როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნი - კვირის პალიტრა

როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნი

არაერთი მოზარდის მშობელი ჩივის, რომ შვილებს კითხვა ვერ შეაყვარეს, მოზარდები კი "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ამბობენ რომ, თუ "ნაწარმოებში თავიდანვე ინტრიგა ვერ დაინახეს, რამდენიმე წუთში ბეზრდებათ".

"ორივე შვილი ბორძიკით კითხულობს"

თათა, ორი მოზარდის მშობელი: "რა აღარ ვცადე, რომ წიგნით დამეინტერესებინა, ფილმებს ვაყურებინებდი და ვეუბნებოდი, რომ წიგნში ემოციებს უფრო მძაფრად აღიქვამ, ასე გგონია, ყველაფერი შენს თვალწინ ხდება-მეთქი... მე და ჩემმა მეუღლემ უამრავი წიგნი ვიყიდეთ, ილუსტრაციებით, წინასიტყვაობებით, რათა ინტერესი გაგვეღვიძებინა, ერთხელ გმირების დიალოგიც კი გავიმეორეთ, მაგრამ არაფერმა გაჭრა. 13 და 14 წლის არიან და ორივე ბორძიკით კითხულობს. კიდევ კარგი, ქართული შრიფტი დაემატა ტელეფონებს, თორემ ერთი სულაც "მესიჯების ენაზე" წერდა - შ-ს ნაცვლად სჰ-ს".

"დედას სხვა გასართობი არ ჰქონდა და ამიტომაც კითხულობდა წიგნებს"

ანა, 12 წლის: - დედა მეუბნება, რომ ჩემს ასაკში ნოდარ დუმბაძის რამდენიმე ნაწარმოები მაინც უნდა მქონდეს წაკითხული. მას რომ არ ენერვიულა, "ძაღლი" დავიწყე, მაგრამ სწრაფად მომბეზრდა, გონება გამირბოდა კომპიუტერულ ან სატელეფონო თამაშებზე, ან მუსიკაზე. ტყუილად დროს ვკარგავდი და ტირილი დავიწყე. მასაც შევეცოდე და შემეშვა. როდესაც დედა ჩემი ტოლი იყო ინტერნეტი არ არსებობდა, სხვა გასართობი არ ჰქონდათ და ალბათ, ამიტომაც შეეჩვია წიგნის კითხვას. რაც მაინტერებს, ინტერნეტში ვნახულობ, წიგნებში ქექვა რა საჭიროა.

დედა მეკითხება, შენს ასაკში რომ ასე ბორძიკით კითხულობ, არ დაგცინიანო? არა, რადგან ჩემს კლასში უმეტესობა ჩემსავით კითხულობს.

"როგორც კი კითხვას ვიწყებ, მაშინვე მეძინება"

დიკა, 13 წლის: - მამა მეკითხება, რაზე საუბრობთ ხოლმე მეგობრებიო. ყველაფერზე: კინოზე, მუსიკაზე, ტერორიზმზე, ომებზე... ყველაფერი, რაც წიგნებში წერია, ინტერნეტშიც არის. როგორც კი კითხვას ვიწყებ, მაშინვე მეძინება. ჩვენს კლასში ერთი ბიჭია, სულ კითხულობს და მერე შინაარსს გვიყვება. თითქმის ყველა წიგნის მიხედვით ფილმია გადაღებული და რომ ვნახავთ, ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ჩათში ვუზიარებთ.

"რაც მაინტერესებს ინტერნეტში ვნახულობ"

ლაშა, 14 წლის: - მშობლებს ანგარიში გავუწიე და "სამი მუშკეტერი" წავიკითხე, ისიც ბოლომდე არა. რაც მაინტერესებს ინტერნეტში ვნახულობ, ზოგი რამ ფილმებში მაქვს ნანახი და ბევრიც მოყოლით. ბებიამ გურული ხარ, ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" როგორ არ უნდა გქონდეს წაკითხულიო, ფილმი რამდენიმეჯერ ვნახე და დიალოგები თითქმის ზეპირად ვიცი, წაკითხვა რაღა საჭიროა?

წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსს" ახალი თაობის წიგნისკენ შემოსაბრუნებლად არაერთი საინტერესო პროექტი აქვს

თამარ ღაჭავა, "ბიბლუსის" პიარისა და მარკეტინგული პროექტების მენეჯერი: - მოზარდების წიგნებით დაინტერესება პრობლემური საკითხია, ამიტომაც "ბიბლუსი" სხვადასხვა ასაკის მკითხველისთვის მუდმივად ახორციელებს პროექტებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია "ნინის კითხვის საათი" - 3-4 წლისა და მეტი ასაკის ბავშვებს საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი ადამიანები უკითხავდნენ წიგნებს. ეს ასაკი იმიტომ შევარჩიეთ, რომ ბავშვს ამ დროს უჩნდება ინტერესი. ჯერ კვირაში ერთხელ ვმართავდით შეხვედრებს, შემდეგ, დიდი ინტერესიდან გამომდინარე, უკვე ორჯერ ვიკრიბებოდით. ბავშვები სხვადასხვა მწერლის ნაწარმოებებს ეცნობოდნენ, მერე იწყებოდა კითხვა-პასუხი, ბავშვები საყვარელ გმირებს ხატავდნენ... თავდაპირველად სატესტო რეჟიმში ვმუშაობდით, მაგრამ ისე გაამართლა, რომ შეხვედრები რეგულარული გავხადეთ. პანდემიის გამო ონლაინრეჟიმზე გადავედით, თუმცა დასწრება აქაც მაღალია. გადახვევის რეჟიმიც გვაქვს... რაც შეეხება მოზარდებს, მათთვის "პალიტრა L"-ს არაერთი საინტერესო წიგნი და პროექტი აქვს. ისინი განსაკუთრებული ინტერესით კითხულობენ ლიტერატურას, რომელსაც მშობლები კი არა, თანატოლები ურჩევდნენ. ასე რომ, სწორი მიდგომით ნამდვილად შეიძლება მოზარდები წიგნისკენ მოვაბრუნოთ და კითხვა შევაყვაროთ.