"დიდგორი - 900" - ამ წიგნის გამოცემით "პალიტრა L" თავის წვლილს შეიტანს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებიდან 900 წლისთავის აღნიშვნაში
გამომცემლობა "პალიტრა L" მკითხველს საშუალებას აძლევს, "კვირის პალიტრის" 9 აგვისტოს ნომერთან ერთად შეიძინოს ისტორიკოს ჯაბა სამუშიას წიგნი "დიდგორის ბრძოლა, ძლევაი საკვირველი". წიგნი დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა. მასში ავტორი ამ ბრძოლის შესახებ საინტერესო ვერსიებს გვთავაზობს და ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვების სამხედრო სტრატეგიაზე გვესაუბრება.

ჯაბა სამუშია, ისტორიკოსი:

- ვრცელი მონოგრაფია "დიდგორის ბრძოლა, ძლევაი საკვირველი" დიდგორის ბრძოლის ახლებურად გააზრების ცდაა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ წიგნში ჩვენ შევეცადეთ განგვესაზღვრა, სად
შეიძლებოდა მომხდარიყო დიდგორის ბრძოლა. ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა დიდგორის ბრძოლის ადგილთან დაკავშირებით. მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ბრძოლა გაიმართა სოფელი დიღმის ზემოთ, პატარა სოფელ დიდგორის წინ, ვრცელ ველზე. ამ მოსაზრებას თავის დროზე მხარი დაუჭირა ცნობილმა მეცნიერმა სარგის კაკაბაძემ. შოთა მესხია, ივანე შაიშმელაშვილი, როინ მეტრეველი, მარიკა
ლორთქიფანიძე და სხვა მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ დიდგორის ბრძოლა გაიმართა ნიჩბისის ხევის სათავესთან, დიდგორის მთის მიდამოებში, ე.წ. ზემო დიდგორის ტერიტორიაზე. ამ ადგილზე დღეს მონუმენტიცაა აღმართული. ეს მოსაზრება დღესდღეობით ქართულ ისტორიოგრაფიაში გაბატონებულად ითვლება. მესამე მოსაზრების მიხედვით კი, რომელიც ბოლო ხანს გამოთქვა სოსო მარგიშვილმა, ბრძოლის პირველი ეტაპი გაიმართა მდინარე ვერეს ხეობის სათავეებთან და ეს იყო ჩასაფრება, მერე კი ქართველები მანგლისიდან ვერეს ხეობისაკენ კოლონებით მომავალ მტერს დაესხნენ თავს. ჩვენ შევეცადეთ, აბსოლუტურად ახლებურად წარმოგვეჩინა ეს საკითხი. თავდაპირველად განვსაზღვრეთ, რომელ ადგილს უწოდებდნენ შუა საუკუნეებში დიდგორს. საქმე ის არის, რომ შემდგომში ამ მიდამოებში ბევრი ტოპონიმი შეიცვალა. მტრის შემოსევების შედეგად ეს რეგიონი მოსახლეობისაგან დაიცალა - გვიან შუა საუკუნეებში, ფაქტობრივად, ნასოფლარებით იყო სავსე. შემდგომ აქ ხალხი ჩამოასახლეს, რამაც ადგილობრივი ისტორიული მეხსიერება დავიწყებას მისცა. ამას დაემატა ისიც, რომ საბჭოთა პერიოდში დიდგორის მთად იწოდებოდა დიდგორის ქე­დის მხოლოდ ერთი მონაკვეთი - მისი ჩრდილოეთ ნაწილი, ხოლო იმ ადგილს, სადაც შუა საუკუნეებში იყო დიდგორი, სრულიად სხვა - ქართლის ქედის სახელით იცნობდნენ. სწორედ ამან განაპირობა ქართველ ისტორიკოსთა ასეთი პოზიცია. ეს საკითხი წიგნში ვრცლად არის განხილული, გამოყენებულია მასალები ქართული სიგელებიდან, რომლებშიც კარგა ჩანს, კონკრეტულად რომელ ადგილს უწოდებდნენ დიდგორს შუა საუკუნეებში.

დიდგორის ბრძოლის ადგილის განსაზღვრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არაბი ისტორიკოსის, ალ-ფარიკის ერთი ცნობა. ის საქართველოში იყო 1154 წელს, ანუ დიდგორის ბრძოლიდან სულ რაღაც 33 წლის შემდეგ. ალ-ფარიკი წერს, რომ პირადად ნახა ის ველი და ქედი, სადაც მოხდა დიდგორის ბრძოლა და სადაც დაბანაკებული იყო ქართველთა არმია. სწორედ ამ გორიდან დაეშვნენ ქართველები და გაანადგურეს მტერი. ასეთი ადგილი, სადაც ველი და მთა სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით საინტერესოდ ერწყმის ერთმანეთს, არის სწორედ ის ქედი, რომელსაც საბჭოთა პერიოდში უწოდებდნენ ქართლის ქედს და რომელსაც, როგორც ითქვა, შუა საუკუნეებში დიდგორის მთა ეწოდებოდა. ამ მოსაზრებას ფართოდ და დაწვრილებით განვიხილავთ და ვამყარებთ ჩვენს წიგნში. დიდგორის ბრძოლის ლოკალიზაცია გვაძლევს საშუალებას, ახლებურად აღვადგინოთ ბრძოლის მიმდინარეობა.
ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა მაინც ის არის, საერთოდ რატომ შემოვიდა ილ-ღაზი ალგეთის ხეობაში. აქ მოხვედრის შემდეგ მას აშკარად არ ჰქონდა უპირატესობა - ჩვენ ვგულისხმობთ ალგეთის ხეობიდან დიდგორისაკენ მიმავალ გზას. წიგნში განხილულია ის ტაქტიკური სვლა დავით აღმაშენებლისა, რომელმაც აიძულა ილ-ღაზი, შეცდომა დაეშვა და ალგეთის ხეობაში შემოსულიყო. ეს არის კიდევ ერთი სიახლე ჩვენი ნაშრომისა.

- რამდენ ხანს იწერებოდა ეს წიგნი?
- წიგნი დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში იწერებოდა. წლების წინ უკვე დასრულებული იყო, მაგრამ იყო ერთი პრობლემა - ბრძოლის ადგილის განსაზღვრა, რის გარეშე ბრძოლის რეკონსტრუქცია წარმოუდგენელია. ამ საკითხის გადაწყვეტის გარეშე ძნელი იყო, ჩვენი ნაშრომისთვის წერტილი დაგვესვა, ამიტომ წლების განმავლობაში ვაწყობდით ექსპედიციებს. დიდგორის გარშემო ყველა ხეობა საგულდაგულოდ შევისწავლეთ. მთავარი გასაღები ადგილის ძიებისას აღმოჩნდა ის ცნობები, რომლებიც ქართულ წყაროებში იყო გაფანტული და რომლებშიც დიდგორის გარშემო სოფლების ისტორიის ცალკეული ეპიზოდები იყო გადმოცემული. მაგალითად, ხშირად იხსენიება სოფელი მოხისი, დიდგორზე. ბუნებრივია, ამ წიგნში ჩვენ მხოლოდ ერთ-ერთ ვარაუდს ვთავაზობთ მკითხველს. უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული წყაროები სიტყვაძუნწი აღმოჩნდა საზოგადოდ დიდგორის ბრძოლის შესახებ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დიდგორზე რომ ბრძოლა გაიმართა, ამის შესახებ თამარის ისტორიკოსი, "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" მოგვითხრობს, აღმაშენებლის მემატიანე კი მხოლოდ გვეუბნება: "მოვიდნენ თურქნი თრიალეთს, მანგლისს და დიდგორს." უშუალოდ ბრძოლას ის მოკლედ აღწერ. მის მონათხრობში გაცილებით მეტია ბელეტრისტიკა და ზოგადი ფრაზა.

- როდესაც იწყებთ მუშაობას, იცით, როგორია საზოგადოების ინტერესი ამა თუ იმ თემის მიმართ. რატომ დაიწერა "დიდგორის ბრძოლა, ძლევაი საკვირველი", რა იყო თქვენთვის მოტივაცია?
- ისტორიის შესწავლას ნაციონალური მეხსიერების შენარჩუნების თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასეთი საზოგადოება მყარად დგას საკუთარ ფესვებზე. ისტორია ხომ მხოლოდ ქრონიკები არ არის. ეს არის შენი ერის, შენი ცივილიზაციის წარსული. თუ არ იცი შენი წარსული, ბუნებრივია, მომავლის განჭვრეტაც რთულია.

900 წელი გავიდა დიდგორის ამბებიდან. წარმოიდგინეთ, რამდენმა თაობამ განვლო და დღესაც ახსოვთ ადამიანებს ეს უდიდესი ბრძოლა, იმიტომ, რომ დიდგორმა შექმნა მთელი ეპოქა - "ოქროს ხანა", მაგრამ ჩვენთვის მთავარია, როგორ შეიქმნა დიდგორის გამარჯვება. წიგნში ამაზეც არის საუბარი - შრომით, ბრძოლით და რწმენით. ეს წიგნი, ფაქტობრივად, მომავალი თაობისთვის დაიწერა და ყველა თაობას თავისი დიდგორი აქვს მოსაგები.
წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად - 12 ლარი.

12 აგვისტოს დიდგორობაა და ამ წიგნის გამოცემით "პალიტრა L" თავის წვლილს შეიტანს დიდგორობის 900 წლისთავის აღნიშვნაში.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები