მასწავლებელთა აღიარების რეგიონელური კონკურსი საუკეთესო პედაგოგებს გამოავლენს - კვირის პალიტრა

მასწავლებელთა აღიარების რეგიონელური კონკურსი საუკეთესო პედაგოგებს გამოავლენს

წელს პირველად, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით, მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი ტარდება, რომელიც საქართველოს სამ რეგიონში მშობლიური ენისა და მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლებს გამოავლენს.

რეგიონული კონკურსის მიზანია წარმოაჩინოს და წაახალისოს მოტივირებული, შემოქმედებითი, გამოცდილი თუ ახალბედა მასწავლებლები, და ამავდროულად, გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა დაწყებითი განათლების, კერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ.

კონკურსის პირველი ეტაპი - განაცხადების მიღება - გასულ კვირას დასრულდა. ჟიური, რომელიც განათლების სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, იმერეთის, შიდა ქართლისა და კახეთის საუკეთესო მასწავლებლებს 4 ნომინაციაში გამოავლენს:

  • საუკეთესო მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის)
სწავლებაში

  • საუკეთესო მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში
  • საუკეთესო დამწყები მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენა და ლიტერატურა) სწავლებაში
  • საუკეთესო დამწყები მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში

ჟიურის შემადგენლობაში არიან:

1. შალვა ამონაშვილი, დოქტორი, პროფესორი, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი;

2. სიკო ჯანაშია, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

3. მეგი კავთუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, მშობლები განათლებისთვის;

4. ზურაბ ვახანია, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფიზ.-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები 2021 წლის ივნისში დასახელდებიან.

ნენსი პარქსი, USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი: წარმატების მისაღწევად ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ძლიერი საფუძველი კითხვასა და მათემატიკაში, რომელსაც ისინი დაწყებით კლასებში იქმნიან. შესაბამისად, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბავშვების მომავალ აკადემიურ წარმატებაში. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას დაწყებითი განათლების, კერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ. დაწყებითი კლასების გამორჩეულ მასწავლებელთა აღიარება ერთ-ერთი გზაა საზოგადოების ინფორმირებისთვის.

ზურაბ კერვალიშვილი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი:

ჩვენთვის სასიხარულოა, რომ წარმატებული პარტნიორობა შედგა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამასა და ფონდს შორის.

გვჯერა, კონკურსში მონაწილეობაც კი მეტ მოტივაციას შეუქმნის რეგიონის პედაგოგებს, რომელთა ღვაწლი და საქმიანობა ხშირად შეუმჩნეველი და დაუფასებელიც კი რჩება საზოგადოების მხრიდან.

ვფიქრობთ, ჟიურის შემადგენლობა კონკურსს კიდევ უფრო მეტ სანდოობას სძენს და მათ საინტერესო პროცესი ელოდება წინ. ვიმედოვნებთ, საუკეთესო პედაგოგები მოიპოვებენ წელს გამარჯვებულის ტიტულს.

აღნიშნული პროექტის დაფინანსებით გავაფართოვეთ ფონდის მიერ მხარდაჭერილი იმ პროექტების სპექტრი, რომლებიც მიზნად ისახავენ გახადონ მასწავლებლის პროფესია პრესტიჟიული და მისაბაძი, გაგვაცნონ ჩვენ ყველას მათ შორის საუკეთესოები, რომ მეტად დავაფასოთ მათი შრომა.