უახლესი კარდიოლოგიური ჩარევები, რომლებიც საქართველოში ტარდება - "ჰელსიკორის“ ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი გოგორიშვილი - კვირის პალიტრა

უახლესი კარდიოლოგიური ჩარევები, რომლებიც საქართველოში ტარდება - "ჰელსიკორის“ ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი გოგორიშვილი

კარდიოლოგია/კარდიოდქირურგიული მიმართულება საქართველოში ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დარგია. შესაბამისად, დღეს გულის დაავადებების სამკურნალოდ უცხოეთში პრაქტიკულად აღარავინ დადის. როგორც სფეროს წარმომადგენლები განმარტავენ, ამ მიმართულებით სამედიცინო მომსახურების ხარისხი ევროპის წამყვან კლინიკებს არაფრით ჩამოუვარდება. პირიქით, სერვისის მისაღებად მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოდიან პაციენტები.

კარდიოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და მოთხოვნადი მომსახურება კორონარული არტერიების კათეტერიზაციაა (კორონაროგრაფია). რადგან გულის დაავადებათა შორის ყველაზე მეტად გავრცელებული სწორედ კორონარული არტერიების დაავადებებია. ამ გამოკვლევის საფუძველზე ყველაზე მაღალი სიზუსტით ხდება სათანადო მკურნალობის დანიშვნა. ეს შეიძლება იყოს მედიკამენტური მკურნალობა, სტენტირება ან შუნტირება. აღნიშნულ პროცედურებსა და სხვა კარდიოლოგიურ სერვისებზე კლინიკა "ჰელსიკორის“ ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი გოგორიშვილი გვესაუბრება.

- რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ კარდიოლოგს და ინტერვენციულ კარდიოლოგს? - ჩვენს დეპარტამენტში, როგორც წესი, მოდიან პაციენტები, ვისაც ინფარქტი ან სტენოკარდია აქვს. სტენოკარიდია გულის ტკივილის შეტევებია. თუმცა მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოებამ იცოდეს, რომ გულის ტიპიური ტკივილი, როდესაც გულმკერდის მარცხენა მხარეს ჩხვლეტა, წვა, ან ტკივილი უნდა იგრძნობოდეს, პაციენტების უმეტესობას არ აღენიშნება. როგორც წესი, პაციენტი გრძნობს გულმკერდის შუა ნაწილში, გულის ფიცრის უკან მოხრჩობისა და ზეწოლის შეგრძნებას. შეგრძნებები შეიძლება ვრცელდებოდეს ზევით კისერის ან კუჭის მიდამოში. სწორედ ასეთი "მოულოდნელი“ ლოკალიზაციის გამო ადამიანები ხშირად ვერ ხვდებიან, რომ გულის პრობლემა აქვთ და ტკივილის გამომწვევად ბრონქებსა და საყლაპავს მიიჩნევენ. შესაბამისად, ისინი გვიან ხვდებიან კარდიოლოგთან, რაც დამატებით გართულებებთანაა დაკავშირებული.

ბევრია ისეთი პაციენტი, ვისაც საერთოდ არ სტკივა და უბრალოდ, უჰაერობასა და ცივი ოფლის დასხმას გრძნობს. ეს უკანასკნელი ძირითადად დიაბეტიკებს ახასიათებთ. საქართველოში დიაბეტით დაავადების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ისინი მოგვიანებით კარდიოლოგიური პაციენტებიც ხდებიან ხოლმე.

- როგორ ხდება გულის დაავადებების დიაგნოსტიკა? - პაციენტის ჩივილების გაცნობის შემდეგ, შეფასება კარდიოგრაფიით, სტერსს/ კარდიოგრაფიითა და ექოსკოპიით ხდება. პრობლემის დადგენის შემდეგ, კი მომდევნო ეტაპი უკვე კორონაროგრაფიაა. აღნიშნული პროცედურის დროს გულის მკვებავი სისხლძარღვების ანუ კორონარების გამავლობას ვამოწმებთ. ჩვენს განყოფილებაში ჩატარებულ პროცედურათა 95% სწორედ კორონაროგრაფია და კორონაროგრაფიის შემდგომი სტენტირებაა. სტენტირების დროს პატარა ლითონის ზამბარას ვსვამთ შევიწროვებულ სისხლძარღვში, რომ გამავლობა აღვადგინოთ. თუმცა პაციენტებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ სტენტირება გულის ათეროსკლეროზული დაავადების გამოვლინების მკურნალობაა და არა თავად დაავადების. ჩვენ ვაფართოვებთ სისხლძარღვს, რომ სისხლი გაატაროს. თუმცა აუცილებელია მოგვარდეს ის პრობლემაც, რაც სისხლძარღვის შევიწროვებას იწვევს.

თუ კორონაროგრაფიის დროს უფრო სერიოზული დარღვევები გამოვლინდა, შუნტირების ჩატარება ხდება საჭირო. ეს უკვე ქირურგიული ჩარევაა, რომლის დროსაც დაზიანებულ უბნებს გულმკერდის გახსნით ვუდგებით და პაციენტისავე სისხლძარღვების გადაკერებას ვახდენთ.

- კლინიკა "ჰელსიკორში“ წარმატებით ხორციელდება გულის აორტის სარქვლის შეცვლა კათეტერული გზით ( TAVI), რაც კარდიოქირურგიის განვითარების ერთ-ერთი უკანასკნელი სიახლეა. მოგვიყევით ამ პროცედურის შესახებ - აორტის სარქვლის შეცვლა კათეტერული გზით შედარებით ახალი დაწყებულია მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც. ახალი ტექნოლოგიის დანერგვამდე ვხსნიდით გულმკერდს, ვაჩერებდით გულს, პაციენტი სრულად სისხლის ხელოვნურ მიმოქცევაზე გადაგვყავდა, დაზიანებულ სარქველს ვაჭრიდით და მის ნაცვლად ბიოლოგიურ ან ხელოვნურ პროთეზს ვაყენებდით. დღეს კი აღნიშნული სარქველის ჩაყენება კათეტერული გზითაა შესაძლებელი. ამ ჩარევის დროს პაციენტს არ ჭირდება ზოგადი ნარკოზია და არის ფხიზელი. ბარძაყის არტერიის ჩხვლეტით, კათეტერით ვახდენთ სარქველის შეყვანას და აორტის საქვლის პოზიციაში ვაყენებთ. ის მაშინვე, მომუშავე გულზე იწყებს ფუნქციონირებას.

საწყის ეტაპზე აღნიშნული ჩარევა მხოლოდ ძალიან მაღალი რისკის პაციენტებზე ტარდებოდა. უამრავი პოზიტიური შედეგის მიღების შემდეგ კი, ბოლო გაიდლაინებით უფრო ახალგაზრდა, და ნაკლები რისკის მქონე პაციენტებისთვისაც არის რეკომენდებული.

ეს არის ძალიან დამზოგველი მეთოდი პაციენტისთვის და შესაბამისად, საკმაოდ პოპულარულიცაა. რეაბილიტაცია სწრაფი და უპრობლემოა. მაგალითად, აღნიშნული ჩარევა ჩაუტარდა მიკ ჯაგერს, რომლიც 1 კვირაში ტურნეში წავიდა.

საქართველოშიც ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. თუმცა TAVI-ს მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე ხშირად ვიზღუდებით ხოლმე. ჩვენთან ამ მეთოდის დაფინანსება პრაქტიკულად არ ხდება. ალტერნატივად კვლავ ტრადიციული ქირურგია რჩება.

- კიდევ ახალი და საინტერესო რა სახის ქირურგიული ჩარევები ტარდება "ჰელსიკორში“? - ჩვენთან ტარდება მარცხენა წინაგულის ყურის დაკეტვა მოციმციმე არითმიების დროს, ინტერკორონარული ექოსკოპია, ენდოპროთეზირება, ემბოლიზაციები, როდესაც გულისისხლძარღვთა სისტმაში არსებული პათოლოგიური ხვრელი სპეციალური მოწყობილობებით, საცობებით იხურება. ეს და კიდევ არაერთი მოწინავე პროცედურა ტარდება "ჰელსიკორში“. ისინი ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებული და საინტერესოა, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებულია და ამიტომ მათი რუტინულად გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს. თუმცა ტექნოლოგიები მუდმივად იხვეწება, ვითარდება და ვიმედოვნებთ, რომ მალე მათზე ფინანსური ხელმისაწვდომობაც გაიზრდება.

-კლინიკაში ხშირად გყავთ პაციენტები მეზობელი ქვეყნებიდან. რატომ ირჩევენ უცხოელები კარდიოქირურგიული ჩარევების გაკეთებას საქართველოში? -სამედიცინო ტურიზმში კარდიოქირურგიულ მიმართულებას გარკვეული წილი უკავია. ჩვენთან ხშირად არიან პაციენტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან.. მათი ნაკადი არც ისე პატარაა. აღნიშნულ პროცესში დიდ როლს თამაშობს როგორც ფინანსური ხელმისაწვდომობის, ისე ტექნოლოგიური განვითარების ფაქტორები.