ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორი გელა ბაბლუანი შეხვდა - კვირის პალიტრა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორი გელა ბაბლუანი შეხვდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კინორეჟისორმა გელა ბაბლუანმა მის მიერ, საქართველოში დაფუძნებული ფრანგული კინოსკოლის შესახებ პრეზენტაცია გამართა. საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანი KIU-ს სტუდენტებს შეხვდა და მათ საკუთარ ნამუშევრებზე უამბო. ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ რეჟისორის შემოქმედებას ახლოდან გაცნობოდნენ. შეხვედრას სტუდენტებთან ერთად, უნივერსიტეტის კანცლერი მაგდა მაღრაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და KIU-ს თანამშრომლები დაესწრნენ.

"დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საფრანგეთში მოღვაწე ქართველ კინორეჟისორს გელა ბაბლუანს უმასპინძლა. სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება ახლოდან გაცნობოდნენ რეჟისორის შემოქმედებას. ბატონმა გელამ ისაუბრა თავისი პროექტების შესახებ. მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მოიცავს რამდენიმე ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც მოხდა საინტერესო ახალი პროექტის - ფრანგული კინოსკოლის გახსნის დაანონსება. ახალი კინოსკოლა გელა ბაბლუანის ინიციატივით გაიხსნება. ჩვენი უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობა, KIU გახდა ეგრეთ წოდებული ჰაბი იმერეთის რეგიონში და ზოგადად, საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და პროექტების როგორც განათლებისა და მეცნიერების, ისე კულტურის დარგში." - განაცხადა უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

2021 წლის 8-12 მაისს, ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ტარდება. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ესტუმრა რეჟისორი გელა ბაბლუანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს.

"დღეს ვესტუმრე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და შევხვდი ნიჭიერ ახალგაზრდებს. მიხარია, რომ მომეცა სტუდენტებთან ურთიერთობის საშუალება. მათ გავაცანი ახალი კინოსკოლის შესახებ ინფორმაცია. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სკოლის გახსნას და მსგავსი ღონისძიებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქუთაისი წელს მასპინძლობს საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს და, სწორედ, ამ პროექტის შემადგენელი ნაწილი გახლდათ უნივერსიტეტში ჩვენი დღევანდელი ვიზიტი." - განაცხადა კინორეჟისორმა გელა ბაბლუანმა.

ფესტივალი 8 მაისს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლეო გაბრიაძის ფილმით "ჰარი ჰარალე დედაო" გაიხსნება. კონკურსი 2020 წლის ივლისში გამოცხადდა, ფესტივალმა 500-მდე ფილმი მიიღო მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნიდან. საკონკურსო ფილმებს შორის არის ფილმები საქართველოდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, თურქეთიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან, შვეიცარიიდან, ირანიდან, სინგაპურიდან, ესპანეთიდან, პაკისტანიდან, არგენტინიდან, ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, პოლონეთიდან.

ფესტივალის მთავარ კონკურსში (10 დან 30 წთ-მდე) 15, ხოლო მეორე კონკურსში (1 დან 5 წუთამდე ფილმები) 26 ფილმი მონაწილეობს. გამარჯვებულები 12 მაისს გამოვლინდებიან.

(R)