ტექნიკური უნივერსიტეტი უნიკალურ პროექტში - "ორი დედაქალაქის ისტორია - ოქროს გზა ოქროს ისტორიაში" ჩაერთო - კვირის პალიტრა

ტექნიკური უნივერსიტეტი უნიკალურ პროექტში - "ორი დედაქალაქის ისტორია - ოქროს გზა ოქროს ისტორიაში" ჩაერთო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნიკალურ პროექტში - "ორი დედაქალაქის ისტორია - ოქროს გზა ოქროს ისტორიაში" ჩაერთო, - ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის დეტალების განსახილველად ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს დავითს (მახარაძე) უმასპინძლა.

"პროექტი - "ორი დედაქალაქის ისტორია - ოქროს გზა ოქროს ისტორიაში" საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ჰარმონიული შერწყმაა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა. აქვე დავძენთ, რომ 2020 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა ამ პროექტს კულტურული მარშრუტის სერტიფიკატი მიანიჭა. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი "იყალთოს მრავალფუნქციური სკოლა-აკადემიის" განვითარებაა. ეს საგანმანათლებლო კერა შეიქმნა ქვევრის წარმოების ტრადიციული მეთოდების სამეცნიერო კვლევა-შესწავლისა და გადარჩენის მიზნით. ყველასთვის ცნობილია, რომ 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითის თხოვნაა, შეიქმნას მემორანდუმი ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რათა უნივერსიტეტის პედაგოგებმა სკოლა-აკადემიისთვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეიმუშაონ. უნივერსიტეტი ამისთვის მზადაა - ჩვენი მეცნიერები ჩაატარებენ ყველა საჭირო კვლევას; გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, იმუშავებენ არქიტექტურულ საკითხებზე და, რაც მთავარია, ამ ეროვნულ საქმეში ჩაერთვებიან ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები", - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა დავით გურგენიძემ.

"მაწვნის სახლი", "თიხის ნაკეთობების მუზეუმი", "ვაზის მუზეუმი", "ეკოსისტემების პარკი - სარეკრეაციო ზონა", "ღვთივქმნილი ლანდშაფტის ხედები" - ესაა მცირე ჩამონათვალი იმ გრანდიოზული პროექტის კომპონენტებისა, რომელიც აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს წარუდგინა. მისი განმარტებით, პროექტის მთავარი მიზანია, ქართული ტრადიციების შენარჩუნების პარალელურად, შეიქმნას გარემო, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებთან იქნება ადაპტირებული. სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტორები, მშენებლები, აგრარული მიმართულების პედაგოგები და შექმნიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც საბოლოოდ, პროექტის წარმატებით რეალიზების საწინდარი იქნება.

"ერი და ბერი ერთად უნდა შრომობდეს: ცოდნით, ღვთის სიყვარულით, ქვეყნის ერთგულებით - ამიტომ მოგმართეთ თქვენ. იმედი მაქვს, ამ პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად, სტუდენტებიც ჩაერთვებიან. მხოლოდ ასე შევძლებთ, იდენტობა არ დავუკარგოთ ქართულ კულტურას, შევინარჩუნოთ ის უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც წინაპრებმა გვიანდერძეს და შევქმნათ ახალი, ძველზე დაფუძნებული კულტურა, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, ისწავლოს, დასაქმდეს და ამ კულტურის წარსადგენად მოიზიდოს შიდა და გარე სტუმარი. პროექტში - "ორი დედაქალაქის ისტორია - ოქროს გზა ოქროს ისტორიაში" - აქტიურადაა ჩართული კომპანია "ბადაგონი".

იყალთოს მრავალფუნქციური სკოლა-აკადემია ერთ სივრცეში გააერთიანებს სახელოსნოს, მუზეუმს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტბიბლიოთეკას, ტურისტულ შეთავაზებებს და ა.შ. სკოლა-აკადემია ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს, შეისწავლოს არა მარტო ქვევრის, არამედ ღვინის ჭურჭლისა და ძველი, ტრადიციული ჭიქურით დაფარული თიხის ნაკეთობების დამზადების უძველესი მეთოდები; გაიხსნება ქართული ფაიფურის, ქართული მინანქრისა და საოქრომჭედლო სახელოსნოები და სხვა. სკოლა-აკადემიას აქვს სათანადო ტექნიკური ბაზა, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიები და დანადგარები უზრუნველყოფს მაღალი ხარისხისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოებას", - აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.

ცნობისთვის, აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითის ინიციატივით შემუშავებული მასშტაბური პროექტი - "ორი დედაქალაქის ისტორია - ოქროს გზა ოქროს ისტორიაში" - მიზნად ისახავს საქართველოს ისტორიულ-კულტურული, აგრარული და ტურისტულ-საგანმანათლებლო პოტენციალის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას, რაშიც დიდ წვლილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შეიტანს.

(R)