საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, Amazon-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი სტუდენტებს წარმატებული კარიერის შექმნის შესაძლებლობებზე ესაუბრა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, Amazon-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი სტუდენტებს წარმატებული კარიერის შექმნის შესაძლებლობებზე ესაუბრა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ პავლე მგელაძეს შეხვდნენ, რომელიც Amazon.com-ში მაღალ ბიზნესპოზიციაზე დასაქმებული პირველი ქართველია. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საინტერესო ისტორიას პირადად გაეცნობოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას, რომელიც პარალელურად, ონლაინ ფორმატშიც მიმდინარეობდა, ორგანიზება სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა გაუწია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, პავლე მგელაძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა საერთაშორისო კორპორაციებთან თანამშრომლობის საკუთარ გამოცდილებასა და იმ საჭირო უნარ-ჩვევებზე, რაც
წარმატებული კარიერის შექმნას უწყობს ხელს.
"თითოეულ წარმატებულ კარიერას თავისი უნიკალური ისტორია აქვს, მაგრამ საერთო ნიშნების გამოყოფა და მათზე აქცენტირება აუცილებლად მიმაჩნია. მოხარული ვარ, რომ სტუდენტები ჩემი ისტორიით დაინტერესდნენ. მეც დიდი სიამოვნებით მივიღე ეს გამოწვევა და მათ ჩემი გამოცდილება გავუზიარე. მეც მათსავით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი
ვიყავი და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბევრი რამ გადავაფასე. რა არის მთავარი, რომ წარმატებული კარიერა შედგეს? პირველ რიგში, ირწმუნო საკუთარი ძალების - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მეორე - ბევრი უნდა იშრომო, ისწავლო და დაეუფლო იმ სპეციალობას, რაც დღეს მსოფლიოში ყველაზე მეტად მოთხოვნადია. მესამე - არ უნდა შეგეშინდეს შეცდომების დაშვების, რაც ისედაც გარდაუვალია და არასოდეს დაიხიო უკან, როდესაც ვინმე დაგცინის. მეოთხე - წარმატებისკენ სავალ გზაზე უნდა იყო შეუპოვარი. მეხუთე - კონკრეტული წარმატების ფორმირება კონკრეტული ადამიანის ხელშია და ის არ არის გაურკვეველ ბედისწერაზე დამოკიდებული. თუ სწორ ნაბიჯებს აკეთებ, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, ნაცნობებიც და უცნობებიც, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებიან მიზნის მიღწევაში. Amazon-ში, სადაც მე ვმუშაობ, დღეს 26 ათასი ვაკანსიაა პროგრამირების მიმართულებით. წარმოგიდგენიათ - 26 ათასი ვაკანტური ადგილი, რომელიც ღიაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში მცხოვრები პროგრამისტებისთვის. მათ შეუძლიათ დასაქმდნენ ამ დიდ კორპორაციაში, იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებენ ვაკანსიის შესაბამის მოთხოვნებს. მათ შორის, შესაძლებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც აღმოჩნდნენ“, - აღნიშნა პავლე მგელაძემ.

შეხვედრის დასასრულს, პავლე მგელაძემ სტუდენტების მრავალრიცხოვან შეკითხვებს დეტალურად უპასუხა, ხოლო სტანდარტულ შეკითხვებზე მოკლე და მარტივი პასუხი გასცა - "დაგუგლეთ“.

პავლე მგელაძემ 2006 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის განხრით. ის პირველი ქართველია, რომელიც Amazon.com-ში მაღალ ბიზნესპოზიციაზე მუშაობს. მისი კარიერა Amazon-ს 2016 წლიდან უკავშირდება, Emory-ს უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ. მუშაობა Trade-In გუნდისთვის საფასო ალგორითმების აწყობით დაიწყო, ამჟამად კი, პავლე მგელაძე კომპანია Amazon-ის მსოფლიო რევერსული ლოგისტიკის ხელოვნური ინტელექტის ბიზნესჯგუფის ხელმძღვანელია და როგორც თვითონ ამბობს, ახალ ტექნოლოგიებს მომხმარებლის ოცნებების ასასრულებლად იყენებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები