საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლეს, ქალბატონ დიანა ნაუსედიენეს უმასპინძლა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლეს, ქალბატონ დიანა ნაუსედიენეს უმასპინძლა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტში, დღეს, ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლეს დიანა ნაუსედიენეს და ლიეტუვას რესპუბლიკის დელეგაციას: პრეზიდენტის უფროს მრჩეველს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხებში იოლანტა კარპავიჩიენეს, პრეზიდენტის მრჩეველს კომუნიკაციის საკითხებში რაგინა სტატკუვიენეს და საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩის მეუღლეს დაივა კალინდრიენეს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუმრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს,
უნივერსიტეტის რექტორთან ერთად, გაცნობის მიზნით ესტუმრნენ, ცენტრის ხელმძღვანელს, ვილნიუსის კოლეგიის პროფესორ ვიდას კავალიაუსკასსა და უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

როგორც რექტორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ლიეტუვას რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი
წარმატებული პროექტია.

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ვუმასპინძლოთ ლიეტუვას რესპუბლიკის პირველ ქალბატონს და ოფიციალურ დელეგაციას. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი 9 წლის წინ შეიქმნა ჩვენი უნივერსიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს, რაშიც მინისტრ მიხეილ ჩხენკელს დიდი წვლილი მიუძღვის, მადლობა მას გვერდით დგომისთვის. აღსანიშნავია, რომ ცენტრი ოფიციალურად ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ გახსნა. ამ პერიოდში არაერთმა სტუდენტმა შეისწავლა ლიეტუვური ენა და მიიღო ლიეტუვას სახელმწიფო გრანტი, რაც ლიეტუვაში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსებასა და სტიპენდიას მოიცავს. 300-მდე სტუდენტი, სხვადასხვა პროექტით, ჩაერთო ლიეტუვას საგანმანათლებლო პროგრამებში. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერებაში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიეტუვას ექვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები აკავშირებს. ღრმად გვწამს, რომ ლიეტუვას დელეგაციის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრობა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას და ჩვენი ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრისთვის მომავალი წარმატების საწინდარი იქნება“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლის, დიანა ნაუსედიენეს განცხადებით, საქართველოსა და ლიეტუვას ხანგრძლივი მეგობრობა და პარტნიორობა აკავშირებთ, რისი ერთ-ერთი თვალნათელი შედეგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის წარმატებული ფუნქციონირებაა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვარ და შემიძლია მადლობა გადავუხადო არაჩვეულებრივ ქართველებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის შექმნისა და მისი წარმატებული საქმიანობისთვის, რადგან ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით უნივერსიტეტს დიდი სამუშაო აქვს გაწეული. ლიეტუვას ხალხის სახელით, გისურვებთ ნათელ და წარმატებულ მომავალს“, - აღნიშნა დიანა ნაუსედიენემ.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, 2018 წლის 26 მაისს, ოფიციალურად გახსნა. ცენტრი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, აქტიურად შეიწავლონ ენა, ეზიარონ მეგობარი სახელმწიფოს კულტურას და მონაწილეობა მიიღონ ლიეტუვურ საგანმანათლებლო პროექტებში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები