ქუდზე კაცი - კვირის პალიტრა

ქუდზე კაცი

ვდგავართ უფსკრულის პირას და ვიდრე ახალი პოლიტიკური ძალა გამოვა არენაზე, ყველამ ერთნაირად, ვინც კი თვლის თავს საქართველოს მოქალაქედ, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა: ქართველი იქნება ის, რუსი, ებრაელი, ქურთი, სომეხი თუ აზერბაიჯანელი, დაივიწყოს ფრაზა:"არ ვერევი პოლიტიკაში" და ვისაც როგორ შეუძლია ისე დაიცვას ამ ქვეყნის ინტერესები. ჩვენი ქვეყანა იყო სოციალისტური ქვეყანა და ამიტომ წინა პლანზე ყოველთვის იდგა საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობის საკითხი და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება: ზრუნვა ჯანმრთელობის სისტემის ხარისხზე, განათლების სისტემის სრულყოფაზე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის აღმავლობაზე და, რაც მთავარია, დაცული იყო ყოველთვის ჩვენი სულიერი ფასეულობები და ქვეყნის უსაფრთხოება სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების დივერსიული იდეოლოგიური შემოტევებისაგან.

დღეს კი, სამწუხაროდ, სოროსის ფონდებიდან დაფინანსებული სხვადასხვა ორგანიზაციები გვიბიძგებენ ჰიბრიდული ომებისკენ, სისტემატურად სპეკულირებენ "ლიბერალიზმის" და "დემოკრატიის" არაადეკვატური, ჰიპერტროფული გაგებით და ეწევიან ამ გზით სეპარატიზმის პროპაგანდას. ასე დამკვიდრდა ჩვენში ისეთი სახიფათო მოწოდებები, როგორიცაა: მშობელი არ უნდა ერეოდეს შვილის აღზრდაში, მასწავლებელმა არ უნდა მისცეს შენიშვნა მოსწავლეს, უნდა გადაისინჯოს აუცილებლად ოჯახის ცნება და შეიცვალოს მისი შინაარსი და მრავალი სხვა. გაუთავებელმა წაქეზებებმა აღვირახსნილი თავისუფლებისკენ გააუფასურა ჩვენი კულტურა, ტრადიციები, მორალი, კანონი და საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი საუკუნოვანი რელიგია. ამ ფონზე ყველამ უნდა ვიბრძოლოთ უკვე იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ისტორიული ღირსება, ცხოვრების ფორმა, კულტურა და ზნე-ჩვეულებები.

ჩინეთის სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ მას გააჩნია ერთიანი, მყარი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ადეკვატურად ასახავს მის რეალობას და ყველგან,ყოველთვის და ყველაფერში იცავს ქვეყნის ინტერესებს. სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა არ არის ის, რასაც შეიძლება დაეყრდნოს ნორმალური სახელმწიფო; ჩვენ ჩვენივე ხელით ჩავუგდეთ ხელში ძალაუფლება ქურდებს და ბანდიტებს, რომლებმაც გადაჭამეს ქვეყნის ბიუჯეტი, გათელეს და დაივიწყეს ჩვენი სულიერი ფასეულობები, გაამეფეს ქვეყანაში კორუფცია, ნეპოტიზმი, არნახულად აღზევდა ბიუროკრატია და პოლიტიკა იქცა ბიზნესად. სახელმწიფოს არ გააჩნია არავითარი იდეოლოგია, მინისტრები არ იცნობენ და ვერ მართავენ თავიანთ სფეროებს ანუ არ არიან პროფესიონალები, ამოძრავებთ მხოლოდ პირადი ინტერესები და საკუთარი მიზნების შესრულება. მოვიდა დრო, როდესაც ყველამ ერთად უნდა ვაგოთ პასუხი ჩვენს არჩევანზე და დავფიქრდეთ იმაზე, რომ მომავალში მაინც აღარ გავიმეოროთ იგივე.

აშკარაა, რომ 21-ე საუკუნის პოლიტიკურ რყევებს გაუძლებენ მხოლოდ მყარი და ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურები; გაიზარდა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ფაქტორის და საერთაშორისო პოლიტიკის როლი ჩვენს ცხოვრებაში და ამ ფონზე კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა რაციონალური, ეროვნული პოლიტიკის არსი, ღირებულება და მნიშვნელობა. დრო ითხოვს ჩვენგან როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების ეროვნული ინტერესების ასპექტში ანალიზს, რასაც აუცილებლად სჭირდება მაღალ პროფესიულ დონეზე მომზადებული კადრები ყველა დარგში და ყველა სფეროში. პოლიტიკა, როგორც მოქმედების კულტურა, არის ინტეგრირებული თეორიული აზროვნების ის ურთულესი ფორმა, რომელმაც ზუსტად უნდა განსაზღვროს სახალხო მეურნეობის მთელ არეზე მომგებიანი გადაწყვეტილებების მიღების ყველა ვექტორი; ცხადია, ამგვარ პრობლემას თავს ვერ გაართმევენ ქუჩიდან მთავრობაში შემთხვევით მოსული პოლიტიკოსები, ასეთ კადრებს სპეციალური აღზრდა და მომზადება სჭირდება.

კადრები, კადრები და ისევ კადრები, პროფესიონალიზმი და აკადემიურობა, აი რისი საშინელი შიმშილი დაგვიტოვა ჩვენ სოროსის მიერ მზაკვრულად ჩატარებულმა განათლების სისტემის რეფორმებმა; მაგრამ საბედნიეროდ ქართული გენი არ იკარგება და გამოჩნდნენ უკვე ახალგაზრდები, რომლებიც გრძნობენ და ხედავენ არსებულ პრობლემებს და თავისით, საკუთარი ძალებით ეძებენ მათი გადაჭრის გზებსაც. ამ ახალგაზრდებს გვერდში დგომა და გამხნევება სჭირდებათ! არ უნდა დაიკარგოს კავშირი თაობებს შორის; ეს ძალზედ რთული და სერიოზული პრობლემაა, რაზეც, სამწუხაროდ, არავინ ფიქრობს დღეს განათლების სისტემაში. ვერც განათლების სამინისტრო, ვერც უნივერსიტეტი და ვერც აკადემია ვერ ხედავენ ამ პრობლემას. სასწავლო პროცესი მთლიანად დამახინჯებულია უაზრო, არაფრის მომცემი ბიუროკრატიული კლოუნადით, რისი როლი და მნიშვნელობა თავად ავტორებმაც არ იციან. ყოველივე ეს ბლოკავს და ხელს უშლის ნორმალურ პედაგოგს, არ აძლევს მას შემოქმედებითი მუშაობის საშუალებას. არასწორად არის გააზრებული და ფაქტიურად ყურადღების გარეშეა დარჩენილი (მართალია, ერთი შეხედვით ამაზე ბევრს ლაპარაკობენ) ჩვენი ეპოქისათვის ისეთი ფუნდამენტური და ძალზედ მნიშვნელოვანი ფენომენი, როგორიცაა ინტეგრირებული აზროვნება, რომლის სწორ და სიღრმისეულ გაგებასთანაცაა დაკავშირებული თანამედროვე მსოფლმხედველობრივი პარადიგმის არსის სრულფასოვანი გააზრება ყველა დარგში და სფეროში.

დრო ითხოვს საზოგადოების ფართო, აქტიურ ჩართულობას სოციალურ პროცესებში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ დემოკრატია არ ნიშნავს უაზრო და უპასუხისმგებლო ლაყბობას ყველაფერზე და არაფერზე ანუ ეს არ არის ლაპარაკი ლაპარაკისათვის; დემოკრატია არის აზრიანი პროფესიული ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ყოველთვის მხოლოდ იმ დონით და ასპექტით, რაც იცი და რაზეც წლების მანძილზე გიმუშავია. პრობლემები ყველა სფეროში უხვად გვაქვს, ბარბაროსულ შეტევებს გადარჩენილ პროფესიონალებს კი უმძიმეს პირობებში უხდებათ მუშაობა. ეს ხალხი გადასარჩენია და გასაფრთხილებელი, თუ გვინდა ღირსეული მომავალი ავაშენოთ. სხვათაშორის, ამ ცოტა ხნის წინ ქვიშხეთიდან ერთმა ნაცნობმა გლეხმა დამირეკა: რას შვრებით მანდ თბილისში, სულ გადახვედით ჭკუიდან ყველა, ვერ ხედავთ, რომ იღუპება სოფელიო? მე ამ სფეროში ვერ გავბედავ მასთან საუბარს, არა ვარ კომპეტენტური და ვერ დავეხმარები პრობლემების გადაჭრაში, მაგრამ თუ ვინმე ხართ პროფესიონალი, დაინტერესდით სოფლის ბედით, შემეხმიანეთ და დაგაკავშირებთ:ჭკვიანი, აზრიანი, საქმეში კარგად ჩახედული გლეხია, სწორედ ისეთი, ილია რომ წერდა: ქართველი გლეხი რომ გაქრება, მაშინ მოკვდება საქართველოო! უ შ ვ ე ლ ე თ!!!

საერთოდ, საშინაო პოლიტიკისადმი გულგრილი დამოკიდებულება და მთელი ყურადღების გადატანა საგარეო პოლიტიკაზე დაიწყო გორბაჩოვის "რომანტიზმით". სტალინი, პირიქით, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ყოველთვის სოციალურ პრობლემებს. სწორედ გორბაჩოვის შემდეგ შეწყდა ჩვენში საკუთარი შესაძლებლობების და პერსპექტივების კვლევა, ანალიზი და დავიწყეთ ცხოვრება დასავლეთის რეცეპტების მიხედვით, როდესაც ყურადღებიდან გამოგვრჩა მთლიანად ის ფაქტი, რომ ყველა ქვეყანა გვარიგებს ჭკუას თავისი ინტერესების შესაბამისად და ყოველთვის იმ მიზნით, რომ მიიღოს აქედან რაიმე სარგებელი.

ველურმა კაპიტალიზმმა დაანგრია სახელმწიფო სტრუქტურები, ეკონომიკა, ყველა დარგი, მორალი და ადამიანის პიროვნება; სხვა გზა არ არის, ყველამ ერთად უნდა ვეძებოთ გადარჩენის გზები! ყველაზე მძიმე დღეშია უფროსი თაობა. კანონის და წესრიგის დაცვის ნაცვლად სამართალდამცავმა ორგანოებმა ფაშისტური მეთოდებით შეუტია საზოგადოებას. თავიანთ დაუსჯელობაში დარწმუნებული პოლიცია და სასამართლო შეიკრა ერთად და გააგიჟა, ჭკუიდან გადაიყვანა პატიოსანი ადამიანი. უსამართლო ქმედებებს საზოგადოებაში (რასაც ძალიან ბევრჯერ ფარავენ და ზოგჯერ ხელსაც კი უწყობენ სამართალდამცავი ორგანოები) მუდმივი შეურაცხყოფისა და ზოგჯერ თავიანთი სიცოცხლის ფასადაც კი ფარდას ხდიან და ააშკარავებენ აქტიური ჟურნალისტები, რომლებსაც ამის გამო სისტემატურად ებრძვიან და რომლებზეც მოურიდებლად ძალადობენ. როდემდის? ხშირად, როდესაც შუსტერის გადაცემებში ვუსმენ სააკაშვილს, ვნატრობ: ნეტავი ერთხელ მაინც მის კბილებში გაატარა ჩვენი გაუკუღმართებული სოციალური რეალობის საჭირბოროტო პრობლემები მეთქი; ის უკრაინის მაგალითზე (და ჩვენთანაც ზუსტად იგივეა) იძლევა შექმნილი ვითარების შესანიშნავ ანალიზს და ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ეფექტურ გზებსაც, მაგრამ იქ ზელენსკია გადაცემული ხატზე და არ აკეთებს რატომღაც არაფერს, აქ კი ჩვენი მთავრობა ფიქრობს მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაიჭიროს სააკაშვილი, ნამდვილად დასაჭერი ხალხი კი ამ დროს თავისუფლად დაგრიალებს ყველგან და ანადგურებს სახელმწიფო ბიუჯეტს.

მე პირადად, მართალი გითხრათ, ძალიან მომწონს მიშას ბრძოლა სასამართლოს, კორუფციის და ბიუროკრატიის წინააღმდეგ, ერთი მეეჭვება მხოლოდ: ის რატომღაც დამტკიცებულად მიიჩნევს იმას, რომ ჩვენი და უკრაინის ყველა უბედურების მიზეზი რუსეთია და დარწმუნებულია იმაში, რომ ბაიდენი, ძლივს რომ დგას ფეხზე, გადაგვარჩენს ყველას თურმე. რაღაც არ მჯერა მე ამისი და მიმაჩნია, რომ ჩვენი და უკრაინის საქმეშიც ბევრი რამ არის ჯერ კიდევ ძალზედ ბუნდოვანი და გაურკვეველი. მართალია, მოვლენები ყოველთვის იმგვარად ლაგდება, რომ ცალსახად რუსეთი გამოდის ყოველთვის და ყველაფერში დამნაშავე, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება იმასაც, თუ როგორ დაიხია უკან და რა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჰოლანდია ბოინგის საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ნაჩქარევად გამოაცხადა:რუსებმა ჩამოაგდეს ბოინგიო?! რუსეთი პრინციპულად არ ერთვება მათთან დიალოგში და წყნარად ელოდება ოფიციალურ დასკვნას ჰოლანდიის გამოძიებისგან. ჰოლანდია კი უკვე რამდენი ხანია დუმს ამ საკითხზე და ვერ აქვეყნებს თავისი გამოძიების შედეგებს, რატომ? არ გაინტერესებთ?

როდესაც რუსეთის ლანძღვაში როლში შეჭრილ სააკაშვილს და ზელენსკის დაუდგნენ გვერდში სხვა უკრაინელებიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ უკრაინას დიდი სამხედრო პოტენციალი აქვს და თუ ბაიდენიც დაგვეხმარება, თავისუფლად შევძლებთ რუსეთისგან თავის დაცვასო, მაშინ უკრაინის ცნობილმა პოლიტიკოსმა, სახელმწიფო მოღვაწემ და სამხედრო საქმის უმაღლეს დონეზე მცოდნემ იგორ სმეშკომ მოუწოდა თავის ხალხს მეტი სიფრთხილისკენ და უთხრა: გაითვალისწინეთ, რუსეთს ისეთი ტექნიკა აქვს, საზღვრის გადმოკვეთაც კი არ დასჭირდება, ისე აიღებს უკრაინასო, ჩვენი რაკეტები კი 40 კმ-ზე ძლივს მიდიან. იქნებ კარგი იყოს, რომ ჩვენც არ დავრჩენილიყავით მთლად ბაიდენის იმედზე და მეტი სიფრთხილით მივდგომოდით რუსეთის პრობლემას? ანუ არ ჩავებათ დაუკვირვებლად იმ გაშმაგებულ ანტირუსულ პროპაგანდაში, რომელიც არ ცნობს დიპლომატიურ ენას და პრინციპულად არ მიდის არავითარ დიალოგზე.

ყველა ხედავს უკვე, რომ რუსეთმა სულ უფრო და უფრო აქტიურად დაიწყო თავისი ინტერესების გატარება, ბელორუსიაშიც განალაგა ბაზები და გამუდმებით ზრდის თავის ავტორიტეტს მსოფლიოში. მოლოდინი იმისა, რომ დასავლეთი ჩვენი ან უკრაინის გულისთვის დაუპირისპირდება რუსეთს, დაგვეხმარება და გაგვიკეთებს რაიმეს, ძალიან მცირეა, რადგან ის თავად კარგავს დღითი-დღე ლიდერობას და ნაკლებად საალბათოა იბრძოლოს ჩვენი ინტერესებისათვის. ხომ ხედავთ, ბაიდენმაც, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ პუტინს მკვლელს უწოდებდა, მას შემდეგ, რაც დაინახა რუსეთის პოზიციების ზრდა, შეიცვალა პოზივია და ითხოვს ახლა პუტინთან შეხვედრას ნეიტრალურ ქვეყანაში; მას არ სცალია ნამდვილად არც ჩვენთვის და არც უკრაინისთვის. ზელენსკი კი დარჩა ამ დროს პირდაღებული თავის პოზიციაში და ყვირის ახლა: მე უფრო ადრე ვითხოვე პუტინთან შეხვედრაო! იქნებ ჩვენც მიგვებაძა ბაიდენისთვის და დაგვეწყო დიპლომატიური მოლაპარაკებები რუსეთთან, ჰა? ზელენსკის აშკარად ეტყობა სახეზე, რომ ვერ უნდა იყოს მთლად კარგ დღეში! ღმერთმა ქნას, იპოვოს მან გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. ისე საოცარია მაინც, რატომ გახდა ეს კაცი პრეზიდენტის როლში ესოდენ არაადეკვატური? სააკაშვილი ამტკიცებს, თქვენ კიდევ ნახავთ, რაც არის ზელენსკიო! ნეტამც! ძალიან გაგვიხარდება, რადგან მოგვწონდა როგორც მსახიობი, ვაფასებდით და გვიყვარდა. მაგრამ ძალიან საეჭვოა ამერიკა დაეხმაროს მას რუსეთთან ბრძოლაში.თუმც ვფიქრობ იმასაც,რომ სააკაშვილისგან და ზელენსკისგანაც ბევრ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ! ერთი რამის კი მჯერა ნამდვილად: არც ზელენსკი უღალატებს უკრაინას და არც სააკაშვილისთვის არ არის ნამდვილად სულერთი საქართველო. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს ყველაფერს.... ამ დროს ისევ იბომბება დონბასი, ისევ გამოჩნდნენ უცნობი უპილოტოები და ისევ აგორდა დიდი ტალღა რუსეთის წინააღმდეგ. ეს უპილოტოები, რომლებიც ღმერთმა არ იცის ვისია, დათარეშობდნენ თავის დროზე ჩვენს ტერიტორიებზეც და საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს მოსახლეობასაც; მახსოვს დავით თევზაძემ (თავდაცვის მინისტრი) თქვა მაშინ:"რა ვქნა, რა ვუყო, როგატკით ჩამოვაგდოო?" მდგომარეობა დღესაც ანალოგიურად რთულია, ბუნდოვანი და გაურკვეველი.

დასავლეთი საოცრად გულგრილია სხვა ქვეყნებში მიმდინარე სამხედრო გადატრიალებების და პოლიტიკური მკვლელობების მიმართ; მათ არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ არც ამ ბოლო შემთხვევაზე, როდესაც გაირკვა, რომ ბელორუსიაში მზადდებოდა თურმე სამხედრო გადატრიალება და ჩაფიქრებული იყო ლუკაშენკოს განადგურება მთელი თავისი ოჯახით. იგივე მოხდა თავის დროზე უკრაინაში და იანუკოვიჩი ძლივს გადაურჩა მაშინ სიკვდილს. კიდევ უფრო ადრე იყო იუგოსლავია, რუმინეთი, ერაყი, ლიბია და საზარელი მკვლელობები: ჩაუშესკუ, ჰუსეინი, კადაფი...დროა ადეკვატურად აღვიქვათ რეალობა და შევიმუშავოთ რაციონალური ეროვნული კურსი საგარეო პოლიტიკაში. ისე საინტერესოა მაინც, რატომ არ ვიყენებთ მოსკოვთან ურთიერთობის გასარკვევად ჩვენს ბრწყინვალე დიასპორას, რომელსაც უდიდეს პატივს სცემენ და უყვართ რუსეთში; ილია ვეკუას ხსენებაზე დღესაც ფეხზე დგება ნოვოსიბირსკი; ან რატომ არ ვიყენებთ თუნდაც ისეთი მაღალი რანგის სპეციალისტებს, როგორებიცაა იური კობალაძე, იგორ გიორგაძე? რატომ? დავიჯერო მათ ბაიდენზე ნაკლებად უყვართ საქართველო და ქართველი ხალხი? ან არ ენატრებათ ლობიო, ხინკალი, ელარჯი და ხაჭაპური?

აქვე ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა პოზნერის ვიზიტის შესახებაც: ის, რომ პოზნერს შეეშალა, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ისიც ფაქტია,რომ პოზნერი უმაღლესი რანგის ჟურნალისტია და საქართველოსადმი სიძულვილის გამო არ დაუშვია ეს შეცდომა; ამბობენ "არ ცოდნა არ ცოდვააო" და ეს დაემართა სწორედ პოზნერს. სხვათაშორის, თავის დროზე აფხაზეთთან დაკავშირებით იგივე შეეშალა სახაროვსაც, მაგრამ შემდეგ, როდესაც წყნარად აუხსნეს ყველაფერი, უკან დაიხია და ბოდიში მოიხადა. საოცარია მაინც, რატომ უშვებენ ამგვარ შეცდომებს ამ რანგის მოაზროვნეები, რატომ არ უნდა იცოდნენ მათ ის, რომ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა და არა მხოლოდ ხინკალი, ხაჭაპური და ელარჯი. პოზნერმა მალევე იგრძნო თავისი შეცდომა და აგერ უკვე რამდენი ხანია სხვადასხვა არხებზე თავის გამოსვლებში დამნაშავის ტონით საუბრობს საქართველოზე და ბოლოს ხშირად უმატებს ხოლმე:"მე მაინც ჩავალ საქართველოში!" ჩამოვიდეს! ქართველები ჩვეული მასპინძლობით დახვდებიან და პატივს სცემენ.

მთელ ამ ამბავში, ჩემი აზრით, უფრო მეტად დამნაშავე იყო ჩვენი მთავრობა, რომელმაც დაუდევრად დაარღვია კომენდანტის საათი და დაატარებდა ამ ხალხს აღმა-დაღმა რესტორნებში; მაგრამ მათთვის ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია, მათთვის ხომ არ არსებობს აკრძალვები და კანონი, ეს ეხება მხოლოდ უბრალო ხალხს და უბრალო ადამიანებს. რაც შეეხება კვერცხებს, მე პირადად დიდი სიამოვნებით ვესროდი მათ ნიკა ცისკარიძეს, რომელიც, თუ მართლა ქართველია(იმიტომ რომ სხვადასხვა საჯარო გამოსვლებში იგი სულ ახალ და ახალ ვერსიებს ყვება თავისი ბიოგრაფიის შესახებ), კარგად უნდა იცოდეს საქართველოში არსებული მდგომარეობა და არ უნდა დაუშვას ამგვარი შეცდომები. მან კი ამ ვიზიტის შემდეგ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ხმამაღლა განაცხადა: "მე, როგორც რუსი არტისტი, არ ვმალავ ჩემს ქართველობას და არ მრცხვენია ქართველობისო". ერთხელ კიდევ ბრძანა,რომ მან, როგორც საბალეტო ხელოვნების ვარსკვლავმა, შემოიტანა თურმე ეს ხელოვნება საქართველოში, აზერბაიჯანში და შუა აზიაში. მოსკოველებს კი მან განუცხადა: "მე ცოცხლად მოარული დიდი თეატრი ვარო"! (თუმც ყოველ თავის გამოსვლაში მიწასთან ასწორებს ამ თეატრს) ჩვენი საქმე ნამდვილად არ არის აღიქვამენ თუ არა ნიკა ცისკარიძეს ცოცხლად მოსიარულე დიდ თეატრად მოსკოველები, მათ რაც უნდა ის ქნან. მაგრამ ჩვენ, ვახტანგ ჭაბუკიანის ქვეყანაში, ნამდვილად ვერ მივიჩნევთ ცისკარიძეს ქართული ბალეტის ფუძემდებლად. ისე საინტერესოა მაინც, თუ რატომ და ვის მიერ დაიწყო ასე ინტენსიურად ჭაბუკიანის ესოდენ მიზანმიმართული იგნორირება? ბევრი ჰყავდა ან ყავს მსოფლიოს ასეთი ხელოვანი? ამბობენ, რომ თავის დროზე ჯორჯ ბალანჩინმა, რომელიც წერდა, რომ ჭაბუკიანის მსგავსი არტისტი დედამიწაზე 100 წელიწადში ერთხელ იბადებაო, ჭაბუკიანს უთხრა: მე რომ შენი მეასედი ვიყო, მთელი მსოფლიო იქნებოდაა ჩემ ფეხქვეშ გართხმულიო; ხოლო როცა ჭაბუკიანი ამერიკაში გასტროლებზე მიდიოდა, სტალინმა დაიბარა ბერია და განუცხადა: იცოდე, ეგ რომ იქ დარჩეს, შენ უკან ვეღარ დაბრუნდებიო. ვახტანგ ჭაბუკიანი არსად არ დარჩებოდა, ის თავიდან ფეხის ფრჩხილებამდე ქართველი იყო და ჩვენი დიდი სირცხვილია, რომ დღემდე არ დაიდგა მისი ძეგლი თბილისში; ისიც, რომ არ ეძლევა ახალგაზრდობას მისი სახლ-მუზეუმის ბაზაზე მისი ბრწყინვალე, სასწაულებრივი შემოქმედების ამსახველი ფირების ნახვა შესაბამისი პროფესიული ახსნით და კომენტარებით.

რაც შეეხება ნიკა ცისკარიძეს, ის ნამდვილად ნუ დაგვამადლის თავს ქართველებს, ნუ გაუტოლდება და ნუ შეედრება ჭაბუკიანს, რადგან მათ, ვისაც ახსოვთ და უნახავთ ეს დიდი ხელოვანი სცენაზე, ამგვარი რამ ძალიან გააღიზიანებთ და შეურაცხყოფთ! ჭაბუკიანი ეს არის სასწაული საბალეტო ხელოვნებაში და საქართველომ შესაფერისად უნდა შეინახოს და დააფასოს მისი სახელი. ეტყობა საჭიროა და აუცილებელი ამ დიდი ხელოვნის მსოფლიო მასშტაბით ეფექტური პროპაგანდა, რათა, ჩვენი ხალხური სიმღერების მსგავსად, გაიცნოს ის ყველამ და ერთხელ კიდევ იგრძნოს ქართული ცეკვის ინტელექტუალური შესაძლებლობები და ძალა. თორემ ხედავთ რა ხდება? ზოგი აფხაზეთს გვართმევს. ზოგი ცხინვალს, ზოგი სვეტიცხოველს, აგერ ახლა ჭაბუკიანიც არ ყოლია თურმე საქართველოს... ამასთან დაკავშირებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შესანიშნავ რუს ჟურნალისტს მაქსიმ შევჩენკოს, რომელიც კბილებით გვიცავს ქართველებს ანალოგიური შემოტევებისგან. ბ-ნ ნიკას კი ვთხოვდი: თუ ის ნამდვილად ქართველია, როგორც თავად ამბობს, მაშინ ცოტა უფრო ფრთხილად მოიხსენიოს ყოველთვის ქართული დროშა; ეს დროშა უბრალო ნაჭერი არ არის, როგორც ის ბრძანებს, ეს დროშა საქართველოსთვის თავდადებული გმირების სისხლითაა გაჟღენთილი და ჩვენი ხალხის მთავარი სიმბოლოა!!!

და ბოლოს: აშკარაა, რომ მუდმივი იდეოლოგიური დივერსიების და ინფორმაციული შემოტევების პირობებში დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ეროვნული, რაციონალური საშინაო და საგარეო პოლიტიკა ძლიერი ეკონომიკით, ძლიერი სოფლის მეურნეობით, ჯანმრთელობის ხარისხიანი სისტემით და, რაც მთავარია, ძლიერი მეცნიერებით, განათლებით და კულტურით. ამ ყველაფრისათვის კი საჭიროა და აუცილებელი წარსულის ღირსეული დაფასება, წინაპართა მხრებზე ღირსეული დგომა და, რაც მთავარია, ყველა ახალგაზრდისთვის სახელმწიფო დაფინანსების ბაზაზე არსებული და განვითარებადი სოციალური ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლების სისტემა. გვახსოვდეს, ის ქვეყანაა ძლიერი, ვისაც ძლიერი ახალგაზრდობა ყავს და პირიქით!!!!

გილდა სიხარულიძე

იხილეთ მეტი

(R)