დევიდ გარეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილეზე დაუკრავს
დევიდ გარეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილეზე დაუკრავს
ცნობილი გერმანელი მუსიკოსი, მევიოლინე დევიდ გარეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში კონცერტს გამართავს. ინფორმაციას სტუ-ის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დევიდ გარეტი ქართველი მაყურებლის წინაშე, თბილისში, 2022 წლის 22 მაისს წარსდგება.

ცნობილი მუსიკოსი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის და საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა მოიწვია.

"დევით გარეტი საქართველოში პირველად 2019 წელს ჩამოვიდა და 13 სექტემბერს გრანდიოზული კონცერტი გამართა. მას
ძალიან უყვარს საქართველო და ქართველი მაყურებელი. ხშირად მიკავშირდება მისი პროდიუსერი და მეკითხება საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენი ურთიერთობა პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდა. ერთ-ერთი საუბრისას ვუთხარი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე, 2022 წელს, გრანდიოზული ღონისძიებებით უნდა აღინიშნოს, მივაწოდე ინფორმაცია სამხრეთ კავკასიის მასშტაბით ჩვენი
პირველი და უძველესი საინჟინრო-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლის, მისი ისტორიისა და შთამბეჭდავი სახელოვნებო ტრადიციების შესახებ. ისიც ვკითხე, ხომ არ ჩამოვიდოდა დევიდ გარეტი კონცერტით თბილისში. რამდენიმე დღის წინ დამიდასტურეს, რომ გარეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს თბილისში, მაისის თვეში გამართავს. სასიხარულოა, რომ ისეთი ვირტუოზი, როგორიც დევიდ გარეტია, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საქართველოში ჩამოვა და ჩვენი უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში კონცერტს გამართავს“, - აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ გაიმართა პირველი ოფიციალური გაფართოებული საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორის, ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების გარდა, ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ ენუქიძე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ასევე, კულტურისა და სპორტის ცნობილი წარმომადგენლები, რომელთა მოღვაწეობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უკავშირდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები