28 ივნისიდან კ. გამსახურდიას "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად - კვირის პალიტრა

28 ივნისიდან კ. გამსახურდიას "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად

გრძელდება კონსტანტინე გამსახურდიას შვიდტომეულის გამოცემა. 28 ივნისიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად მე-6 ტომი გამოვა − "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ − ქართული მწერლობის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ისტორიული რომანი. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15.50.

"დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ 1939 წელს გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ მწერალს უზომოდ მწირი ისტორიული ცნობები ჰქონდა ხელთ, მაინც საოცრად რეალისტური პერსონაჟები შექმნა. აკი წერს კიდეც რომანის ბოლოსიტყვაობაში:

"ვინც დაახლოებით მაინც წარმოიდგენს, თუ რა დიდი მხეცი იყო ბასილი II... გასაგები იქნება, თუ რა კოლოსალური ძალის მატარებელი ყოფილა იმჟამინდელი საქართველოს მეფე გიორგი პირველი, რომელმაც ერთხელ, მაგრამ მაინც დაამარცხა კეისარი ბიზანტიისა, და ამ უბადლო ვაჟკაცს, რომელსაც მატიანე უწოდებს "უშიშოს, ვითარცა უხორცოს“, ქართულ ქორონიკებში მხოლოდ ორიოდე გვერდი აქვს მიძღვნილი. მე შემძრა ამ უსამართლობამ...“

მართალია, "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ ისტორიული რომანია, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მკითხველმა თანამედროვე ეპოქასთან პარალელი ვერ / არ გაავლო. იმავე ბოლოსიტყვაობაში მწერალი წერს, რომ რომანის მთავარი თემა არის "განწირული ბედი დიდი ხელოვანისა ტირანულ სახელმწიფოში“. ტირანული სახელმწიფოს მარწუხები მაშინ აშკარა იყო...

სხვათა შორის, ამ ტირანული სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს − სტალინს − "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ დიდად მოსწონებია. "ბერიას საქმეზე“ დაკავებული ავქსენტი რაფავა, რომელიც 1941-1948 წლებში საქართველოს უშიშროების ორგანოებს ხელმძღვანელობდა, 1954 წლის 26 მაისს, დაკითხვისას, შემდეგ ჩვენებას აძლევს: "ერთხელ ბერიამ, 1953 წლის მაისში თუ ივნისში, სხვათა შორის თქვა, რომ 40-იანი წლების ბოლოს ყირიმში დასასვენებლად მყოფ სტალინს, რომელიც უძილობას უჩიოდა, წასაკითხად გამსახურდიას რომანი "დიდოსტატის მარჯვენა“ გადასცა. სტალინს შუაღამისას ბერიასთვის დაურეკავს და უთქვამს: "მე არ ვიცოდი, გამსახურდია რა შესანიშნავი მწერალი ყოფილაო“ (წყარო).

სტალინის დადებითი წარმოდგენა სრულად შეიცვალა "დავით აღმაშენებლის“ წაკითხვის შემდეგ. თურმე ლურჯ-წითელი მელნით მიუწერია წიგნის გვერდებზე თავისი შენიშვნები, კ. გამსახურდიას გარიყვა და დევნაც აქედან დაიწყო... თუმცა მისი შემოქმედება დარჩა, როგორც უდიდესი საგანძური, რომელმაც სამუდამოდ უკვავყო მწერლის სახელი, რადგან, როგორც თავად წერს: "ხელოვნებაა თავათ უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი...“