"ზნეობა პოლიტიკაში არის სიმართლე! - მთავრობა ვალდებულია გამოიძიოს თავდასხმა ჟურნალისტებზე და ალაგმოს უსამართლობა ქვეყანაში" - კვირის პალიტრა

"ზნეობა პოლიტიკაში არის სიმართლე! - მთავრობა ვალდებულია გამოიძიოს თავდასხმა ჟურნალისტებზე და ალაგმოს უსამართლობა ქვეყანაში"

მძიმე დღეში აღმოჩნდნენ ჩვენი ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად აშუქებენ ქვეყანაში არსებულ მანკიერ მოვლენებს, ააშკარავებენ და უჩვენებენ ყველას, რომ ბევრ მაღალი თანამდებობის პირს არ გააჩნია სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი, ფიქრობს მხოლოდ პირდი ქონების დაგროვებაზე და ამოძრავებს მხოლოდ საკუთარი მიზნები და ინტერესები. თამამად და მოურიდებლად ხდიან ჟურნალისტები ფარდას უცოდინარობას, კორუფციას, ნეპოტიზმს, შერჩევით სამართალს, სახელმწიფო მოხელეებისაგან საბიუჯეტო თანხების დატაცების ფაქტებს და მოძიებული მასალების გადამოწმების მიზნით თავად ებმიან ხშირად სახიფათო ჟურნალისტურ გამოძიებებში; მას შემდეგ კი, რაც რწმუნდებიან დანაშაულებრივი ფაქტების სისწორეში, მოითხოვენ მთავრობისგან ამ ფაქტებზე რეაგირებას, მათ გადამოწმებას, კანონიერების აღდგენას და სამართლიანობის დაცვას ქვეყანაში.

მთავრობა კი იქცევა ამ დროს არაადეკვატურად და უცნაურად: ბოიკოტს უცხადებს ჟურნალისტებს, "ებუტება“ მათ, პრინციპულად არ იძიებს, არ ამოწმებს წარმოდგენილ ფაქტებს და ნაცვლად ამისა აცხადებს: “ცრუობენ ჟურნალისტები!“ მაგრამ თუ ჟურნალისტები არ ცრუობენ? თუ ისინი ამბობენ სიმართლეს და მათ მიერ აღმოჩენილი ფაქტები ნამდვილად სწორია? მაშინ რა უნდა ქნან ჟურნალისტებმა? თავად გაიტანონ ეს სიმართლე ხალხში და მოუწოდონ ადამიანებს ამბოხისკენ? იქნება ეს გამოსავალი? გაუძლებს კი ჩვენი ქვეყანა ისევ ახალ შინაგან დაპირისპირებებს და არეულობებს? ალბათ ვერა!!! გაუგებარია, რატომ დუმს ამ დროს მთავრობა, რატომ არის ის პასიური? რატომ არიდებს ყოველთვის თავს საკითხების გარკვევას, გაურბის პრობლემებს და ხელს უწყობს ამით კონფლიქტების გაღრმავებას საზოგადოებაში.

შემთხვევით თუ მიზანმიმართულად, ქვეყანაში არსებულ უკიდურეს დაძაბულობას (ძლიერი კორუფცია, ნეპოტიზმი, შერჩევითი სამართალი, ბრძოლა ვადამდელი არჩევნებისთვის და სხვა) დაერთო კიდევ საკმაოდ არარაციონალური და უდროო მოთხოვნა ე.წ. "ღირსების მარშის“ ჩატარების თაობაზე, რის დროსაც პრაიდის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, გააღიზიანა საზოგადოება დაუშვებელი პროვოკაციული ფორმის გამოსვლებით, რამაც, ბუნებრივია, წარმოშვა საპროტესტო ემოციური ფონი ხალხში და დავდეგით ისევ კონფლიქტური სიტუაციების წინაშე. ბევრს გაახსენდა ამ დროს, და სამართლიანადაც, რომ აუცილებელია საქართველოს ქონდეს ეროვნელი, მეცნიერული იდეოლოგია და რომ ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელია გარედან შემოგზავნილი რაღაც საეჭვო მითითებებით და დიქტატით ცხოვრება. "დინებას მიყვებიან მხოლოდ მკვდარი თევზები“ - ამბობდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი და კატეგორიულად გამორიცხავდა საქართველოს ჩართვას ისეთი ავანტიურისტული ტიპის გლობალიზაციის და ინტეგრაციის პროცესებში, რაც დაუპირისპირდებოდა და არ გაითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის კულტურას და ინტერესებს. "ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნესო“ - ამბობდა დიდი ილია და მართლაც, თყ გვსურს გავაგრძელოთ ღირსეული არსებობა ამ ქვეყანაზე, არ გავქრეთ და არ დავიკარგოთ ამ სამაროში, მაშინ ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველა ვექტორი მიმართული უნდა იყოს მხოლოდ ჩვენი ისტორიული ფასეულობების, ეკონომიკური ინტერესების, რელიგიის და საუკუნოვანი ტრადიციების დასაცავად.

სხვათა შორის, ზუსტად იგივე დევიზით წარმართა თავისი საარჩევნო კამპანიის ტრამპმა; ისიც გამოვიდა საეჭვო გლობალიზაციური და ინტეგრაციული პროცესების წინააღმდეგ, პრინციპულად დაუპირისპირდა გლობალისტებს და მოუწოდა ამერიკელ ხალხს დაეცვათ თავიანთი ქვეყნის ინტერესები და არ დაეკარგათ თავიანთი ადგილი მსოფლიო ცივილიზაციაში: მაგრამ, სამწუხაროდ, რა საშიშროების წინაშეც აღმოჩნდა შემდეგ ამერიკა და რა "დემოკრატიული წესებითაც“ ჩატარდა იქ საპრეზიდენტო არჩევნები, ყველამ კარგად გავიგეთ და დავინახეთ.

ყოველი ბრძოლა ეროვნულობისა და ეროვნული ტრადიციების წინააღმდეგ მთავრდება კატასტროფით; ძალიან ხშირად ამ დროს დიალოგის ნაცვლად წინა პლანზე გამოდის პროვოკაციები და ამიტომ კარგად უნდა გავაანალიზოთ ჩვენ დღეს ყველაფერი, არ დავუშვათ შეცდომა და არ გავზარდოთ ამით ხელოვნურად სოციალური დაძაბულობის ფონი ქვეყანაში. კარგად გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბევრი ჩვენთვის უცხო და მიუღებელი ტენდენცია თავისით არ შემოსულა ჩვენს ქვეყანაში, ამაზე ძლიერ და დიდი დაფინანსების სანაცვლოდ იმუშავეს გარკვეულმა ძალებმა, რითაც ხელოვნურად შეგვაჯახეს ბევრ ისეთ პრობლემას, რაც არასოდეს არ ყოფილა პრობლემა ჩვენი საზოგადოებისათვის. ლ გ ბ ტ - ს წარმომადგენლებმა კარგად იცოდნენ ყოველთვის, რომ ქრისტიანული მორალისა და კულტურისათვის უცხო და მიუღებელი იყო ყოველგვარი ამგვარი მარშები და პრაიდები; ამიტომაც არავინ არასოდეს არ ითხოვდა "რაღაც მარშებს“ თავიანთი პირადი ცხოვრების წესის პროპაგანდისათვის; იყვნენ ეს ადამიანები მშვიდად და ცხოვრობდნენ წყნარად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. დღეს რა ხდება? რატომ გაგვიხდა უპრობლემო საპრობლემოდ? არ გიკვირთ?

ქვეყანა თავზე გვაქვს დამხობილი: დანგრეულია ეკონომიკა, ყველა დარგი და ყველა სფერო; შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლი უკიდია ყველაფერს და ასეთ დროს არ არის ნამდვილად ამგვარი მარშების და პრაიდების მოწყობის მომენტი და თანაც კიდევ გამაღიზიანებელი პროვოკაციული პროპაგანდის ელემენტებით: 9 აპრილის მემორიალზე ცეკვა იქნება ეს თუ ბავშვების გარემოცვაში რომელიმე პირადი ცხოვრების წესისკენ ყოვლად დაუშვებელი მოწოდება. ყველამ კარგად ვიცით ის, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი დანგრეული და გაუბედურებული განათლების სისტემა და რა დღეშიც არიან ამის გამო ჩვენი პედაგოგები და მშობლები; ნუ დავუმატებთ კიდევ მათ ზედმეტ პრობლემებს ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში და კატეგორიულად მოვითხოვოთ აიკრძალოს ლ გ ბ ტ თემის ყოველგვარი სახით შეტანა სასკოლო პროგრამებში! ნამდვილად არ არის აუცილებელი ის, რომ სასკოლო ასაკიდან გაუშიფროთ ბავშვებს ლ გ ბ ტ -ს ყველა კომპონენტის (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) არსი, მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული ცხოვრების წესები; ნუ დავაკარგვინებთ ჩვენს შვილებს ხელოვნურად ნორმალური, ქრისტიანული ცხოვრების წესს და ტრადიციას; ვიზრუნოთ მათ განათლებაზე. და თუ არ დაეხმარება, ხელს მაინც ნუ შეუშლის განათლების სამინისტრო ჩვენს მშობლებსა და პედაგოგებს ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში. ერთ ჩემ მეგობარს 4 შვილიშვილი ყავს, აქედან 3 უკვე მოზრდილი ბიჭია და ერთიც გოგონა, რომელიც ჯერ ბაღში დადის. ბიჭებმა მიიღეს უკვე "საკმაოდ დიდი განათლება“ ოჯახს გარეთ და დაიწყეს მეტყველება ისეთი ლექსიკით, რომ ბებიამისი კედლებზე გადის.... მაგრამ მთავარი უბედურება კიდევ იმაშია, რომ გოგონამაც (ვისთვისაც ძმები დიდი ავტორიტეტია) დაიწყო მეტყველება იგივე ლექსიკით და როდესაც მას უხსნიან, რომ ეს არ შეიძლება იმიტომ, რომ ის გოგოა, იყურება ის ამ დროს თავისი ფართოდ გახელილი ლამაზი თვალებით და გაოცებული კითხულობს: ლატო? აი თუ "ლატო“ აუხსნას ეს მას ახლა განათლების სამინისტრომ, რომელიც ემზადება დიდი დისკუსიისათვის შეიტანოს თუ არა ლ გ ბ ტ-ს თემა სასკოლო პროგრამაში. საით მივდივართ?

ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია თავისი პირადი ცხოვრების წესის არჩევაში, მაგრამ არავითარი აფიშირება ამას არ სჭირდება, რადგან პატივი უნდა ვცეთ ამ დროს საქართველოს მოსახლეობის 95%-ის არჩევანსაც, არ შევქმნათ ხელოვნურად რაიმე პრობლემები და არ გამოვიწვიოთ ამით საზოგადოებაში არეულობა და დესტაბილიზაცია. გვახსოვდეს, რომ ყოველი დაუფიქრებელი, ბუნდოვანი და რაღაც გაუგებარი "ცივილიზაციისაკენ“ მიმართული გლობალიზაცია მიდის ხშირად სახიფათო შედეგებამდე; აი, შეხედეთ თუნდაც რა მდგომარეობაში ჩააგდო ევროპა მიგრაციის არასწორმა პოლიტიკამ, რა დღეში აღმოჩნდა რაღაც გაურკვეველი ცივილიზაციური ცხოვრების მოლოდინში ავღანეთი, რომელიც ნარკოტიკების მთავარ ბაზრადაა ქცეული დღეს მსოფლიოში და როგორ მივიდა ის ბოლოს და ბოლოს იმ აზრამდე, რომ თავად სურს უკვე დღეს განკარგოს და მართოს თავისი ქვეყანა... ვინ მოთვლის კიდევ, თუ ლიბერალისტებისგან თავისი განვითარების გზას აცდენილი და განადგურებული რამდენი ქვეყანა ცდილობს ასევე გადაირჩინოს დღეს თავი და დადგეს ფეხზე. ჩვენც გადაგვიარა ამ ტალღამ და ჩვენც უნდა გადავრჩეთ!

კარგია, ნამდვილად, რომ დემოკრატიის პირობებში ადამიანს შეუძლია იმოქმედოს თავისი სურვილის მიხედვით, ყოველგვარი იძულების გარეშე, მაგრამ ეს ქმნის ამავე დროს ქაოსის წარმოქმნის საშიშროებასაც საზოგადოებაში, რადგან, სამწუხაროდ, ადამიანი ყოველთვის არ აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს: მოურიდებლად ზღუდავს ის სხვის თავისუფლებას, არღვევს და უგულვებელყოფს სხვის უფლებებს და ინტერესებს, ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, მოქმედებს პაპუასების მორალით: კარგია, როდესაც მე ვავიწროვებ, ვზღუდავ და ვუქმნი დისკომფორტს სხვას, მაგრამ ცუდია, როდესაც მე მავიწროვებენ, მზღუდავენ და დისკომფორტს მიქმნიან სხვები.აი ასეთი შემთხვევებისთვის მოიგონა სწორედ კაცობრიობამ სახელმწიფო, რომლის მთავარი ფუნქციაა დაიცვას საზოგადოება როგორც მთელი, მისი თითოეული წევრის ინტერესებისათვის. სახელმწიფომ და სწორედ სახელმწიფომ უნდა შეზღუდოს ყოველი ადამიანის აღვირახსნილი თავისუფლება ისე, რომ თავისუფლება ნებისმიერი სხვა ადამიანისა დაცული იყოს ამ დროს კანონით. სახელმწიფომ და სწორედ სახელმწიფომ უნდა აგრძნობინოს ყველას, რომ თავისუფლება მარტო უფლება კი არ არის, არამედ მოვალეობაცაა! აი რას წერდა ამის შესახებ ჩვენი ილია: " ცოდნამ და განათლებამ უნდა ასწავლოს თითოეულ ჩვენთაგანს ის, თუ სადამდის შეუძლია გაიწვდინოს ხელი ან ძველის მცველმა და ახლის უარმყოფელმა ან ძველის უარმყოფელმა და ახლის მდომელმა ისე, რომ ჭეშმარიტ კონსერვატორობას და ლიბერალიზმს არ გასხდეს“ და კიდევ: "კაცსა ვერა შველის თურმე ვერც სიკეთე ჰაერისა, ვერც სიმსუქნე მიწისა, თუ კი კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორისი უფლება და მოვალეობა“.

ზემოთ თქმულიდან კარგად ჩანს, რომ საზოგადოებისათვის, რომელსაც არა აქვს ქვეყანაში უმაღლეს დონეზე შემუშავებული ინდივიდის მოქმედების სამართლებრივი საზღვრები, მოწოდება: "ნებადართულია ყველაფერი, რაც არ არის აკრძალული კანონით, უკიდურესად საშიშია და დამღუპველი“; არადა სწორედ ეს ლოზუნგი მეორე ასევე საეჭვო ლოზუნგთან ერთად:“გვინდა სრული თავისუფლება და არა თავისუფლების ნაგლეჯი“ იყო წლების მანძილზე მამარდაშვილის აბსურდიზმის მთავარი მოწოდება ჩვენი ახალგაზრდობისათვის, რითაც ხდებოდა მუდმივად მათი ცნობიერების ზომბირება ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტირელიგიური დოგმებით: "სახელმწიფო ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას!“, "ეროვნული იდეოლოგია არის ფაშიზმი!“ და სხვა, ვკითხულობთ მეცნიერებათა აკადემიის და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ხელდასმით გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოებში. ყოველივე ამან გაუხსნა გზა სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების თარეშს ჩვენს ქვეყანაში, და სოროსის ფონდებიდან უხვად დაფინანსებულმა საზოგადოებებმა დაიწყეს სრულიად პროვოკაციულ და ანტისახელმწიფოებრივ ასპექტში ინტერპრეტირება ახალი მსოფლმხედველობრივი ხედვის ისეთი ფუნდამენტური ცნებების, როგორიცაა თავისუფლება, აუცილებლობა, თანასწორობა,დემოკრატია და სამართალი. აი რატომ გვჭირს ბატონებო დღეს ის, რაც გვჭირს!!!

უფრო მეტიც: ამ ფონდების წევრები ჯერ თანდათან, დემოკრატიული ცხოვრების წესის კონტროლის ფუნქციიდან შეპარვით გადავიდნენ კანონებში ცვლილებების შეტანის ფორმატში მუშაობაზე, ხოლო შემდეგ კი მოხერხებული გზებით აღმოჩნდნენ პარლამენტში და უკვე პარლამენტის დონეზე ლეგალურად და ოფიციალურად ჩაერთვნენ კანონშემოქმედებით მუშაობაში. ასე შეიქმნა წინასწარ საკანონმდებლო ბაზა ბევრი, ჩვენი ხალხისთვის მიუღებელი, ჩვენი საუკუნოვანი კულტურის და ტრადიციების უარმყოფელი ქმედებებისათვის, რითაც მიზანმიმართულად მომზადდა საფუძველი ქაოსისა და დესტაბილიზასციისათვის ქვეყანაში. დაიწყო საზოგადოების სხვადასხვა ფენების ურთიერთდაპირისპირება, ქუჩებში გამოსვლები, ჩხუბი და აყალ-მაყალი.

ამრიგად, ყოველთვის, როდესაც არ არსებობს ქვეყანაში ინდივიდის მოქმედების მკაცრად შემუშავებული სამართლებრივი საზღვრები, ჩნდება შერჩევითი სამართალი და იჩაგრება პატიოსანი ადამიანი. და აი ვხედავთ, თუ როგორ ყოველდღე ხდება მკვლელობები, დაუსჯელობის ფაქტორმა გაახშირა პედოფილიის შემთხვევები და გამწარებული ხალხი გადავიდა ლინჩის წესით გასამართლებაზე. აგერ სულ ახლახანს სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში სახლი გადაუწვა ხალხმა პედოფილ მამა-შვილს, რომლებმაც ჩაიდინეს ამაზრზენი დანაშაული. დღე არ გავა ისე, რომ არ მოხდეს მკვლელობა. კაცი კაცს კლავს, მამა-შვილს, შვილი-დედას, ქმარი-ცოლს და შემდეგ კიდევ მის ნათესავებს. დაიწყო ტურისტების მკვლელობებიც... როდემდის? იქნებ დადგა დრო, რომ გარკვეულ დანაშაულზე აღვადგინოთ მუხლი სიკვდილით დასჯის შესახებ?! გახსოვთ, ალბათ, რომ პედოფილიის საშინელ ფაქტს შეეწირა გორში 8 წლის გოგონა და შემდეგ ამ ფაქტით გამწარებულ საზოგადოებას დიდი ხნის მანძილზე გვიჩვენებდნენ კიდევ ტელევიზიით , ერთის მხრივ, გაუბედურებულ ახალგაზრდა მშობლებს, ბაბუას და მათესავებს, ხოლო, მეორეს მხრივ, ვიღაც უცხვირპირო მამაკაცს, რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ მას ადრეც ქონია თურმე ჩადენილი ანალოგიური დანაშაული და მიდიოდა თან გაუთავებელი მსჯელობა იმაზე, თუ რამდენი წლის პატიმრობა უნდა მიესაჯათ მისთვის, რომ ზედმეტად არ დასჯილიყო. ამ დროს ყველა ნორმალური ადამიანის აზრი იყო ერთი: ს ი კ ვ დ ი ლ ი?! საქართველოსთვის მიუღებელია გარყვნილებისადმი ყოველგვარი გულგრილობა და ჰუმანიზმსაც უნდა გააჩნდეს თავისი საზღვარი, მითუმეტეს, რომ თვითოინ ამერიკა ათავსებს 14 წლის დამნაშავეს ელექტრულ სკამზე და არავისგან არ საჭიროებს ამის შესახებ ნებართვას. ეტყობა ჩვენც უნდა გავახილოთ თვალები და ვიმოქმედოთ ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი რეალობის, კულტურის და ტრადიციების შესაბამისად.

ეხლა რაც შეეხება ისევ ლგბტ-ს პრობლემას: ყველამ კარგად ვიცით, რომ ამგვარი ორიენტაციის ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ კიდეც, ალბათ, მომავალში; უბრალოდ არ ვიცოდით, რომ ეს ცივილიზაციის უმაღლესი ფორმა იყო თურმე და ღირსების უდიდესი ნიშანი. "გაუნათლებელ“ ადამიანებს მიგვაჩნდა, რომ პირადი ცხოვრების ამგვარი წესი ზოგი ადამიანისთვის იყო ანომალია, ზოგისთვის კი მისი პირადი, თავისუფალი არჩევანი! არავინ არასოდეს არ ებრძოდა ამ ხალხს და ახლაც არ ექნებოდა ალბათ ასზოგადოებას მათზე არავითარი რეაქცია, რომ არა ნებისმიერი, ნორმალური ცნობიერების მქონე ქართველი ქრისტიანისათვის მიუღებელი პროვოკაციული ფორმებით მათი ცხოვრების წესის პროპაგანდის და აგიტაციის მცდელობა. რა არის ეს? რეალური პროგრამა საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შენოსატანად? იმისათვის, რომ გამოიწვიონ არეულობა და დაარბევინონ სხვადასხვა დაჯგუფებების წარმომადგენლებს ერთმანეთი? და სად არის ამ დროს მთავრობა? რატომ არ აყენებს ის საკითხს იმის შესახებ, რომ ეს პრობლემა სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე უნდა მოაგვაროს?! სწორედ მთავრობას უნდა გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ ისეთი მრავალსაუკუნოვანი , ტრადიციული, ქრისტიანული ქვეყნისათვის, როგორიცაა საქართველო, ლ გ ბ ტ -ს ცხოვრების წესის ყოველგვარი პროპაგანდა პრინციპულად მიუღებელია და ყველა, ვინც საეჭვოდ ეკეკლუცება ამ საკითხს (განსაკუთრებით პარლამენტარები), არ აზუსტებს თავის პოზიციას ამ საკითხში, არ გამოხატავს უდიდეს აღშფოთებას ლგბტ თემის საგანმანათლებლო პროგრამებში შეტანის თაობაზე და უშვებს ამ თემის რაიმე სპეკულაციური ფორმით პროპაგანდას, ცეცხლს ეთამაშება და დ ა მ ნ ა შ ა ვ ე ა!!! მთავრობა კი, რომელმაც დაიბანა ხელი ყველაფერ ამაზე - ორმაგად!!!

ვიცით ბატონო ყველამ, რომ ბევრი დიდი ხელოვანი (მე აქ გვარებს არ დავასახელებ, რადგან დაუშვებლად მიმაჩნია მაინც მათ პირად ცხოვრებაზე ამ ასპექტში ყოველგვარი საჯარო საუბარი) აღიარებდა ცხოვრების ასეთ წესს, მაგრამ არავის არ მოუვა, ნამდვილად, თავში აზრად ის, რომ განკიცხოს ამისათვის ისინი ან თუნდაც რაიმე უარყოფით ასპექტში გაიცნობიეროს ეს ფაქტი მათი შემოქმედების აღქმით გამოწვეული უდიდესი აღტაცების პროცესში. ეს ორი სრულიად სხვადასხვა რამეა და ნუ მოგვთხოვს ახლა ლ გ ბ ტ საზოგადოება და მისი ყოველი რიგითი წევრი, რომ მხოლოდ მათი ცხოვრების წესის გამო მივაგოთ მათ იგივე პატივი და იგივე აღიარება, რასაც იმ შესანიშნავ შემოქმედებს მიაგებს თითოეული ჩვენგანი და მთელი საზოგადოება. ეს ა ბ ს უ რ დ ი ა!!! პირადი ცხოვრების წესი და შემოქმედებითი პროდუქტი, რაც შეუძლია მოგვცეს იმავე პიროვნებამ, ორი სხვადასხვა რამეა და არ უნდა ავურიოთ ისინი ერთმანეთში!!! ასე რომ, ნურავის ნუ გაუკვირდება, თუ 9 აპრილის მემორიალთან ლ გ ბ ტ -ს ცხოვრების წესის პროპაგანდა აღაშფოთებს საქართველოს საზოგადოებას და გამოიყვანს ხალხს ქუჩაში. ეს მომენტი უნდა გაეთვალისწინებინა მთავრობას, არ შეექმნა პრობლემა იქ, სადაც პრობლემა არ იყო, აეღო პასუხისმგებლობა თავის თავზე და არ დაეშვა ის, რომ არეულიყო ერთმანეთში ხალხის ემოციური გამოსვლები და ჟურნალისტებზე აშკარად მიზანმიმართულად, შურისძიების გამო, მოწყობილი თასვდასხმა. დღეს სახეზეა საშინელი ძალადობა და არნახული, ყოვლად გამაღიზიანებელი სიძულვილის ენა, რაც ბოლოს კულტურის მინისტრის სრულიად არაადეკვატური, დანაშაულებრივი და ამაზრზენი ფორმის გამოსვლით დაგვირგვინდა.

ცნობილია, რომ როდესაც ადამიანზე სისტემატურად ძალადობენ და ამ დროს სახელმწიფო და კანონი არ იცავს მას, მაშინ პიროვნება თვითონ იწყებს უკვე საკუთარ თავის დაცვას და მიდის ლინჩის წესით გასამართლების გადაწყვეტილებამდე... ეს გვინდა ახლა კიდევ ჩვენ? ნამდვილად არა! ყველა ნორმალურ ადამიანს სურს ერთი: დროულად ჩატარდეს ყველა გამოძიება, გაიხსნას ყველა დანაშაული და დაისაჯოს ყველა დამნაშავე; ანუ არ არსებობდეს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი! ნუ აიძულებს მთავრობა ხალხს გამოვიდეს ქუჩაში, მოაწყოს ამბოხი და ამ გზით დაიცვას საკუთარი თავი და თავისი სიმართლე. უნდა იცოდეს მთავრობამ, რომ ყველა ძალადობას მოსდევს პროტესტი და, როგორც წესი, მთავრდება ტრაგიკულად.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი ძალიან სერიოზული ფაქტია და მას დეტალური შესწავლა და გამოძიება სჭირდება. ამ შემხვევაში აუცილებელია ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რადგან ამაზე ბევრად იქნება დამოკიდებული ქვეყანაში წარმართული პოლიტიკური პროცესები. რაც შეეხება ლგბტ-ს პრობლემას, თუ მას შეიძლება საერთოდ პრობლემა ეწოდოს, ის გაცილებით ადვილად მოგვარებადია: შექმნას პარლამენტმა ჩვენში არსებული რეალობის ადეკვატურად ამსახველი საკანონმდებლო ბაზა, რითაც ერთი ადამიანის თავისუფლება დაცული იქნება მეორის თავისუფლებისაგან და განსაზღვროს კანონის ძალით ყველასათვის მისი თავისუფლების და უფლებების საზღვრები.

და ბოლოს: შეიძლება ითქვას, რომ გლობალისტების მიერ შემოგდებული პროგრამა ნაციონალური სახელმწიფოების დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსის ლიკვიდაციის შესახებ კრახით დამთავრდა. ბევრი სახელმწიფო მიხვდა უკვე, რომ ყველამ თვითონ უნდა მოუაროს თავის თავს და თვითონვე უნდა მართოს თავისი ქვეყანა. ამ ფონზე, მართალი გითხრათ, პირადად ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია ის, თუ რა დახმარებას ველით ჩვენ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ევროპისაგან ან კიდევ არანაკლებ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდნილ ამერიკისაგან, მაშინ, როდესაც კაცმა არ იცის, თუ როგორ დამთავრდება ბრძოლა ბაიდენსა და ტრამპს შორის ან კიდევ რამდენხანს იარსებებს იქ სპეკულაციური ეკონომიკა და რამდენხანს დაბეჭდავს ისევ ამერიკა თავის დოლარებს... თუმცა იმედი ნუ მოგვიშალოს მაინც ღმერთმა, მაგრამ გავითვალისწინოთ ამავე დროს ისიც, რომ ვერავითარი სერიოზული მსოფლიო პოლიტიკა ვერ წარიმართება დღეს რუსეთის მონაწილეობის გარეშე.ამ ფონზე კი აუცილებელია, რომ ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა ავაწყოთ მხოლოდ მეცნიერული, ეროვნული იდეოლოგიის ბაზაზე და მხარში დავუდგეთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ეყოფა ჭკუა და გონება დაანებოს თავი მუდმივ მათხოვრობას იმაზე, რომ მიგვიღონ როგორმე რომელიმე კავშირში,ხოლო ყოველგვარ ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან დაამყარებს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და მიზნებიდან გამომდინარე.

ხალხს სურს მთავრობა, რომელიც აწარმოებს მუდმივ დიალოგს მასთან, მთავრობა, რომელიც არ დაუშვებს არავითარ შერჩევით სამართალს, არც ძალადობას, არც სიძულვილის ენას და მისცემს თითოეულ ადამიანს თავისი უნარების და შესაძლებლობების გამოვლენის და რეალიზაციის საშუალებას; ხალხს სურს მთავრობა, რომელიც დაიცავს მის ინტერესებს კანონით და აბრძოლებს მას "მხოლოდ საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ!“

"სრულყოფისაკენ წაგვიყვანს წესრიგი“ - წერდა გოეთე. აუცილებელია ქვეყანაში დამკვიდრდეს დემოკრატიული ცხოვრების წესი, გაიზარდოს ადამიანის უფლებები და ხალხი გახდეს უფრო მეტად თავისუფალი და აქტიური; მაგრამ გვახსოვდეს ამავე დროს ისიც, რომ "თავისუფლება, რომელიც არ არის მოქცეული აუცილებლობის ჩარჩოებში და არ არის გარანტირებული ვალდებულებებით არის სარეველა ბალახი“(შელინგი), რომ სახელმწიფომ და სწორედ სახელმწიფომ უნდა დაიცვას ქვეყანა ამგვარი სარეველა ბალახებისაგან.

და ერთიც: ყველაფერთან ერთად აღმოჩნდა კიდევ ისიც, რომ ჩვენ ვცხოვრობთ თურმე ტოტალური კონტროლის პირობებში და ვის როგორც და რა მიზნითაც მოესურვება, ისე გამოიყენებს ამ კონტროლის შედეგად მოპოვებულ მასალებს. საზოგადოება, მართლაც, (როგორც ნიკა გვარამიამ თქვა), გაიყო ორ ნაწილად: ჩ ვ ე ნ და ი ს ი ნ ი; ჩვენ - ეს არის ლექსო ლაშქარავას ყველა ახლობელი, ბაჩალეიშვილის და მაჩალიკაშვილის ოჯახები, ლუკა სირაძის ახლობლები და ნათესავები, რაფაელიანცის დედ-მამა, შაქარავას ბოლომდე გამოუძიებელი მკვლელობით გულგაგლეჯილი ადამიანები, დეკანოზი მამალაძე და მის გვერდით მყოფი საზოგადოება, რომლებიც ამდენი წელია უშედეგოდ ელიან სამართალს... ყველა ყველა და ყველა, ვისზეც იძალადა შერჩევითმა სამართალმა, დააკარგვინა რწმენა და მიიყვანა სასოწარკვეთილ ფრაზამდე: “ამ ცხოვრების.....“ "ჩვენ“ არიან ისინი, ვისაც აუფეთქეს საყდრისი, ვისაც დაუნგრიეს გელათი, ვისაც უნადგურებენ ეროვნულ საგანძურს და კულტურას.

სიმართლე, სიმართლე და ისევ სიმართლე არის ზნეობა პოლიტიკაში.

იხილეთ მეტი

(R)