"ბატი ყველა სხვა შინაურ ფრინველზე ადვილი მოსავლელია" - კვირის პალიტრა

"ბატი ყველა სხვა შინაურ ფრინველზე ადვილი მოსავლელია"

"ბატის შენახვა იაფი ჯდება, მით უფრო, თუ გარშემო მდელოებია - ბატი ხომ საბალახოდ დადის, პატარა ღელე კი მთლად მისწრებაა, რადგან სანახევროდ წყლის ფრინველია და ღელეში ზამთარშიც ეძებს საკვებს"

მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიაში შეძენილი ფრინველის ხორცი ძვირი გვიჯდება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც კითხვებს აჩენს, სამწუხაროდ, ჩვენს სოფლებში ფრინველის მოშენება ბევრმა მაინც პრობლემად აქცია. მიზეზი, ძირითადად, ორია და მარტივი: ფრინველის მოსაშენებლად დახარჯული შრომა და საკვების დეფიციტი. მარცვლეულიც ხომ დანარჩენი ნედლეულივით დღითი დღე ძვირდება. სამაგიეროდ, მოგებული რჩებიან ისინი, ვინც ასეთ მიზეზებს დაბრკოლებად არ მიიჩნევს, მარცვლეულიც თავად მოჰყავს და ფრინველიც ჰყავთ, მათ შორის - ბატებიც.

ბატის დღევანდელმა მომშენებლებმა კარგად იციან, რომ ის ოდითგან სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლებოდა და ახლაც ასეა. მართალია, ბატის ხორცი დიეტურად არ ითვლება, მაგრამ მისი მოყვარული ყოველთვის მოიძებნება, თანაც ბატი ქათამზე ორჯერ ძვირი ღირს და შენახვაც იაფი ჯდება, მით უფრო, თუ გარშემო მდელოებია - ბატი ხომ საბალახოდ დადის, პატარა ღელე კი მთლად მისწრებაა, რადგან ბატი სანახევროდ წყლის ფრინველია და ღელეში ზამთარშიც ეძებს საკვებს. ასე რომ, ჩვენში ბატს, მართალია, ცოტას, მაგრამ მაინც ჯიუტად აშენებენ გურიაში, დმანისსა და სამცხე-ჯავახეთში, სადაც მისი ჯანმრთელი ბუმბულისაგან საბნებსა და ბალიშებს კერავენ.

ოზურგეთელი ლოლა ქუტიძის აზრით, ბატი ყველა სხვა შინაურ ფრინველზე ადვილი მოსავლელია. "საძოვარზე" დილით გარეკილი საღამოს ისე დაბრუნდება შინ, რომ არც კი შეგაწუხებს და რატომ იხმარება სიტყვა "ბატი" დაბნეულობის აღსანიშნავად, ნამდვილად არ ვიციო...

- ჩემს ოჯახში ჩვეულებრივი ამბავია დილაობით ბატების ფარასავით "საძოვარზე" გარეკვა. გაზაფხულ-ზაფხულობით ბატი, ძირითადად, ბალახით იკვებება და მხოლოდ საღამოს ბრუნდება შინ. ამ დროს ცოტაოდენ სიმინდს ან ხორბალს ვაჭმევთ და სულ ეგ არის მაგის კვება. მარცვლეული ბატს, ძირითადად, ზამთარში სჭირდება, თუმცა შინ არც ზამთრობით ვაჩერებთ და ვუშვებთ მინდორში, სადაც საკვებს მაინც პოულობს.

- ევროპა-ამერიკაში ბატის ღვიძლის პაშტეტის ინდუსტრიაა შექმნილი. ჩვენთან რატომ არ აშენებენ ბატს ისე, როგორც ადრე? - იმიტომ, რომ ცხიმიანია და დიეტების მიმდევარი ხალხი არ მიირთმევს. მაგრამ ამქვეყნად ისეთიც ბევრია, ვისთვისაც დიეტა არ არსებობს და ბატის ხორცსაც აფასებს.

ბატის ცხიმი უფრო მის კანშია, ამიტომ დიეტის მოყვარულებს შეუძლიათ კანი გააცალონ და ისე მიირთვან. თანაც ცხიმი უფრო მეტია 2-3 წლის ფრინველში, ვიდრე, მაგალითად, 5-6 თვისაში.

ბატის ხორცი იმდენ ცილასა და უჯერ ცხიმოვან მჟავა "ომეგას" შეიცავს, რომ მის მოყვარულს ჯანმრთელობის პრობლემები იშვიათად ემუქრება. ჩვენმა ბაბუა-ბებიებმა "ომეგას" სახელიც არ იცოდნენ, მაგრამ გამოცდილებითა და დაკვირვებით ხვდებოდნენ, რომ ბატის ხორცი სასარგებლო იყო. იმიტომაც ჰყავდათ ბევრი.

ჩვენთან, სამწუხაროდ, ბატის ჯიშების გაუმჯობესებაზე არავის უზრუნია, ამიტომ ჩვენებური ბატი ხუთ კილოგრამზე მეტს ვერ იწონის, უცხოეთში კი ჯიშიანი ბატების წონა 12 კილოგრამს აღწევს. თუმცა ჩვენებური ბატის ხორცი ნამდვილად გემრიელია, თანაც ძლიერი იმუნიტეტი აქვს და ქათამზე ნაკლებად ხვდება ფრინველის დაავადებები. ამიტომ ბატის ჭუკებიც წიწილებზე იოლად, თითქმის უდანაკარგოდ იზრდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ახლა ბატი შედარებით ცოტაა, კვერცხის შოვნა მაინც შეიძლება გურიაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში. საქართველოში სულ სამი ჯიშის ბატი არსებობს და ერთ-ერთი სწორედ ჯავახურია. მართალია, ბატი ბევრ კვერცხს არ დებს - საშუალოდ წელიწადში 80-ს და 80 თეთრი ღირს, მაგრამ მისი შოვნა ნამდვილად შეიძლება. მე თითო კვერცხი 70 თეთრად გავყიდე. მართალია, ყველა კვერცხი საუკეთესო ვერ იქნება, მაგრამ ფრინველის მოვლის მცოდნემ იცის, როგორ შეარჩიოს. ბატის კვერცხი, სულ ცოტა, გარედან უდეფექტო უნდა იყოს, მცირე ლაქაც კი არ უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, ცხადია, სადაც მამალი ბატი არ არსებობს, იქ ბატის კვერცხიდან არაფერი გამოიჩეკება.

ბატი ერთ ჯერზე, გაზაფხულზე, 20-მდე ჭუკს ჩეკს და ადამიანის დახმარებით თითქმის უდანაკარგოდ ზრდის.

- პირველ დღეებში ჭუკებს რას აჭმევთ? - ჭინჭარს სიმინდის ფქვილთან ერთად უკეპავენ და ისე აჭმევენ. ნამდვილად ვიცი, რომ ჭინჭრით გაზრდილი ჭუკები ჯანმრთელი იქნებიან და დაავადებებიც ნაკლებად დაემართებათ. თუმცა ჭინჭრით ახლა, სამწუხაროდ, იშვიათად ზრდიან. ზოომაღაზიებში იყიდება სპეციალური საკვები 10 დღემდე ჭუკებისა და წიწილებისთვის. ამის მერე კი შეგვიძლია ჭუკები ნელ-ნელა გავიყვანოთ მდელოზე და მარცვლეულიც მივცეთ. ცხადია, აჯობებს, თუ ჩვენივე მოყვანილი სიმინდით გავზრდით.

ყოველ წელიწადს 50-მდე ბატს ვზრდი და საზამთროდ ვყიდი. ახლა ბატი 50 ლარად იყიდება, საახალწლოდ უფრო ძვირიც ღირს. ამ თანხიდან ბატის საკვების დანახარჯი მეხუთედიც კი არ არის. ასე რომ, ბატის მომრავლებით მართლაც შეიძლება მიიღო შემოსავალი. თანაც ბატის ხორცი მართლაც გემრიელია.

- გეთანხმებით რომ გემრიელია. ევროპის ქვეყნებში მისგან უამრავ კერძს ამზადებენ კომშით, ალუბლით, ბრინჯით და სხვა, მაგრამ თქვენ მითხარით, ბატის "ვიჩინას" როგორ ამზადებთ... - ჩვეულებრივ, როგორც ღორისას. ჯერ ბატის ხორცის ნაჭრებს დავამარილებთ, მარილიან წყალში ჩავდებთ, რამდენიმე დღის შემდეგ კი უკვე დამარილებულს შესაბოლად, ან ცეცხლის გარეშე გამოსაშრობად დავკიდებთ.

- როგორც ვიცი, ბატის ქონი სამკურნალოა. - სწორად გცოდნიათ. უებარი სამკურნალოა, რასაც ჩვენს ხალხურ მედიცინაში მუდამ ვიყენებდით. მეც ხშირად დამიმზადებია ბატის მუცლის ქონისგან მალამო. ცეცხლზე ვადნობ და ვინახავ, როგორც, მაგალითად, ღორის მუცლის ქონს ინახავენ სამკურნალოდ. მაცივარშიც შეიძლება შენახვა.

ბატის ქონს სასიამოვნო სუნი აქვს, არც კანცეროგენებს შეიცავს, როგორც ქათმის ქონი. შეგვიძლია მოვიხმაროთ მცენარეული ცხიმის ნაცვლადაც, რომელიც ახლა კატასტროფულად გაძვირდა. ბატის ქონი საუკეთესოდ აშუშებს დამწვრობებს. ხმარობენ ბავშვებისთვის, ბრონქიტის დროსაც. სხვათა შორის, ბავშვებს ბატის ქონის გემო მოსწონთ და სიამოვნებითაც მიირთმევენ.