საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს რაგბის კავშირმა, საუნივერსიტეტო რაგბის ტრადიციების აღორძინების მიზნით, მემორანდუმი გააფორმეს - კვირის პალიტრა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს რაგბის კავშირმა, საუნივერსიტეტო რაგბის ტრადიციების აღორძინების მიზნით, მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც საუნივერსიტეტო რაგბის გუნდის აღორძინება-განვითარების მიზნით შემუშავდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის ძირითადი პრიორიტეტები, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რაგბის აღორძინება-განვითარების გარდა, სპორტის ამ სახეობით უნივერსიტეტის სტუდენტების დაინტერესება, სამოყვარულო თუ პროფესიულ დონეზე სარაგბო გუნდებში მათი ჩართვა, ასევე, საგანმანათლებლო პროცესში საქართველოს ეროვნული და სხვა ასაკობრივი ნაკრებებისა თუ კლუბების მორაგბეთა ხელშეწყობაა.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შედგა, ესწრებოდნენ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გივი ჭიჭინაძე, რაგბის კავშირის წარმომადგენლები, სტუ-ის კანცლერი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი და უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განაცხადებით, მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება უნივერსიტეტის უძველესი სარაგბო ტრადიციების აღორძინებასა და შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

"სპორტის ეს სახეობა ქართველებისთვის ეროვნული გენისა და სულის გამოხატულებაა - რაგბი ჩვენი თამაშია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის მემორანდუმის ხელმოწერა არის შესაძლებლობა, თანამედროვე მიდგომების გამოყენებით ავაღორძინოთ და განვამტკიცოთ ჩვენი უნივერსიტეტის უძველესი სარაგბო ტრადიციები, გავაღვივოთ ახალგაზრდებში პატრიოტიზმი და ხელი შევუწყოთ მათ ჩართვას სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში. დარწმუნებული ვარ, მემორანდუმის ამოქმედებით შეიქმნება ძლიერი მოტივაცია, გაცილებით მეტმა სტუდენტმა გამოხატოს რაგბით დაინტერესება, ჩაერთოს საფაკულტეტო გუნდებში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ძლიერი საუნივერსიტეტო კლუბის ფორმირებას, რომელიც სამომავლოდ, საქართველოს მასშტაბით, წარმატებით იასპარეზებს რაგბის სტუდენტურ ტურნირებში. მემორანდუმის ფარგლებში, სწორედ საქართველოს რაგბის კავშირი, მისი პრეზიდენტი, იღებს ვალდებულებას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აღმოუჩინოს მხარდაჭერა ძლიერი საუნივერსიტეტო გუნდის ჩამოსაყალიბებლად და თანამედროვე გამოცდილების გასაზიარებლად. დიდი სურვილი გვაქვს, სამომავლოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რაგბის გუნდმა საერთაშორისო საუნივერსიტეტო ტურნირებშიც მიიღოს მონაწილეობა და ახალი წარმატებები მოუტანოს ქართული რაგბის დიდ ოჯახს", - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

რექტორის განმარტებით, მემორანდუმის ფარგლებში, წარმატებულ ქართველ მორაგბეებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან ან მოიპოვებენ სტუ-ში სწავლის უფლებას, უნივერსიტეტი მოქნილ სასწავლო გრაფიკს შესთავაზებს, ხოლო მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სპორტსმენებს კი გარკვეულ შეღავათებს დაუწესებს, კერძოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები მათთვის სწავლის საფასურის დაფარვის საშეღავათო პირობებზე იმსჯელებენ.

როგორც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველია საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, რომელთანაც რაგბის კავშირმა ამ ტიპის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მისი თქმით, ორმხრივი ინიციატივა, სამომავლოდ, დადებითად აისახება საქართველოში რაგბის მასშტაბურ განვითარებაზე.

"დღევანდელი დღით ჩვენ ნელ-ნელა ვაბრუნებთ ისტორიას. წლების წინ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს რაგბის საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავდა. ეს მემორანდუმი ჩვენს კეთილ ურთიერთთანამშრომლობას ასახავს - პირველ რიგში, ვითვალისწინებთ ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესისა და რაგბის პოპულარიზაციას. რაგბის კავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, ძლიერი საუნივერსიტეტო გუნდის ფორმირებისთვის ქმედითი მხარდაჭერა აღმოუჩინოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და გაუზიაროს თავისი გამოცდილება. ვფიქრობთ, ეტაპობრივად, როგორც სამოყვარულო, ასევე, პროფესიონალურ დონეზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქტიურ სარაგბო სამყაროში დავაბრუნებთ", - განაცხადა იოსებ ტყემელაძემ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საუნივერსიტეტო რაგბისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ასევე დაგეგმილია ერთობლივი სტუდენტური ღონისძიებებისა და ტურნირების ორგანიზება, სტუდენტ მორაგბეთა სპორტული კვალიფიკაციის ამაღლება, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან შეთანხმებით, ახალგაზრდა მწვრთნელთა და მსაჯთა გადამზადება, ერთობლივი პროექტების, სამუშაო შეხვედრებისა და თემატური ტრენინგების მოწყობა.

(R)