საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალ არიტექტორთა პროფესიული დახელოვნებისთვის ყოველწლიური კონკურსი დაარსდა - კვირის პალიტრა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალ არიტექტორთა პროფესიული დახელოვნებისთვის ყოველწლიური კონკურსი დაარსდა

საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების ინციატივით, მათივე ორგანიზებითა და ფაკულტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ღონისძიება - "ფრენის მემკვიდრეობა“ გაიმართა, რომელიც ცნობილი კონცეპტუალისტი არქიტექტორისა და პედაგოგის, ვაჟა გელაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება მიზნად ისახავდა მომავალ არქიტექტორთა პროფესიულ დახელოვნებას, შემოქმედებითი თავისუფლების განვითარებას და კლიშეებისაგან თავისუფალი აზროვნების შედეგად შექმნილი ნამუშევრებისა და პროექტების შექმნა-დემონსტრირებას. სტუდენტების ინიციატივითა და ორგანიზებით გამართული ღონისძიება - "ფრენის მემკვიდრეობა“ სამი ნაწილისგან შედგებოდა: არქიტექტორ ვაჟა გელაშვილის ნამუშევრების გამოფენა, სალექციო კურსი და ვორქშოფი პოსტერისა და არქიტექტურული მოდელის შესაქმნელად. ღონისძიებაში ხუთ-ხუთი სტუდენტით დაკომპლექტებული 6 ჯგუფი მონაწილეობდა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ აღნიშნა, ფაკულტეტისთვის სასიხარულოა, რომ სტუდენტებმა თვითონ ითავეს და პროფესიონალურ დონეზე დაორგანიზებული, ამავდროულად, ემოციურად ძალიან შთამბეჭდავი და მრავალკომპონენტიანი ღონისძიება ჩაატარეს. დეკანის თქმით, ორმაგად სასიხარულო ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ სტუდენტებმა აღნიშნული ღონისძიებით ახლახან გარდაცვლილი შესანიშნავი არქიტექტორისა და პედაგოგის, ვაჟა გელაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და ღონისძიებით ის მთავარი პრინციპები, შემოქმედებითი კონცეფცია და მიდგომები წარმოაჩინეს, რომელსაც ვაჟა გელაშვილი სწავლების პროცესში თავისი სახელოსნოს სტუდენტებს უზიარებდა.

"ჩვენმა სტუდენტებმა თორნიკე ჭიკაძემ, გვანცა ბერძენიშვილმა, ნინი დავითაძემ, ნიკიტა ტიმოშენკომ და ანასტასია კენჭაძემ სერიოზულ ღონისძიებას ჩაუყარეს საფუძველი და ამით ცნობილი არქიტექტორისა და პედაგოგის - ვაჟა გელაშვილის ამაგი დააფასეს. არც "ფრენის მემკვიდრეობაა“ ამ ღონისძიების შემთხვევითი სახელწოდება. მიზანი სწორედაც რომ კლიშეების მსხვრევა და შემოქმედებითი თავისუფლების მოპოვებაა იმისთვის, რომ ღირებული ნამუშევარი შეიქმნას, რომ სტუდენტი ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდეს და რეალურად უპასუხოს ეპოქის მოთხოვნებს. ვაჟა გელაშვილის სწავლების პრინციპი სწორედ შემოქმედებითი თავისუფლების ფილოსოფიას ემყარებოდა. მადლობას ვუხდით ვაჟა გელაშვილის ოჯახს, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, ღონისძიების პირველ ნაწილში ჩვენი კოლეგის სრულიად უცნობი, უნიკალური ნამუშევრების გამოფენა მოგვეწყო. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა 2-დღიანი სალექციო კურსი არქიტექტურისა და ურბანისტიკის აქტუალურ საკითხებზე, ასევე, მოეწყო ვოქრქშოფი, რომელიც მიზნად ისახავდა იდეების, როგორც გრაფიკულად, პოსტერის სახით წარმოდგენას, ასევე, არქიტექტურული მოდელის, მაკეტის შექმნას სხვადასხვა მასალის გამოყენებით. საერთო ჯამში, ღონისძიებაში 30-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც. გამარჯვებული სტუდენტური ჯგუფი ორივე ნომინაციაში ჟიურიმ გამოავლინა, დაჯილდოების ცერემონია კი ღია სივცეში, მზიურის პარკში შედგა. ჟიურის წევრები იყვნენ, როგორც ჩვენი ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებია ასევე, მოწვეულები, მათ შორის არქიტექტურული ასოციაციის პრეზიდენტი, ჟურნალ "სტილის“ რედაქტორი ნინო ლაღიძე. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა არაჩვეულებრივი ნამუშევრები შექმნეს, სრულიად გამორჩეული მკვეთრი ინდივიდუალიზმით. თბილისის მერიასთან შეთანხმებით, უახლოეს მომავალში, გამარჯვებული პოსტერის მიხედვით, თბილისის ერთ-ერთ უბანში დიდი კედელი მოიხატება“, - აღნიშნა ნინო იმნაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები გეგმავენ, რომ ღონისძიება - "ფრენის მემკვიდრეობა“ ტრადიციული და მეტად მასშტაბური გახადონ. მათი გადაწყვეტილებით, ღონისძიება და შესაბამისად, კონკურსი ყოველწლიურად, ივლისის თვეში გაიმართება.