რისთვის ემზადება საქართველო 23 აპრილს? - კვირის პალიტრა

რისთვის ემზადება საქართველო 23 აპრილს?

თუ თქვენ სოციალურ ქსელში უკვე შეგხვდათ გამოწვევა წიგნის ფოტოებითა და ჰეშთეგით #აჩუქეწიგნი, იცოდეთ რომ გამოწვევას მეტად საინტერესო ინიციატვა უდევს საფუძვლად. წიგნის ჩუქების დღე საქართველოში 2019 წელს გიორგი კეკელიძის ინიციატივით დაწესდა და ეს ამბავი მთელმა ქვეყანამ დიდი სიხარულით მიიღო. თუმცა გასული პანდემიური წლის გამო 23 აპრილს წიგნის ჩუქება ბევრმა ადამიანმა ვერ შეძლო. ამიტომ წელს, ასევე გიორგი კეკელიძის ინიციატივით, გადაწყდა, რომ მთელი აპრილი წიგნის ჩუქების "დღე" იქნება, ხოლო 23 აპრილი, რომელიც წიგნის საერთაშორისო დღეა, მთელი ამ კამპანიის გვირგვინი.

თავად გიორგი კეკელიძემ წიგნის ჩუქება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ "დიციდან" დაიწყო. მის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ "დღეს სოფელ დიცში ჩავედით - ოკუპაციის გამყოფ ხაზთან. იქ ორი ელენე გველოდა - ბებია და შვილიშვილი - ელენე ბოლათაევა-მინდიაშვილი და პატარა ელენე მინდიაშვილი. ორივეს ძალიან უყვარს წიგნები და წიგნის ჩუქების დღის აღნიშვნა, რომელიც წელს წიგნის ჩუქების თვედ გვინდა ვაქციოთ, ბიბლუსთან და ანაგრამასთან, სწორედ ამ ოჯახიდან დავიწყეთ და ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ."

წამოწყებაზე არ დააყოვნა საზოგადოების პასუხმაც და სოციალურ ქსელში მრავლად შეხვდებით ფოტოებს, თუ როგორ ჩუქნიან ადამიანები მეგობრებსა და ოჯახის წევრებს წიგნებს. წიგნის ადრესატმა კი სხვას უნდა აჩუქოს წიგნი და ასე კამპანია დიდ ჯაჭვურ ხასიათს მიიღებს. ინიციატივაში უკვე ჩართულებია არიან ცნობილი სახეებიც, მათ შორის, მწერლები, სატელევიზიო წამყვანები... ადამიანებს შეუძლიათ სოციალურ ქსელში ერთმანეთი გამოიწვიონ, დააანონსონ, რა წიგნის ჩუქებას აპირებენ და ასევე ჰეშთეგებით დაწერონ, თავად რა წიგნს ისურვებდნენ საჩუქრად.

ინიციატივის უფრო მეტი მასშტაბურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიების ჩართულობაც, ეს ეხება როგორც წიგნის მაღაზიებს, ისე კერძო სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგელებს. ამ მხრივ, ძალიან საინტერესო იყო "ბიბლუსის" პირველი ნაბიჯი. მათ წიგნები გაუგზავნეს წიგნის აქტიურ მხარდამჭერ კომპანიებს "გალფსა" და "გორგიას". გამოწვევაში ჩაბმული კომპანიები კი ახლა სხვა კომპანიებს გაუგზანიან წიგნებს.

გარდა იმისა, რომ კომპანიები ერთმანეთს აჩუქებენ წიგნებს, ინიციატივაში ჩართვა მათ სხვაგვარადაც შეუძლიათ. 23 აპრილს ან მანამდე დამსაქმებლებს შეუძლიათ თანამშრომლებს აჩუქონ წიგნები და ამ ფორმით, უფრო მასშტაბურად ჩაერთონ კამპანიაში. ამ შემთხვევაში საჩუქარი სიმბოლურად შეიძლება ბიზნესლიტერატურაც იყოს და კომპანიამ ამ ფორმითაც გამოხატოს თანამშრომლებსა და მათ კვალიფიკაციაზე ზრუნვა.

თავად ინიციატივის ავტორი გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, ის მუდმივად მზად არის კომპანიებსა თუ რიგით ადამიანებს გამოწვევაში ჩართვაში დაეხმაროს. "ჩემი მხრიდან რა საჭიროებაც იქნება: სოფლებში სიარული, ადამიანებთან შეხვედრა, კომპანიებთან კომუნიკაცია, რათა განსაკუთრებით, სოფლის ბიბლიოთეკებს დაეხმარონ წიგნით, პირველ ხაზზე ვარ", - აღნიშნავს კეკელიძე.

მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებისა და ადამიანების ჩართულობით შესაძლებელია ინიციატივამ მასშტაბური სახე მიიღოს და ბევრი ისეთი ადამიანის დახმარება და გახარება შეძლოს, ვისაც წიგნზე ხელმისაწვდომობა მეტ-ნაკლებად შეზღუდული აქვს.

წიგნის ჩუქების თვის დაწესება და მასში საზოგადოების აქტიური ჩართულობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია და მისი ჩუქებით მეგობარს, ოჯახის წევრს, თანამშრომელს და ბავშვებსაც კი ძალიან გაახარებთ.

#აჩუქე წიგნი

#აპრილიწიგნისჩუქებისთვეა

#23აპრილი

(R)