19 ივლისიდან, გუსტავ კლიმტის ალბომი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ერთად - კვირის პალიტრა

19 ივლისიდან, გუსტავ კლიმტის ალბომი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ერთად

"ვისაც ჩემ შესახებ რამის გაგება უნდა, ყურადღებით დააკვირდნენ ჩემს ნახატებს. იქ აღმოაჩენენ, თუ ვინ ვარ და რა მინდა,“ - ეს სიტყვები მსოფლიოს დიდებულ მხატვარს, გუსტავ კლიმტს ეკუთვნის. მართლაც, კლიმტი თითქმის არასოდეს არ საუბრობდა თუ წერდა თავისი შემოქმედების შესახებ. რაც უნდა გულდასმით დავაკვირდეთ მის ნამუშევრებს, ფაქტია, რომ დიდ მხატვარს დიდი აზრის მარტივად მიწოდება ნაკლებად ჰყვარებია, რადგან მისი ნახატები დღემდე თავსატეხს უჩენს ხელოვნების მკვლევრებს.

კლიმტის ნახატების შესახებ ბევრს საუბრობენ, ბევრია ჰიპოთეზა, ლეგენდაც და ჭორიც, მაგრამ ფაქტია, რომ სიმბოლიზმის ოსტატმა მსოფლიოს დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა, რომლის შესახებ მსჯელობას, ალბათ, ბოლო არ უწერია. თუკი გიყვართ კლიმტის შემოქმედება, გსურთ მისი ნახატების ზუსტი ასლებით დატკბეთ და თანაც მხატვრის შესახებ ინფორმაციასაც გაეცნოთ, გეტყვით, რომ 19 ივლისიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ გამომცემლობა "პალიტრა L-ის“ ცნობილი სერიის "დიდი მხატვრების“ ახალი, გუსტავ კლიმტის ალბომი. ალბომის სპეციალური ფასია 15 ლარი, გაზეთთთან ერთად - 17 ლარი.

როდესაც კლიმტის შესახებ საუბრობენ, ყველას მისი ცნობილი ნახატი "კოცნა“ და მის შესახებ არსებული ჰიპოთეზები ახსენდება, მაგრამ დღეს ჩვენ მას არც კი ვახსენებთ... არამედ კლიმტის შესახებ 10 ისეთ გასაოცარ ფაქტს გაგაცნობთ, რომლებიც ძალიან ცოტა ადამიანმა იცის.

1. 14 წლის ასაკში მოიპოვა ხელოვნების სკოლის სტიპენდია

კლიმტი 1862 წელს ვენის მახლობლად, ბაუმგარტენში დაიბადა. იგი შვიდი შვილიდან მეორე იყო. დედამისი ნიჭიერი მუსიკოსი გახლდათ, რომელიც ოპერის მომღერლობაზე ოცნებობდა, თუმცა ოჯახის გამო თავისი ოცნება აუხდენელი დარჩა. კლიმტის მამა იუველირ-გრავიორი და ნიჭიერი მხატვარი იყო, რომელიც ბავშვებს პატარაობიდანვე ასწავლიდა ხატვას. ოჯახი მოკრძალებულად ცხოვრობდა და დიდი შესაძლებლობები არ ჰქონდათ, ამიტომ, ფაქტობრივად, კლიმტმა სასურველი განათლების მიღება იმ სტიპენდიის დამსახურებით შეძლო, რომელიც 14 წლის ასაკში მოიპოვა. მალე მის გზას გაჰყვა უმცროსი ძმა ერნესტიც.

2. კარიერა ინტერიერის მხატვრობით დაიწყო

კლიმტი აკადემიის ვარსკვლავური მოსწავლე იყო. მან თავისი ნიჭით ჯერ კიდევ სწავლის დასრულებამდე არაერთი ადამიანის აღფრთოვანება შეძლო. სასწავლებელში მისი მთავარი მიმართულება არქიტექტურული ფერწერა იყო. სასწავლებლის დასრულების შემდეგ თავის ძმა ერნესტთან და მეგობარ მხატვარ ფრანც მატჩთან ერთად დააარსა ინტერიერის დიზაინის სტუდია. აღსანიშნავია, რომ სწორედ მათ გააფორმეს ვენის ბურგთეატრი და სამხატვრო-ისტორიული მუზეუმი. გაწეული სამუშაოთი იმდენად მოიხიბლა იმპერატორი ფრანც იოსეფ I, რომ ისინი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

კლიმტის სტუდია მისი გარდაცვალების შემდეგ

3. ოჯახურმა ტრაგედიამ რადიკალურად შეცვალა კლიმტის შემოქმედებითი ხედვა და მიმართულება

ძმები კლიმტები და ფრანც მატჩი 1890 წელს ვენის მხატვართა ასოციაციის წევრები გახდნენ. მათი ტრიო წინ მიიწევდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც კლიმტის მამა და ერნესტი გარდაიცვალნენ. ოჯახურმა ტრაგედიამ იმდენად იმოქმედა კლიმტის შინაგან სამყაროზე, რომ მან შემოქმედების მიმართულებაც კი შეიცვალა - უარი თქმა კლასიციზმზე და მის შემოქმედებაში სიმბოლიზმის ხანა დაიწყო.

1897 წელს ვენის მხატვართა ასოციაცია დატოვა და ახალი დაჯგუფება დააფუძნა, რომელიც ახალგაზრდა, არატრადიციული მხატვრობის წარმომადგენლებს უჭერდა მხარს არა მხოლოდ ავსტრიაში, არამედ საზღვრებს გარეთაც. პარალელურად მხატვართა სტუდიაში მუშაობასაც აგრძელებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ვენის უნივერსიტეტისთვის შესრულებული ფრესკები პორნოგრაფიულად მიიჩნიეს და უარყვეს, კლიმტმა დაიფიცა, რომ საჯარო სივრცეების მხატვრობაზე სამუდამოდ უარს ამბობდა.

4. კლიმტს კატები უყვარდა... თუმცა ქალები - უფრო

ცნობილი მხატვარი ასევე ცნობილი მექალთანე გახლდათ, რომლისთვისაც უდიდეს სიამოვნებას ქალური სილამაზე და სექსი წარმოადგენდა. ამბობდნენ, რომ ყველა ქალი, ვისი პორტრეტიც კი ოდესმე დაუხატავს, მისი საყვარელი იყო და, სულ მცირე, 14 უკანონო შვილი ჰყავდა, რომელთაგან ოფიციალურად მხოლოდ 4 აღიარა. მეორე მხრივ, ქალებიც გიჟდებოდნენ კლიმტზე. მათ ხომ შეეძლოთ გათენებიდან დაღამებამდე სრულიად შიშვლები გაუნძრევლად ყოფილიყვნენ კლიმტის კატებით სავსე სტუდიაში, სანამ მხატვარი მათ ხატავდა.

5. დროებითი გატაცებების გარდა, ერთი ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა

რაც უნდა გასაკვირი იყოს, კლიმტის ყველაზე ხანგრძლივი და ინტიმური მეგობრობა მხოლოდ ერთ ადამიანთან - ემილი ფლოგესთან შედგა, რომელიც მისი ძმის ცოლის და, ვენის მოდის სალონის მფლობელი იყო. დადასტურებულად არავინ იცის, მათ შორის ფიზიკური კავშირიც იყო თუ არა, თუმცა ღრმა სულიერ ურთიერთობაზე ეჭვი არავის ეპარება. ემილი მხატვრის არაერთ ნამუშევარში ჩანს (ერთ-ერთი ვერსიით, ცნობილ "კოცნაში“ კლიმტი და ემილი არიან გამოსახულნი). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კლიმტის უკანასკნელი სიტყვები იყო: "ემილის გაუგზავნე“.

6. ბიზანტიურმა მოზაიკამ უდიდესი გავლენა იქონია მხატვრის "ოქროს ხანაზე“

კლიმტი არც ისე ხშირად მოგზაურობდა, თუმცა, როგორც ცნობილია, ერთხელ ვენეცია და რავენა მოინახულა. ორივე ქალაქი ცნობილია ბრწყინვალე, ოქროსფერი ბიზანტიური მოზაიკით, რამაც მხატვარზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და სწორედ ამის შემდეგ იწყება მის შემოქმედებაში "ოქროს ხანა“ ამ ფრაზის პირდაპირი და ირიბი გაგებით.

7. კლიმტის ნახატი "ადელ ბლოხ-ბაუერ I“ იყო ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა

ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი 1903 წელს მისმა ქმარმა შეუკვეთა კლიმტს. ცნობილია, რომ, სანამ პორტრეტის საბოლოო ვერსიას შექმნიდა, კლიმტმა 4 წლის განმავლობაში ნახატის 100-მდე ესკიზი შექმნა. თვალისმომჭრელი პორტრეტი ბლოხ-ბაუერების ოჯახში რჩებოდა მანამ, სანამ ნაცისტებმა ავსტრიის სახელმწიფო გალერეაში არ მიუჩინეს ადგილი. 2006 წელს ხანგრძლივი სასამართლო დავის შემდეგ ოჯახის ერთ-ერთმა შთამომავალმა, მარია ალტმანმა, ნამუშევარზე უფლება მოიპოვა. ქალმა პორტრეტი იმავე წელს გაიტანა აუქციონზე. ნახატი 135 მლნ დოლარად გაიყიდა - ეს იყო ყველაზე დიდი თანხა, რაც კი მანამდე აუქციონზე გატანილ ნივთში გადაუხდიათ.

8. ცნობილი ავსტრიელი მხატვარი ეგონ შილე მისი პროტეჟე იყო

1907 წელს, როდესაც ეგონ შილე ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, თავისი კერპის, გუსტავ კლიმტის მფარველობის ქვეშ მოხვდა. მათ შორის მალევე შედგა მტკიცე მეგობრული კავშირი. კლიმტმა ახალგაზრდა სტუდენტს არაერთი მხატვარი გააცნო, ცნობილ გალერეებთან დააკავშირა და ზოგადად, მისი კარიერის შექმნას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. შილე ბევრ რამეს სწავლობდა თავისი მასწავლებლისა და მფარველისგან. იგი კლიმტს ასე ახასიათებდა: შეუდარებელი პერფექციონისტი მხატვარი, იშვიათად ღრმა სულის მქონე ადამიანი...