ჩეხეთი საქართველოს მწვანე ურბანული დაგეგმარების კუთხით გამოცდილებას გაუზიარებს - კვირის პალიტრა

ჩეხეთი საქართველოს მწვანე ურბანული დაგეგმარების კუთხით გამოცდილებას გაუზიარებს

მწვანე ურბანული დაგეგმარების კუთხით ჩეხი ექსპერტები ჩეხეთის წარმატებულ გამოცდილებას ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის საელჩო ავრცელებს.

საუბარი შეეხება თუ როგორ უმკლავდება ჩეხეთი მზარდი ურბანიზაციის პირობებში გამწვანებული სივრცეების ნაკლებობას.

ურბანული გამწვანება ქვეყნის ურბანული განვითარების გეგმების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან თანამშრომლობით, დღეს მართავს პრეზენტაციასა და დისკუსიას "მწვანე ქალაქები და ურბანული დაგეგმარება: საერთო საკითხები ჩეხეთისა და საქართველოს გამოცდილებაში".

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი

"ჩეხი ექსპერტები გამართავენ პრეზენტაციებს ურბანული დაგეგმარებისა ნორმატიული რეგულირებისა და პრაქტიკის შესახებ ჩეხეთში. დისკუსიის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს გაუზიარონ ჩეხეთისა და საქართველოს ურბანული დაგეგმარების საკანომდებლო რეგულირებისა და აღსრულების საკითხების შესახებ ინფორმაცია, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე შეჯერების მიზნით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.