პროექტი "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად დღეიდან!
პროექტი "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად დღეიდან!
უკვე დღეიდან ქართველ მკითხველს საშუალება ექნება ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მე-8 ტომს გაეცნოს. მრავალტომეულის ეს ტომი აზერბაიჯანსა და იორდანიაში მოღვაწე ქართველთა ისტორიულ კვალს ეძღვნება. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი.
პროექტის ავტორი, გიორგი კალანდია, რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რატომაც ქართველი მკითხველი გამოცემის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მე-8 ტომს აუცილებლად უნდა გაეცნოს: "ამ წიგნში პირველად ქვეყნდება ნიკოლოზ ბარათაშვილის კოტე ყიფიანისეული პორტრეტი; პირველად ნახულობს დღის სინათლეს ხელოვნების სასახლეში დაცული უნიკალური
საარქივო მასალები ბაქოს ქართული თეატრის შესახებ, აღარაფერს ვამბობ იმ ულამაზეს ილუსტრაციებზე, ფოტოებსა და ესკიზებზე, რომლებიც ამ 150-გვერდიან წიგნში უხვადაა..." - აღნიშნავს გიორგი კალანდია.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ყველაზე რეალური პორტრეტი, რომელიც პირველად ქვეყნდება
ნიკოლოზ ბარათაშვილის ზუსტად დადგნელი პორტრეტი ჩვენამდე მოღწეული არ არის. როგორც გამოცემის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში"
მე-8 ტომში ვკითხულობთ, პოეტის ერთადერთი შემორჩენილი დაგეროტიპი მის დებთან ინახებოდა. იგი ილია ჭავჭავაძემ წამოიღო და თბილისელ ფოტოგრაფს, გვარად დუბელირს, გასამრავლებლად გადასცა. ბედის ირონიით, ფოტოატელიეში ხანძარი გაჩნდა და ბარათაშვილის ერთადერთი სახება ცეცხლს შეეწირა.
გიორგი თუმანიშვილმა სცადა ბარათაშვილის სურათი თავისი მამის, მიხეილ თუმანიშვილის (1818-1975), არქივში მოეძებნა. მან იპოვა კიდეც ნახევარი თაბახი სქელი, თეთრი ქაღალდი, რომელზეც ორი მამაკაცი იყო გამოსახული, ხელით კი მიწერილი ჰქონდა ინიციალები - "Н. Б.". როგორც მკვლევარი ლევან თაქთაქიშვილი მიიჩნევს, პოეტის თანამედროვეებმა აღიარეს, რომ თუმანიშვილის არქივში ნაპოვნი ნახატი ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი იყო, მაგრამ "არცთუ ისე მოსწრებული". სწორედ ამ ნახატის მიხედვით ცნობილ ქართველ მსახიობს, კოტე ყიფიანს, ბარათაშვილის ახალი ფიგურა დაუხატავს.
ეს პორტრეტი, როგორც უკვე აღინიშნა, პირველად გამოცემის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მე-8 ტომში ქვეყნდება და ყველაზე სანდოდ ითვლება კიდევ ერთი მიზეზის გამო: ნიკოლოზ ბარათაშვილი ყიფიანების ოჯახში არაერთხელ ყოფილა და მისი გარეგნობა ზედმიწევნით იცოდა კოტეს მამამ, დიმიტრი ყიფიანმა. ამდენად, ქართველი მსახიობი, ტატოს პორტრეტის ხატვის დროს, ოჯახის წევრების ცნობებითაც ისარგებლებდა. ამდენად, ქართული რომანტიზმის მწვერვალის ყველაზე სანდო პორტრეტს ქართველი მკითხველი საკუთარი თვალით იხილავს.
სახლი, სადაც ნიკოლოზ ბარათაშვილმა ცხოვრების უკანასკნელი თვეები გაატარა
ამავე ტომში გაეცნობით ნიკოლოზ ბარათაშვილის განჯაში ცხოვრების, საქმიანი და სასიყვარულო ურთიერთობების უცნობ ფაქტებს, რომლებსაც პროფესორმა თამარ შარაბიძემ აზერბაიჯანში, კერძოდ ნახიჩევანსა და განჯაში, მოგზაურობის დროს მიაკვლია.
სიცოცხლის უკანასკნელი თვეები ნიკოლოზ ბარათაშვილმა განჯაში გაატარა. ჩვენამდე მოღწეულია ფოტო იმ სახლისა, სადაც ცნობილი პოეტი და იმხნად სახელმწიფო მოხელე ცხოვრობდა. როგორც "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მე-8 ტომში ვკითხულობთ, პოეტის საცხოვრებელი ადგილი მართლაც რომ დამთრგუნველი იყო: "ის უფრო სახლად გადაკეთებულ აბანოს ჰგავდა, აგურის სფეროსებრი სახურავით, პატარა, ღიობისმაგვარი ფანჯრებიანი აგურისვე კედლებით. ეს საცოდავი და უგვანი ადგილი იყო, სადაც ნიკოლოზ ბარათაშვილმა უკანასკნელად ამოისუნთქა..."

"უკანასკნელი სიყვარული"

ბევრს საუბრობენ იმ სიყვარულის შესახებ, რომელსაც რომანტიკოსი პოეტი სამეგრელოს დედოფლის, ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულის, ეკატერინე ჭავჭავაძის მიმართ განიცდიდა. ამაღელვებელ ისტორიას კიდევ უფრო ამძაფრებს მისადმი მიძღვნილი ლექსები, თუმცა ბევრმა როდი იცის, რომ ეკატერინე პოეტის უკანასკნელი სიყვარული სულაც არ ყოფილა...
როგორც გიორგი კალანდია გამოცემის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მე-8 ტომში წერს, არსებობს დაუსაბუთებელი ვერსია, რომ აზერბაიჯანში ნიკოლოზ ბარათაშვილი ხანის ასულს, გონჩა ბეიმს (ბეგუმს), გაუმიჯნურდა. ეს ლამაზი ასული პოეტმა რომანტიკოსმა ნახიჩევანში, ხანის სასახლეში მეჯლისის დროს გაიცნო. გონჩა ბეგუმი თავადაც პოეტი ყოფილა. ამბობდნენ, ტატო მისი ლამაზი ლექსების თარგმნას აპირებდაო, თუმცა, აიხდინა თუ არა საწადელი, უცნობია...

გონჩა ბეიმი (ბეგუმი) წიგნიდან "ქართველები მსოფლიო ისტორიაში," ტომი 8

მომხიბვლელ ქალთან საოცნებო კავშირს ერთი დიდი წინაღობა ახლდა თან - მას ქმარი ჰყავდა, თუმცა, გადმოცემის მიხედვით, ტატოს გაცნობის შემდეგ გონჩა მასთან გაყრას ცდილობდა. ამ საქმეში დახმარება ბარათაშვილს არაერთხელ უთხოვია თავისი მეგობრისა და მაზრის უფროსის, ლევან მელიქიშვილისთვის. ერთგან იგი წერს: "ტატო დღე და ღამე იხვეწება, თუ ღმერთი გწამს, გააშვებინე ქმარიო, მე, როგორც დამჯდარი კაცი, არა ვშვრები".
როგორ წარიმართა ქალ-ვაჟის სასიყვარულო ურთიერთობა, მე-8 ტომში წაიკითხავთ. აქვე გაეცნობით ლექსს, რომელიც ტატოს გონჩა ბეგუმისთვის მიუძღვნია...

შეგახსენებთ, რომ "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" ხელოვნების სასახლის დირექტო-რის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და გამომცემლობა "პალიტრა L-ის" პროექტია, რო-მელიც 12 ტომს აერთიანებს. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტ-რასთან" ერთად გამოიცემა და ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესა-ხებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორია-ში.
ამ მნიშვნელოვანი გამოცემისათვის გიორგი კალანდია მასალას მსოფლიოს მასშტაბით 10 წლის განმავლობაში აგროვებდა. წიგნში საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები და მოღვაწე ქართველების შესახებ მოცემული ინფორმაცია გამდიდრებულია უიშვიათესი რეპროდუქციებითა და ფოტოებით.
წიგნის შეძენა შეგიძლიათ პრესის გავრცელების ჯიხურებსა და "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები