონა, ასევე, აქტიურად იყო ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაშიც. მონაწილეობდა წითელი ჯვრის კამპანიაში "აჩუქე სითბო", და ამავდროულად იყო წითელი ჯვრის ელჩი სკოლაში. 2019 წელს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ეროვნულ სესიაში ის გახლდათ "ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის "(FEMM) დელეგაციის წევრი.

მე-11 კლასში ტურიზმის ბიზნესითა და რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტით დაინტერესდა, ფიქრობდა, რომ ზუსტად ამ სფეროში იპოვიდა საკუთარ თავს. ამ მიმართულების უკეთესად გასაცნობად წაიკითხა არაერთი ლიტერატურა, ასევე, გაიარა რამდენიმე კვირიანი ინთერნშიფი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროების ქსელში. გაეცნო სასტუმროების ინდუსტრიას, იყო რამდენიმე დეპარტამენტში: გაყიდვები და მარკეტინგი, რეზერვაციები და მიმღები (front desk).

მენეჯმენტი, ლიდერობა და გუნდური მუშაობა ყოველთვის აინტერესებდა. როგორც თავად ამბობს, პანდემია დაეხმარა გაეაზრებინა, რომ სავარაუდოდ მომდევნო რამდენიმე წელი ტურიზმის სექტორისთვის ნაკლებად სახარბიელო იქნებოდა. ამიტომ გადაწყვიტა პრობლემისთვის სხვა თვალით შეეხედა და საუკეთესო ალტერნატივა მოძებნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მენეჯმენტის პროგრამაზე ჩააბარა. ჭკვიანმა და წარმატებულმა ახალგაზრდამ კარგად იცის მიზნების მიღწევისათვის საჭირო თავდაუზოგავი შრომის აუცილებლობა და მისთვის არახალია ეს მოცემულობა, თუმცა უნივერსიტეტის პროგრამების სირთულემ და ხარისხმა სტუდენტის მოლოდინს გადააჭარბა. გოგონას კარგად აქვს გააზრებული იმ შედეგის მნიშვნელობა, რომელიც KIU-ს დამთავრების შემდეგ დადგება. ზუსტად იცის, რომ ისეთ ცოდნას მიიღებს, რომელიც მას კარიერის დაგეგმვაში დაეხმარება, რომელიც მას კონკურენტუნარიანს გახდის დასაქმების მსოფლიო ბაზარზე. ანნა აქტიური სტუდენტია. მონაწილეობდა KIU-ს მათემატიკის ზამთრის სკოლაში, სადაც მისთვის საინტერესო საგანში ცოდნა გაიღრმავა, დღეს კი მიღებულ გამოცდილებას წარმატებით იყენებს. ამჟამად, მეგობარ სტუდენტებთან ერთად, რამდენიმე დღიანი ბანაკის განხორციელების იდეაზე მუშაობს, ახალგაზრდებს სურთ თავიანთი პროექტი კონკურსში წარადგინონ, რომლის მოწონების/გამარჯვების შემთხვევაშიც, საშუალება ექნებათ საგანმანათლებლო და შემოქმედებითად დატვირთული უამრავი აქტივობა დაგეგმონ.

"ამერიკაში დავიბადე და ამერიკის მოქალაქეც ვარ. უმაღლესი განათლების მიღების მიზნით საზღვარგარეთ მსურდა წასვლა, თუმცა პანდემიამ და იმ გარემოებამ, რომ საქართველოში უკვე არსებობდა მსოფლიო მასშტაბის საუნივერსიტეტო ქალაქი, გეგმები შემაცვლევინა. ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა. დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მენეჯმენტის პროგრამაზე ვსწავლობ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია KIU-ს თანამშრომლობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. სასწავლო პროცესში ჩართულნი არიან უცხოეთიდან მოწვეული ლექტორები, ინფრასტრუქტურაზე არაფერს ვამბობ, შთამბეჭდავია. სწავლის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა, და ვფიქრობ, KIU სწორედ ის უნივერსიტეტია, რომელიც დამეხმარება ჩემი უნარები მომავალში კიდევ უფრო განვავითარო. დამოუკიდებელ სტუდენტურ ცხოვრებასთან ერთად ხარისხიან განათლებას ვიღებ. უნივერსიტეტმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. აქ, სტუდენტის აზრს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ყველაფერი მაქსიმალურად ჩვენს საჭიროებებზეა მორგებული." – KIU-ს მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი ანნა თაბუაშვილი.

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები