"ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-10 ტომი - 2 აგვისტოდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად - კვირის პალიტრა

"ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-10 ტომი - 2 აგვისტოდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად

დასასრულს უახლოვდება ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ გამოცემა. 2 აგვისტოდან ქართველ მკითხველს საშუალება ექნება მე-10 ტომს გაეცნოს და გაჰყვეს ქართველთა კვალს მსოფლიოს შვიდ სხვადასხვა ქვეყანაში, ესენია: ერაყი, ლიბია, ინდოეთი, ჩინეთი, მონღოლეთი, ტაილანდი და კორეა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად − 15.50 ლარი.

ტრადიციულად გაგიზიარებთ მცირე ინფორმაციას, რომელსაც უფრო ვრცლად და ამომწურავად წიგნში გაეცნობით. გამოცემის მე-10 ტომი ერაყით იწყება. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა XVIII-XIX საუკუნის პერიოდი, როდესაც ერაყს მამლუქები განაგებდნენ, მათ შორის, ქართველი მამლუქებიც. მამლუქთა მმართველობის ქვეშ ერაყში წესრიგი დამყარდა, ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა დაიწყო. თუმცა 1831 წელს ოსმალთა იმპერიამ ერაყში მამლუქთა მმართველობას ბოლო მოუღო და ერაყი უშუალოდ დაიქვემდებარა. ასეთი მდგომარეობა პირველ მსოფლიო ომამდე გაგრძელდა. მართალია, მამლუქთა ძალაუფლება დაემხო, მაგრამ ის არ გამქრალა.

დიდი ხნის განმავლობაში ერაყის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში უმთავრეს როლს კვლავ მამლუქები ასრულებდნენ. ცნობილია, რომ ბაღდადში ადმინისტრაციულ თუ საზოგადოებრივ საქმეებს ძირითადად მამლუქთა ოჯახის წევრებს ავალებდნენ. მამლუქები მართავდნენ ბაღდადის, ბასრისა და შახრიზორის საფაშოებს, მოსულის საფაშო კი ერაყელი ჯალილების დინასტიის ხელში იყო.

ერაყს ქართველ მამლუქთა დინასტია 1749-1831 წლებში მართავდა. ისტორიკოსი ლოვარდ ტუხაშვილი წერს: "აბა, რას მოიფიქრებდნენ ამაყი არაბი ხალიფები, რომ მათ ტახტზე ოდესმე შორეულ "ჯუზანიაში“ ნაყიდი გურჯი მონები დასხდებოდნენ მორჭმით“.

სულეიმან აბუ ლაილი − ქართველი "ღამის ლომი“

მე-10 ტომის პირველ ნაწილში გაეცნობით ერაყის მამლუქთა ქართულ დინასტიას, რომლებმაც ამ ქვეყნის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს. ერთ-ერთი ასეთი მმართველი იყო სულეიმან აბუ ლაილი (1749-1762), რომელიც ქართველი "ღამის ლომის“ სახელით არის ცნობილი. იგი სულ რაღაც 12 წლისა წაუყვანიათ ოსმალეთში. იქ ჰასან ფაშას უყიდია. სულეიმანი პატრონს სასწავლებელში მიუბარებია და კარგი განათლებაც მიუცია, შემდეგ კი ნასწავლი ახალგაზრდა სასახლეში მოსამსახურედ გაუმწესებია. იქ ქართველმა, მამაცობითა და უანგარო ერთგულებით, მალე მიიქცია მბრძანებლის ყურადღება. არსებობს ცნობა, რომ ერთხელ სანადიროდ წასულ ჰასანს ლომი დასდევნებია და იგი მხეცის მსხვერპლი გახდებოდა, სულეიმანს რომ არ ემარჯვა. ამისთვის ფაშას სულეიმანისათვის თავისუფლება უჩუქებია და თავისი უფროსი ქალიშვილი ადილა ხათუნიც მიუთხოვებია.

სულეიმანმა კიდევ ერთხელ ისახელა თავი, როდესაც მონაწილეობა მიიღო ბრძოლაში ნადირყული ხანის ლაშქრის წინააღმდეგ, რომელსაც ბაღდადი ალყაშემორტყმული ჰქონდა. ქართველმა ვაჟკაცმა ირანელთა წინააღმდეგ ომში სამხედრო საქმის ბრწყინვალე ცოდნა გამოავლინა, ამიტომაც 1733 წელს მირმირანის ჩინი და ქაჰიას თანამდებობა მიიღო. სულეიმანი 14 წელი იყო ფაშას უცვლელი მოადგილე, კარის მთავარი მოხელე, საფაშოს ადმინისტრაციული საქმეების გამგებელი და ჯარების სარდალი. 1742-1743 წლებში მან სასტიკად ჩაახშო ნადირ-შაჰის ხელშეწყობით მომზადებული ზუბაიდის, მუნთაფიქისა და ბანი ლამის აჯანყებები.

ბრძოლის დაწყებამდე ქართველი მამლუქი ყოველთვის გულდასმით სწავლობდა მოწინააღმდეგის ძალებს, მის ბრძოლის ხერხებს, ადგილსამყოფელს და მხოლოდ შემდეგ გეგმავდა შეტევას. ბრძოლას, ძირითადად, ღამე იწყებდა ‒ როცა წყვდიადი ჩამოწვებოდა, მაშინ შეუტევდა ნადირივით და მტერი გაქცევასაც კი ვერ ასწრებდა. ამ სამხედრო მანევრების გამო არაბებმა შესაბამისი მეტსახელებით შეამკეს ქართველი აღა. მას "აბუ საჰრს“ (ჯადოქარი), "აბუ სუმრათს“ (წყვდიადის მამა), "ასადულ ლაილსა“ (ღამის ლომი) და "მიზრაკლს“ (დიდი) ეძახდნენ.

1749 წელს ოსმალეთის სულთანმა სულეიმან აბუ ლაილს საგანგებო ფირმანით ნდობა გამოუცხადა და ბაღდადის ფაშობა უბოძა, მასვე ბასრის საფაშოც დაუმორჩილეს. სრულიად ერაყის გამგებლის თანამდებობაზე აღზევებულმა სულეიმან ფაშა აბუ ლაილმა 1751 წელს ქურთისტანი დალაშქრა, ასევე აღადგინა და სრულყო ჰასან ფაშას დროს მამლუქთათვის დაარსებული მედრესეები, რომლებშიც, დაახლოებით, 200 ჭაბუკი სწავლობდა. ქართველი "ღამის ლომის“ მცდელობით მალე ერაყში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობა მამლუქებს ეკავათ, ამის გამო სულეიმანი ერაყში მამლუქთა რეჟიმის ფუძემდებლად ითვლება.

1762 წლის 14 მაისს 68 წელს მიღწეული ქართველი ფაშა გარდაიცვალა. ის ბაღდადში დაკრძალეს. მისი ვაჟკაცობა, გმირული სული და დიდსულოვნება ქვეყანას ლეგენდებად შემორჩა, ამიტომაც ბაღდადის ყავახანებში დიდხანს წარმოთქვამდნენ ტყვედყოფილი "ქართველი ლომის“ სადიდებელ ყასიდებს.

ერაყის ქართველ მამლუქთა დინასტია ამით არ შეწყვეტილა, მე-10 ტომში წაიკითხავთ სულეიმან ფაშა "დიდებულის“, ალი ფაშას, სულეიმან ფაშა ქუჩუქისა და სხვათა შესახებ. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, ამ ტომში კიდევ 6 ქვეყნის ქართველ ემიგრანტთა ისტორიას გაეცნობით.

შეგახსენებთ, რომ "ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ ხელოვნების სასახლის დირექ-ტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და გამომცემლობა "პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელიც 12 ტომს აერთიანებს. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პა-ლიტრასთან“ ერთად გამოიცემა და ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტო-რიაში.

ამ მნიშვნელოვანი გამოცემისათვის გიორგი კალანდია მასალას მსოფლიოს მასშტაბით 10 წლის განმავლობაში აგროვებდა. წიგნში საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები და მოღვაწე ქართველების შესახებ მოცემული ინფორმაცია გამდიდრებულია უიშვიათესი რეპროდუქციებითა და ფოტოებით.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ პრესის გავრცელების ჯიხურებსა და "ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.