ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში
05-05-2021
ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში
სს პაშა ბანკ საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 29 აპრილიდან დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ და გენერალურ დირექტორად დაინიშნა ნიკოლოზ შურღაია; რისკების დირექტორად და დირექტორთა საბჭოს წევრად - ლევან ალადაშვილი; ხოლო ინფორმაციული ტექნოლოგიების და საოპერაციო დირექტორად და დირექტორთა საბჭოს წევრად - გიორგი ჩანადირი.

პაშა ბანკს ტოვებს არდა იუსუფ არკუნი, რომელსაც 2018 წლიდან ბანკში გენერალური დირექტორის და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. პაშა ბანკში რისკების დირექტორის და დირექტორთა საბჭის წევრის თანამდებობას ტოვებს
ასაფ ჰუსეინოვიც, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე 2019 წლიდან მუშაობდა. არდა და ასაფი ფაშა ჰოლდინგში გააგრძელებენ მუშაობას.

პაშა ბანკის დირექტორთა საბჭო ამჟამად შედგება ოთხი დირექტორისგან:

• დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი - ნიკოლოზ შურღაია;
• დირექტორთა საბჭოს წევრი, ფინანსური დირექტორი - სელიმ ბერენტი;
• დირექტორთა საბჭოს წევრი, რისკების დირექტორი -
ლევან ალადაშვილი;
• დირექტორთა საბჭოს წევრი, ინფორმაციული ტექნოლოგიების და საოპერაციო დირექტორი - გიორგი ჩანადირი.

პაშა ბანკი საქართველოს ახლად დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ შურღაიამ 1995 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსების და კრედიტის სპეციალობით. ის ასევე ეკონომიკის მაგისტრია და ლონდონის ბიზნეს სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული.

ნიკოლოზმა კარიერა 1994 წელს საქართველოს ექსიმბანკში (შემდგომ გაერთიანებული ქართული ბანკი) დაიწყო, სადაც 2002 წლამდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2004 წელს ის მოსკოვში, ABN AMRO BANK-ის ვიცე პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა. 2005-2008 წლებში კი ლონდონში, EBღD-ის საფინანსო ინსტიტუტების ჯგუფში ძირითადი ბანკირი იყო.

ნიკოლოზ შურღაია 2008-2009 წლებში თბილისში, VTB ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა; ხოლო 2009-2011 წლებში მას მინსკის Belarusky Narodny Bank-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციები ეკავა.
ნიკოლოზი 2012-2014 წლებში ბაქოში, Rabitabank-ის გამგეობის თავმჯდომარე იყო, ხოლო 2016-2020 წლებში - Yelo Bank-ის.

ნიკოლოზ შურღაია 2011 წლიდან დღემდე აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოსა და ყაზახეთში მომუშავე ფინანსური ინსტიტუტების (საქართველოს საფონდო ბირჟა, პაშა ბანკი საქართველო, Bank Moscow-Minsk, EvrotorgInvestBank, Caspian Financial Group) დამოუკიდებელი მრჩეველია.

"პაშა ბანკი ჩემთვის კარგად ნაცნობი და ახლობელი ორგანიზაციაა. 2015-2016 წლებში პაშა ბანკ საქართველოში სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი და მიხარია, რომ ახლა ასეთი შესაძლებლობა მომეცა. ერთი მხრივ, ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. მეორე მხრივ, ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო და საინტერესოა რთულ ეკონომიკურ პერიოდში სამშობლოში უცხოური ბანკის ხელმძღვანელობა. ამასთან, მუშაობის პირდაპირ ეფექტებთან ერთად საშუალება მეძლევა, სხვადასხვა მიმართულებით ვიყო სასარგებლო, მათ შორის, ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდა მენეჯერებს, რომლებიც მრავლად არიან ბანკში, განვითარებაში ხელი შევუწყო,"- განაცხადა პაშა ბანკის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ შურღაიამ.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. პაშა ბანკის ქვე ბრენდია რე|ბანკი, რომლის მიზანია, გაამარტივოს და ახლებურად წარმოადგინოს საბანკო მომსახურება საცალო სექტორში.

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?