საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის იუბილე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნა - კვირის პალიტრა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის იუბილე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის იუბილე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - "საინფორმაციო საზოგადოება და განათლების ინტენსიფიკაციის ტექნოლოგიები" გაიხსნა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "მართვის ავტომატიზებული სისტემების" კათედრის დაარსებიდან 50 წლისთავსა და მისი დამფუძნებლის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, სამდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ონლაინ რეჟიმში იუნესკოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის გეგმით განხორციელდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა.

რექტორმა აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის დამსახურებასა და ფასდაუდებელ ღვაწლზე ისაუბრა, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მისი რექტორობის პერიოდს, ასევე, საფრანგეთსა და ესპანეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩისა თუ UNESCO-ს პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობებზე მის მოღვაწეობას უკავშირდება. დავით გურგენიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გოჩა ჩოგოვაძის მიერ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში "მართვის ავტომატიზებული სისტემების" კათედრის დაარსებასა და მის მნიშვენელობაზე.

"50 წლის წინ, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის "ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის" ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერმა გოჩა ჩოგოვაძემ ჩამოაყალიბა საინიციატივო ჯგუფი და დაიწყო მუშაობა მსოფლიოში აქტუალური სამეცნიერო მიმართულების - "მართვის ავტომატიზებული სისტემების" კათედრის შესაქმნელად. ასეთი კათედრები, ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მხოლოდ მოსკოვსა და კიევში მოქმედებდა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მისმა ინოვაციურმა კონცეფციამ გაიმარჯვა და 1971 წლის 20 მაისს, ჩვენი უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა, პროფესორმა იოსებ ბუაჩიძემ ახალი კათედრის დაარსებას მოაწერა ხელი. გოჩა ჩოგოვაძის ხელმძღვანელობით, ეს კათედრა იმდენად გაძლიერდა, რომ მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევის არეალი გახდა. სამეცნიერო პროცესები დღესაც აქტიურად მიმდინარეობს", - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

როგორც რექტორმა ღონისძიების გახსნაზე განაცხადა, მსოფლიო პანდემიის პირობებში, დღეს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გონიერი "ინფორმაციული საზოგადოების" ფორმირებას, რაც პირდაპირ აისახება განათლების, ეკონომიკის, ბიზნესისა და სხვა სასიცოცხლო დარგების მდგრად განვითარებაზე. მისი თქმით, სწორედ აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე იყო პირველი, რომელმაც 2003 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იუნესკოს კათედრა - "ინფორმაციული საზოგადოება" დაარსა.