კონკურსის - "გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის" ფინალისტები ცნობილია - კვირის პალიტრა

კონკურსის - "გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის" ფინალისტები ცნობილია

უკვე ცნობილია კონკურსის "გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი" ფინალისტთა ვინაობა. მათ შორის არიან როგორც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი საბავშვო მწერლები, ასევე - ახალი სახეები, რომელთაც პირველი წარმატება საბავშვო მწერლობაში ახლა იგემეს. კონკურსის მიზანიც ხომ სწორედ ეს არის - ქართული საბავშვო მწერლობის პოპულარიზაცია, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობა. კომპეტენტურმა ჟიურიმ, 16 ავტორის 18 ნაწარმოები (პროზა, პოეზია და ინოვაციური პროექტი) შეარჩია. აქვე დავძენთ, რომ გამარჯვებულების გამოვლენამდე კონკურსის ჟიურის წევრების ვინაობა კონფიდენციალურია. აღსანიშნავია, რომ კონკურსს - "გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი"" გამომცემლობა ""პალიტრა L L"-ი პირველად ატარებს. კონკურსში 100-ზე მეტი ავტორი მონაწილეობდა. ჟიურის მიერ შერჩეულ ფინალისტებს 15 ივნისამდე ექნებათ შესაძლებლობა, იმუშაონ თავიანთი ნაწარმოებებისა და იდეების დახვეწაზე, 15 ივლისს კი რამდენიმე (მაქსიმუმ ექვსს) გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს, რომელთა ნამუშევრებიც გამოიცემა. კონკურსის ფინალისტები არიან: მარიამ ქოროღლიშვილი, "ქუნქუნას საოცარი მოგზაურობა" (4-6 წელი); ირმა მალაციძე, "სასარგებლო ზღაპრები", ზღაპრების კრებული (4-6 წელი); მარიამ წიკლაური, ლექსები (4-6 წელი); მაკა ლდოკონენი, "ნიტას გაზაფხულის წიგნი" ( 4-6 წელი); სოფიო კუბლაშვილი, "მარცვალას ოინები"; გიორგი ჭაუჭიძე, "უკბილო მაწუნა"; დიანა ჭანკოტაძე, ინოვაციური პროექტი; ნიკა მომცელიძე, "მოხეტიალე ფანტომები"; თუთა ჯგუში, ლექსები; ლელა ცუცქირიძე, "ფისო ფიო-ფიო და სხვები" (0-3 წელი); "ათს რომ ათი მივუმატოთ" (7-10 წელი); დავით ალთუნაშვილი, "უფარფლებო თევზი, სახელად რიტო"; ნინო ქორთუა, "ულვაშა მარსელი"; ვასო გულეური, "ამბები კატა კოტოსი"; "ანბანმატარებელი" (ინოვაციური); ნინო მანძულაშვილი, "სახლი ტყის პირას"; ნინო ქადაგიძე, ზღაპრები (7-10 წელი); თამრი ფხაკაძე, "ბებე - მაწანწალების უფლისწული".

"დიდი პატივია ეროვნული დონის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასვლა"

გიორგი ჭაუჭიზე: - სამმაგად სასიამოვნო საქმის კეთება ალბათ, იშვიათია. მე ასეთი სიამოვნება "პალიტრა L"-მა მომანიჭა.

პირველი სიამოვნება არის ის, რომ შემოქმედებით საქმიანობაში გარეული ადამიანისთვის დიდი პატივია ეროვნული დონის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასვლა. მეორე მხრივ, იმით ვარ ნასიამოვნები, რომ მასწავლებლის პოზიციიდან ვუყურებ პროცესებს და დაინტერესებული ვარ, რაც შეიძლება მეტი ადეკვატური ტექსტი შეიქმნას და ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოსწავლეებისთვის. მესამეც - მიხარია, რომ საბავშვო ლიტერატურით, როგორც ბიზნესსაქმიანობით, ინტერესდება წარმატებული ჰოლდინგი, რაც იმის მომასწავებელია, რომ ამ საქმეს პერსპექტივა აქვს თანამედროვე საქართველოში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, დიდი ენთუზიაზმით ვმონაწილეობ მიმდინარე კონკურსში და განსაკუთრებით გამიხარდება, თუკი გამარჯვებასაც მოვიპოვებ. აქვე მინდა წარმატება ვუსურვო ყველა ფინალისტს,  ბევრ ჩემთვის ძვირფას და საყოველთაოდ პატივსაცემ ადამიანს, ბევრსაც დამწყებ შემოქმედს. მთავარია, რომ ჩვენი მცდელობა, უფრო მეტი საინტერესო და მიმზიდველი ტექსტი შევქმნათ ყმაწვილებისთვის, სათანადო შედეგს მოიტანს.

"ეს კონკურსი გზას გვიხსნის გამომცემლობებთან ურთიერთობისთვის"

მაკა ლდოკონენი: - მკითხველთა კლუბებში მუშაობა დღეს ჩემი ძირითადი საქმეა. ბავშვებთან ურთიერთობაში მთავარი დაკვირვება მათი სურვილების გამოცნობაა. ურთულესი საქმეა, მაგრამ ვფიქრობ, საუკეთესო წინა პირობაა საბავშვო წიგნების დასაწერად. ვნახოთ, რა გამოვა. კონკურსი ჯერ არ დასრულებულა. მხოლოდ ჩემი მოლოდინი როდი უნდა გამართლდეს! მთავარი კონკურსის მოთხოვნები და ის საბოლოო პროდუქტია, რომელმაც პატარა, გემოვნებიანი მკითხველი უნდა ჩამოაყალიბოს.

ბავშვებისთვის წერა რთული იმის გამოა, რომ მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. უფროს ადამიანებს ჩამოყალიბებული გემოვნება აქვთ, მოეწონებათ ან არ მოეწონებათ წიგნი და ამით არაფერი დაშავდება - გემოვნებაზე დავა ხომ მიუღებელია, მაგრამ საბავშვო წიგნი სხვა განზომილებაა. ის ხომ პატარას უნდა დაეხმაროს "სუფთა ფურცლის ანუ ტაბულა რასას" სწორად შევსებაში. დარწმუნებული ვარ, ამდენ ფინალისტში აუცილებლად აღმოჩნდებიან ისეთები, ამას რომ შეძლებენ.

საბავშვო ლიტერატურული კონკურსები მართლაც სანატრელია საქართველოში. ის გზას გვიხსნის გამომცემლობებთან ურთიერთობისთვის. იმედი მაქვს, რაღაც ფორმით "პალიტრასთან" ჩემი ურთიერთობაც გამოვა. როგორ - ამას დრო გვაჩვენებს. კონკურსის ფარგლებში თუ მის გარეთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

"წიგნში ყველა სიუჟეტი ჩემი ილუსტრირებულია"

მარიამ ქოროღლიშვილი: - ჩემი საკონკურსო ნაწარმოების სათაურია "ქუნქუნას საოცარი მოგზაურობა". ისტორია პატარა ბიჭუნას, სახელად ქუნქუნას, გარშემო ვითარდება. იგი თამაშის დროს გადაწყვეტს, რომ საკუთარ მეგობრებთან ერთად ტყეში ჯადოსნური ხე მოინახულოს, რომელსაც გარშემო ფერადი მედუზები დარაჯობენ. ასეთი სანახაობის მომსწრენი გარკვეულ წინააღმდეგობას წააწყდებიან და თანდათან ახალ მეგობრებსაც შეიძენენ. ნაწარმოებს ვიწყებ ფრაზით, რომელსაც ერთ-ერთი მულტფილმის კეთილი პერსონაჟი ამბობს: "მეგობრობის გარეშე გატარებული დღე ცარიელ ქილას ჰგავს, სადაც ერთი წვეთი თაფლიც კი არ არის". თითოეული სიუჟეტი ჩემი ილუსტრირებულია და ნათლად გადმოსცემს სამყაროს, სადაც მოქმედება მიმდინარეობს. ილუსტრირებული წიგნი ჩემს ძმისშვილთან თამაშის დროს მიღებული შთაბეჭდილებების საფუძველზე შევქმენი და პირველი პატარა მკითხველიც სწორედ ის გახლდათ. ვფიქრობ, რომ ბავშვების ნათელი ემოცია თბილი, ღუნღულა ნაქსოვი კაშნესავითაა, რომელიც მუდამ თან დაგვაქვს და სიყვარულს გვასწავლის. პატარა მკითხველს ვპირდები, რომ სამომავლოდ ქუნქუნა უფრო საინტერესო, მეტ უცნაურსა და საიდუმლოებებით მოცულ ადგილებს მოინახულებს.

საბავშვო ლიტერატურული კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი" მწერლებისთვის, ილუსტრატორებისა და ინოვაციური საბავშვო პროექტების ავტორებისთვის უდიდესი მოტივაცია და შესაძლებლობაა. ჩემთვის, როგორც დამწყები საბავშვო მწერლისა და ილუსტრატორისთვის, პატარებთან მეგობრობა საინტერესო თავგადასავალია.

"ეს კონკურსი, უპირველესად, კარგი წიგნის გამოცემის შანსია"

მარიამ წიკლაური: - კონკურსზე ოთხი ტიპის პროექტი წარვადგინე. გავიდა მხოლოდ საბავშვო ლექსები 4-6 წლის ასაკისთვის, 7-10 წლისთვის კი დარჩა ისე. გული მეტკინა, რაღა დაგიმალოთ.

ლექსები რაზეა? იმაზე, რაც ამ ასაკის ბავშვებს სჭირდებათ განვითარებისთვის - მეთოდოლოგიური მოთხოვნილებების გათვალისწინებითა და პოეზიის ჯადოქრობის წყალობით. ლექსიკის, მეტყველების, წარმოსახვის, მეხსიერების, სმენის განსავითარებლად. ამ სახალისო და გონივრული ტექსტებით გაცილებით მეტ საგანმანათლებლო რესურსს ვაწვდით ბავშვებსაც, მათ პედაგოგებსაც და მშობლებსაც, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. არასდროს ვთვლი, რომ პოეზია ნაკლებკომერციულია. გააჩნია პოეზიას და ავტორს!

მეოთხედი საუკუნეა, ბავშვებისთვის ვწერ. კონკურსის მიმართ სოლიდარობის, თანადგომის გამოც ვიღებ მონაწილეობას. კონკურსი არ მალავს, რომ მათი მიზანი დამწყები ავტორების და ახალი სახელების აღმოჩენაა. გამოცდილ ავტორებს არ გვეძებენ, მაგრამ გამოცდილი ავტორები გვერდით დავუდექით ამ კონკურსს. ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა ის გამონაკლისი, რომ ამ კონკურსმა პოეზიას არ აუარა გვერდი. რაც საზოგადოდ იშვიათობაა ისედაც იშვიათ საბავშვო სალიტერატურო კონკურსებში.

ბავშვებს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს კარგ წიგნს და წიგნებს ვპირდები, ახლაც და სამომავლოდაც, თუ ამის საშუალებას მომცემს გამომცემლობა. ეს კონკურსი, უპირველესად, კარგი წიგნის გამოცემის შანსია. გამარჯვებულების პიარისთვის ეს კონკურსი შესაშურად ზრუნავს. პიარი ძალიან სჭირდება ნებისმიერ ახალ თუ ძველ ავტორს. მე არ ვარ ახალი სახელი, მაგრამ მაქვს მოლოდინი, რომ გამომცემლობა "პალიტრა L"-თან, ბოლოს და ბოლოს, შედგება ჩემი თანამშრომლობა და სამომავლოდაც არაერთ წიგნს ვაჩუქებთ ბავშვებს.

"ეს ის პროექტია, რაც ქართველ მკითხველს სჭირდება "

სოფიო კუბლაშვილი: - "მარცვალას ოინები" მოუსვენარი გოგოს, მარცვალას თავგადასავალია - როგორ აღმოაჩინა მან სამყარო დაბადებისთანავე, როგორ დაუმეგობრდა სულიერ არსებებს - ცხოველებს, მწერებს, მღრღნელებს... ამოუწურავმა ფანტაზიამ როგორ შესძინა გოგონას სასწაულებრივი ძალა და დარწმუნდა, რომ ჯადოსნობა სულაც არ არის გამოგონილი.

საბავშვო თემატიკა ყოვლისმომცველია, საკმარისია მიგნება და ჩაჭიდება, რაც უფრო ახლობელია შემოქმედისთვის, რომ ლექსიკა თვითონ გადმოედინოს. მთავარია მარტივი სინტაქსი და ბევრი სიცილი.

მე, სოფიო კუბლაშვილი კი არა, მარცვალა ჰპირდება ბავშვებს, რომ მასთან ერთად აღმოაჩენენ ყველაზე საინტერესოს, მასთან ერთად დააკვირდებიან სამყაროს და გაიზრდებიან იმაზე დიდი, ვიდრე არიან. თამამად იმხიარულებენ...

ლიტერატურული კონკურსი ზრდის შემოქმედების არეალს და მწერლის შესაძლებლობებს. მონაწილეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ წინასწარ ვერასდროს წარმოვიდგენ ხოლმე ფინალში ყოფნის სიხარულს. ყოველ ჯერზე განსხვავებულია...

ძალიან მინდა რჩეულთა შორის აღმოჩნდეს "მარცვალას ოინები".

წარმატებას ვუსურვებ პროექტს. ეს ის არის, რაც სჭირდება ქართველ მკითხველს.

"მიხარია, რომ ფინალისტებს შორის ბევრი ახალგაზრდა ავტორი გამოჩნდა"

ირმა მალაციძე: - 20 წლის წინ, როცა ბავშვებისთვის წერა დავიწყე, თითო-ოროლა გამომცემლობა არსებობდა. წიგნის გამოცემა რთული იყო. არ არსებობდა საბავშვო ლიტერატურული კონკურსები, უჭირდა საბავშვო პერიოდიკასაც. ავტორებს უჭირდათ მკითხველამდე მისვლა.

საბედნიეროდ, ბოლო წლების მანძილზე მდგომარეობა გაუმჯობესდა. ახალ გამოცემებში ქართველი ავტორებიც გამოჩნდნენ, რაც, ცხადია, სასიხარულოა. გაჩნდა ახალი საბავშვო ლიტერატურული კონკურსებიც, რაც, ვფიქრობ, ძალიან შეუწყობს ხელს ლიტერატურული პროცესების განვითარებას. სწორედ ეს არის კონკურსის არსი და რასაკვირველია, ახალი სახეების წარმოჩენა.

"პალიტრა L"-ის კონკურსიც სწორედ ამ პროცესის ნაწილია და მიხარია, რომ ფინალისტებს შორის ბევრი ახალგაზრდა ავტორი გამოჩნდა. შესაძლოა, კონკურსი მათთვის კარგი სტარტი აღმოჩნდეს საბავშვო ლიტერატურაში მოსასვლელად და მათ არ მოუწიოთ იმავე სირთულეებთან შეჯახებამ.

ამჯერად კონკურსში "სასარგებლო ზღაპრებით" ვმონაწილეობ. ეს არის ზღაპრების კრებული, რომელიც ორიენტირებულია ბავშვის სხვადასხვა უნარის განვითარებაზე, იქნება ეს კოგნიტური, სოციალური თუ კითხვის უნარების გაუმჯობესება, წარმოსახვითი აზროვნების განვითარება.

"ჩემი ნაწარმოებით ბავშვებს ჩემს გამოგონილ თავგადასავლებში ვამოგზაურებ"

ნიკა მომცელიძე: - "მოხეტიალე ფანტომები" ჩემი პირველი ფენტეზის ჟანრის ილუსტრირებული რომანია, რომელიც გამოგონილ სამყაროში სამი მთავარი გმირის - იონასის, აილისის და კრავაის გარშემო ვითარდება. პერსონაჟები ერთმანეთს სიზმრების საშუალებით უკავშირდებიან.

ზღაპრები და ანიმაციური ფილმები ჩემს ცხოვრებაში ბავშვობიდან განსაკუთრებულ ადგილს იჭერდა, თუმცა წიგნებს იშვიათად ვკითხულობდი. მალევე მივხვდი, რომ ის წიგნები, რომლებსაც უფროსები მთავაზობდნენ, ინტერესს არ იწვევდა. როცა ცოტა წამოვიზარდე და მათი მოძიება თვითონ დავიწყე, გავაანალიზე, რომ ფენტეზის ჟანრი ყველაზე მეტად მიტაცებდა.

ჩემს ფიქრებში ყოველთვის არსებობდნენ გამოგონილი პერსონაჟები, ამიტომ მალევე გამიჩნდა სურვილი, რომ ისინი რეალურებად მექცია. თავიდან ხატვით დავიწყე, შემდეგ კი წერა შევიყვარე. მომინდა, საკუთარი თავის პატარა ვერსიისთვის მეწერა - ნიკასთვის, რომელმაც ჯერ არ იცოდა, რომ კითხვა უყვარდა.

ბავშვებისთვის ნაწარმოების შექმნა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა. საბავშვო მწერალზეა დამოკიდებული, დამწყებ მკითხველს წიგნის კითხვაზე რა წარმოდგენას შეუქმნის. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ნაწარმოებით ბავშვებთან ვიმეგობრებ, მათ გავაცინებ, განვაცვიფრებ და ჩემს გამოგონილ თავგადასავლებში ვამოგზაურებ.

ეკა სალაღაია