უკვე დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად პროექტის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მე-7 ტომი
უკვე დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად პროექტის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მე-7 ტომი
გრძელდება ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მრავალტომეულის გამოცემა. უკვე დღეიდან შეგიძლიათ შეიძინოთ გამოცემის მე-7 ტომი, რომელშიც სომხეთში, სირიასა და ეთიოპიაში არსებული ქართული მემკვიდრეობისა და გამოჩენილი ქართველების შესახებ წაიკითხავთ. წიგნის სპეციალური ფასია 13.50, გაზეთთან ერთად - 15.00 ლარი.

პროექტის ავტორი, გიორგი კალანდია, აღნიშნავს, რომ მე-7 ტომი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტომია, რადგან მოგვითხრობს ქართველთა განსაკუთრებული ღვაწლის შესახებ უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყნების ისტორიაში. ტრადიციულად, ამ ტომშიც ამოიკითხავთ ინფორმაციას, რომელიც
პირველად ქვეყნდება. ამასთანავე, ნახავთ ქართული კულტურისა და არქიტექტურის ძეგლებს, რომლებიც ამჟამად ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის მოქცეული. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ძეგლია ახტალის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

გიორგი კალანდიას შეფასებით, ახტალის ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ლამაზი ქართული ტაძარია დღევანდელ სომხეთში. იგი მდინარე დებედის
ხეობაში, სპილენძის საბადოს აუზთან, მაღალსა და ფართოდ გაშლილ კლდოვან მასივზე დგას. ძეგლი მდებარეობს ლორეს პროვინციაში, თბილისიდან სამხრეთით, 87 კმ-ში, ხოლო ერევნიდან ‒ 185 კმ-ში, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს (1921 წლამდე ეს ტერიტორია საქართველოს ეკუთვნოდა). ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში ამჟამად წირვა-ლოცვას სომხური სამოციქულო ეკლესია აღავლენს. ახტალის ციხესიმაგრე (რომლის ტერიტორიაზეც ეკლესია მდებარეობს) მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს სამხრეთ საზღვრის დაცვაში და დღემდე ერთ-ერთი კარგად შემონახული საფორტიფიკაციო ნაგებობაა სომხეთის ტერიტორიაზე.

როგორც გამოცემის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მე-7 ტომში ვკითხულობთ, ახტალის საეპისკოპოსო კათედრის დაფუძნება მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. მოგვიანებით, IX-X საუკუნეებში, ეს კუთხე ქართლის მმართველებიდან სომეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა, თუმცა მისი დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. იქიდან მოყოლებული, ქვემო ქართლის ეს რეგიონი, სახელდობრ, ლორე, 1920-იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამკვიდრებისა და სამონასტრო აღმშენებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა.

დღევანდელი სამონასტრო კომპლექსი XIII საუკუნის დასაწყისში ათაბაგ ივანე მხარგრძელის ბრძანებით ააგეს. ვარაუდობენ, რომ ივანე და ავაგ მხარგრძელები სწორედ აქ, დასავლეთის ფასადზე მიშენებულ ღია გალერეას ბოლოში მდებარე ეკვდერში არიან დაკრძალულნი.

XIII-XIV საუკუნეებში ახტალა მცხეთის საპატრიარქოს ქვემდებარე "დიდი სომხითის მიტროეპოლიტის" კათედრა იყო. ამ ლამაზი ტაძრის შემდგომი ბედი საკმაოდ ტრაგიკული აღმოჩნდა ‒ სამიტროპოლიტო საყდარი XVIII საუკუნის ბოლოს ერთი ხუცის ამარაღა დარჩა, რადგან ახტალა ლეკთა თარეშის გამო მთლიანად გაუკაცრიელდა.
საეპისკოპოსო კათედრა ახტალაში მეფე ერეკლე II-მ აღადგინდა და პირველ ეპისკოპოსად სოფრონი ბერძენი (ეპარქიას მართავდა 1777-1794 წლებში) დასვა. საქართველოში სამეფო ხელისუფლების გაუქმებისა და რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგ, 1802 წლიდან, ახტალა კავკასიაში არსებული ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიების ცენტრი გახდა, რადგან იქ დასმული ბერძენი მღვდელმთავარი, ახტალის ეპისკოპოსი იოაკიმე, საქართველოში არსებული ბერძნული საპატრიარქოების მეტოქიონებს მართავდა.

ფრაგმენტი გამოცემის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მე-7 ტომიდან

მონასტერი XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში თავად მელიქიშვილების განსასვენებელი იყო. აქ იკრძალებოდნენ სხვა ქართული წარჩინებული გვარების წარმომადგენლებიც. 1900-იან წლებში მონასტერში ორი რუსი მონაზონი გამოჩნდა ‒ დედები ანა და მარია ‒ რომლებიც მიწისქვეშა სენაკებში ცხოვრობდნენ. 1972 წელს 100 წელს მიტანებული ანა ჩკალოვა გარდაიცვალა და მასთან ერთად ახტალაში სამონასტრო ცხოვრება შეწყდა.
საბჭოთა პერიოდში, ფრესკების რესტავრაციის მიზეზით, ტაძარი გამოკეტეს. მიუხედავად ამისა, ახტალა ხალხმა ვერ დაივიწყა. ტაძრის ეზოში ყოველ წელს მაინც იმართებოდა სახალხო ზეიმი, თუმცა ეს ტრადიცია თანდათან მოიშალა და დღეს იგი მხოლოდ სოფლის უხუცესებსღა ახსოვთ. ასეთია სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრის ისტორია. ამ და სხვა საინტერესო ცნობებს ქართული მემკვიდრეობისა და გამორჩეული ქართველების შესახებ გამოცემის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მე-7 ტომში წაიკითხავთ.

შეგახსენებთ, რომ "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" ხელოვნების სასახლის დირექტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და გამომცემლობა "პალიტრა L-ის" პროექტია, რომელიც 12 ტომს აერთიანებს. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოიცემა და ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორია-ში.
ამ ნიშვნელოვანი გამოცემისათვის გიორგი კალანდია მასალას მსოფლიოს მასშტაბით 10 წლის განმავლობაში აგროვებდა. წიგნში საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები და მოღვაწე ქართველების შესახებ მოცემული ინფორმაცია გამდიდრებულია უიშვიათესი რეპროდუქციებითა და ფოტოებით.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ პრესის გავრცელების ჯიხურებსა და "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები