საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საზოგადოებას პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საზოგადოებას პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს ულოცავს
"მე-20 საუკუნის ბოლოს, საქართველოს მეტნაკლებად გააჩნდა ყოველივე, რაც იმ დრომდე კაცობრიობამ შექმნა, გარდა კოსმოსური ობიექტისა. 1999 წლის 23 ივლისს, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი წარმატებით გამოიცადა ღია კოსმოსურ სივრცეში, რის შემდეგაც დამოუკიდებელ ორბიტაზე დაიწყო ფრენა. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილია და მასთან ერთად კოსმოსური ობიექტის შემქმნელები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრები არიან. ამ მოვლენამ საქართველოს ისტორიაში დროის ათვლის კიდევ ერთი საწყისი გააჩინა, როდესაც ქართული ხელთქმნილი ნაკეთობა პირველად
გასცდა დედამიწას და უკიდეგანო კოსმოსში გავიდა“ , - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და ამ მოვლენის სამეცნიერო მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს.

"დადგა დრო, შევაფასოთ განვლილი გზა, რომელიც საქართველოში საინჟინრო სკოლის შექმნას, განვითარებას და მიღწევებს უკავშირდება. ამ
მხრივ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იტვირთა ჩვენს ქვეყანაში სამშენებლო, მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკის, მეტალურგიის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულოობის, სამთო, გეოლოგიური, ქიმიური, გამოთვლითი ტექნიკის დარგების საკადრო, სამეცნიერო, ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარება და მიღწევები.


უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მოლოდინში, სისტემური ანალიზი უკეთდება იმას, რაც შევძელით ან ვერ შევძელით და მივდივართ დასკვნამდე, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოღვაწეობამ, რომელიც საბჭოთა იმპერიის და შემდგომი პერიოდის რთულ ეტაპებს მოიცავს, ძირითადად, განაპირობა საქართველოს ინდუსტრიალიზაცია. ეს იყო სწავლის, სამეცნიერო და შრომის პროცესი, რომელმაც მრავალი წარმატებული ისტორია მოიცვა.

ეს დღე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრების მოღვაწეობის ერთ უმმნიშვნელოვანეს ეტაპს ეხება, რომელმაც განაპირობა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შექმნა და საფუძველი ჩაუყარა რეფლექტორის კოსმოსში გაშვების ისტორიას. გასაშლელი რეფლექტორი დაპროექტდა, დამზადდა და წინასაფრენოსნოდ გამოიცადა საქართველოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ.

ელგუჯა მეძმარიაშვილის, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრის, სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების აღიარებას მოჰყვა "სრულიად საიდუმლო“ საკავშირო პროგრამის – "სამხედრო ტექნიკის პერსპექტიული მიმართულებები და მათი რეალიზაციის ფორმები“-ს შემუშავება. მაშინ ეს ფაქტი საქართველოსთვის უპრეცედენტო შემთხვევა იყო, რამაც დიდი და ისტორიული შედეგი გამოიღო არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის – ორბიტაზე პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი გავიდა.

კოსმოსური ობიექტის შექმნის პრინციპები შემუშავდა, ექსპერიმენტული კვლევები ჩატარდა, აწყობის ტექნოლოგიური ციკლი განისაზღვრა და გამოიცადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მცხეთის სასტენდო კომპლექსში, რომელიც არაგვის ველზე, სოფელ საგურამოსთან მდებარეობს და რომელსაც XX საუკუნის 80–90-იან წლებში ანალოგი არ გააჩნდა მსოფლიოში; კოსმოსური ობიექტის პროექტი დამუშავდა საქართველოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მიერ; კოსმოსური ობიექტის ორი – საფრენოსნო და სარეზერვო ეგზემპლიარი დამზადდა თბილისის საავიაციო საწარმოო გაერთიანებაში, სადაც ასევე ჩატარდა მათი საქარხნო გამოცდები; ობიექტის საფრენოსნო ეგზემპლიარი, დაკეცილი სატრანსპორტო პაკეტის სახით, მომზადდა და გაიგზავნა "ბაიკონურის“ კოსმოდრომზე, სადაც ის კოსმოსურ ხომალდში განათავსეს; კოსმოსური ობიექტის სარეზერვო ეგზემპლიარის სასტენდო, წინასაფრენოსნო გამოცდები ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსური ტექნიკის სასტენდო დარბაზში.


1999 წლის 16 ივლისს რაკეტა მატარებელმა, კოსმოსური ხომალდის - "პროგრეს-42“ ორბიტაზე გასაყვანად, რომელშიც განთავსებული იყო რეფლექტორის დაკეცილი, სატრანსპორტო პაკეტი, კოსმოდრომ "ბაიკონურიდან“ სტარტი განახორციელა; 1999 წლის 18 ივლისს კოსმოსური ხომალდი შეუპირისპირდა ორბიტულ სადგურს; 1999 წლის 19 ივლისს კოსმოსური გასაშლელი რეფლექტორის დაკეცილი პაკეტი, დიამეტრით 0,6 მეტრი, სიმაღლით 1,2 მეტრი და მასით 34 კგ, კოსმონავტებმა კოსმოსური ხომალდიდან გადაიტანეს, მსოფლიოში იმ დროს არსებულ ერთადერთ, ორბიტულ სადგურ “მირ”-ზე.

ამის შემდეგ, 1999 წლის 23 - 28 ივლისს, ღია კოსმოსურ სივრცეში, ორბიტულ სადგურზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, გაიშალა და გამოიცადა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი. კოსმოსური პროგრამა "რეფლექტორის“ წარმატებით დამთავრების შემდეგ, 1999 წლის 28 ივლისს, რეფლექტორი ჩამოსცილდა ორბიტულ სადგურს და დაიწყო მოძრაობა დედამიწის ირგვლივ დამოუკიდებელ ორბიტაზე. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ყოველმხრივ მომსახურება და მათ შორის სრულმასშტაბიანი მექანიკური გამოცდები, კოსმოსური ექსპერიმენტის – "რეფლექტორის“ შესაბამისად, ორბიტულ სადგურზე უზრუნველყო ინტერნაციონალურმა ეკიპაჟმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: კოსმონავტები ვიქტორ აფანასიევი, სერგეი ავდეევი და ასტრონავტი, ბრიგადის გენერალი ჟან-პიერ ენიერე.

აღსანიშნავია, რომ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი კოსმონავტიკის ისტორიასა და სამეცნიერო გამოცემებში აღიარებულია პრიორიტეტული მიმართულების დასაწყისად კოსმოსურ ტექნოლოგიებში. შესაბამისად, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გაყვანის და წარმატებული გამოცდის თარიღი, ასევე, მისი განხორციელების ფაქტი შეტანილია კოსმოსის ათვისების უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ქრონიკათა ჩამონათვალში. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გაყვანიდან 20 წლის შემდეგაც, ჯერჯერობით, ევროპულ კოსმოსურ სააგენტოში (ESA) გაერთიანებული სახელმწიფოებისთვის მიუღწეველია დიდგაბარიტიანი კოსმოსური რეფლექტორის კოსმოსში გაყვანა და წარმატებული გაშლა.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შემქმნელებისა და კოსმოსში ჩატარებული ექსპერიმენტის მონაწილეების ღვაწლი აღინიშნა სახელმწიფო ჯილდოებით, გამოიცა საფოსტო მარკები, რომლებზეც გამოსახულია ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი ორბიტულ სადგურზე და ღია კოსმოსურ სივრცეში ფრენის დროს და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში 23 ივლისი "პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღედ“ დაწესდა.

ჩვენი ქვეყნისთვის ამ ღირსშესანიშნავ დღეს პირველ რიგში ვულოცავთ აკადემიკოსს, გენერალ-მაიორ, ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილს, ვულოცავთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მთელ საქართველოს“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მიმართვაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები