საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მაღალი დონის არქიტექტურულ კონკურსში გაიმარჯვეს - კვირის პალიტრა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მაღალი დონის არქიტექტურულ კონკურსში გაიმარჯვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები საერთაშორისო კონკურსის - "არქიტექტურული პრემია 2021“ გამარჯვებულები გახდნენ. მაგისტრანტებმა - ანი შტააძემ და თორნიკე ქავთარაძემ ნომინაციაში - "სტუდენტური პროექტი“ მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავეს. გარდა ამისა, ანი შტააძე კომპანია "კაპიტელის“ რჩეული გახდა.

თორნიკე ქავთარაძის პროექტი - "კულტურის სახლი სოფელ ტყვიავში“ ფაკულტეტის პროფესორების - გიული გეგელიასა და ბესარიონ ტატიშვილის ხელმძღვანელობით, ანი შტააძის პროექტი "ქ. ფოთის ნავსადგურის სამგზავრო ტერმინალი“ კი ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნინო იმნაძის ხელმძღვანელობით შემუშავდა.

აღსანიშნავია, რომ ამავე კონკურსზე, არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პრფესორს, არქიტექტორ ვასილ ქობულიას.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე აცხადებს, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული სკოლაა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. რექტორის თქმით, ფაკულტეტისა და მისი სტუდენტებისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია კონკურსებში მონაწილეობა, რადგან ეს ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა სტუდენტები პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

"ჩვენი უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები, გამოცდილი პედაგოგების ხელმძღვანელობით, ყოველწლიურად არაერთ პრესტიჟულ ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობენ და როგორც წესი, საპრიზო ადგილებს იკავებენ. აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ჩვენმა მოტივირებულმა და ნიჭიერმა სტუდენტებმა სპეციალურად კონკურსებისთვის შექმნან პროექტები, ბევრი იმუშაონ, მეტად დახელოვნდნენ, გაითავისონ და აითვისონ თანამედროვე არქიტექტურისა და ურბანისტიკის აქტუალური ტენდენციები, მიიღონ მონაწილეობა კონკურსებში და არ შეუშინდნენ საკუთარი ნააზრევისა და ნამუშევრის საჯარო სივრცეებში წარდგენას. უნივერსიტეტი ყოველთვის შეუწყობს ხელს მოტივირებულ სტუდენტებს წინსვლასა და ახალი პროექტების შემუშავებაში. ფაკულტეტის პედაგოგები კი ყოველთვის მზად არიან, პროექტირების პროცესში მათ საჭირო რჩევები მისცენ. არქიტექტურულ კონკურსებში ყოველი ჩვენი სტუდენტის წარმატება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურული სკოლის დიდი წარმატებაა“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2021“ თბილისის მეცხრე საერთაშორისო არქიტექტურის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. კონკურსში ქართველი და უცხოელი არქიტექტორები ასევე, უმაღლესი არქიტექტურული სკოლების სტუდენტები მონაწილეობდნენ. ფესტივალსა და კონკურსს ორგანიზება "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციამ“ და ჟურნალ STYLE-მა გაუწიეს.