საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა "უნივერსიადა 2021"-ზე სამი ოქრო მოიპოვა - კვირის პალიტრა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა "უნივერსიადა 2021"-ზე სამი ოქრო მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, "საქართველოს უნივერსიადა-2021"-ის ფარგლებში ჩატარებულ გუნდურ და ინდივიდუალურ სპორტულ სახეობებში, ამ ეტაპზე, 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოიპოვეს. ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა და "საქართველოს უნივერსიადა 2021"-ის ჩემპიონი გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შვიდკაცა მორაგბეთა გუნდი.

სტუ-ის მორაგბეთა გუნდის გარდა, ჩემპიონობა ქვიშის ფრენბურთში სტუ-ის ვაჟთა გუნდმაც მოიპოვა და მორაგბეების მსგავსად, ოქრო დაისაკუთრა. ქვიშის ფრენბურთში სტუ-ის გოგონათა გუნდი კი მე-2 ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიგო.

მესამე ოქრო მოიპოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა, ძიუდოსტმა საბა ინანეიშვილმა, რომელმაც 100+ კგ წონით კატეგორიაში ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა.

ძიუდოს სახეობაში წარმატებით იასპარეზეს და ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ სტუ-ის სტუდენტები: ვალერი არხოზაშვილი - 60 კგ და ემზარ კოკოლაშვილი - 100 კგ წონით კატეგორიებში, ხოლო ბრინჯაო მოიგეს სტუ-ის სტუდენტებმა: თამაზ ჯახაშვილმა და ბადრი ხატისკაცმა - 100+ კგ, თორნიკე გვიჭიანმა - 81 კგ, გიორგი მულაძემ - 100 კგ, დავით ჩუტკერაშვილმა - 73 კგ, ილია ბათურიშვილმა - 90 კგ წონით კატეგორიებში. საერთო ჯამში, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ძიუდოს სახეობის გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის და საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, სასიხარულოა, რომ კოვიდპანდემიის გამო დროებით შეწყვეტილი საუნივერსიტეტო სპორტული ცხოვრება ისევ განახლდა და "უნივერსიდა 2021"-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სპორტული გუნდი ჩაერთო.

"ჩვენ 13-ე სპორტულ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე სამი ოქროს მედლის მფლობელია. აღსანიშნავია, რომ ოქროს მედლები მოიპოვეს ჩვენმა მორაგბეთა გუნდმა და ქვიშის ფრენბურთში ვაჟთა გუნდმა. ასევე, ოქროს მფლობელი გახდა ჩვენი სტუდენტი ძიუდოში. მომავალ წელს, ზაფხულში, სავარაუდოდ, პოლონეთში, ევროპის საერთაშორისო სტუდენტური უნივერსიადა ტარდება, "საქართველოს უნივერსიადა-2021" კი შესარჩევი ეტაპია, რომელზეც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები წარმატებით ასპარეზობენ", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

"საქართველოს უნივერსიადა-2021", საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, 25 მაისს დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება. მასშტაბური საუნივერსიტეტო სპორტული ღონისძიების მხარდამჭერები კი საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და თბილისის მერიაა.

(R)