საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN) თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან - კვირის პალიტრა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN) თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კოგნიტურ პროგრამულ აპლიკაციებს უახლესი ტექნოლოგიებით დაამუშავებს, აღნიშნულის ბაზაზე კი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მასტერკლასების ჩატარების ახალი მეთოდოლოგია შეიქმნება, რაც საქართველოს მხრიდან მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში და საუნივერსიტეტო განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება. ორმხრივი გადაწყვეტილება მემორანდუმით განმტკიცდა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და CERN-ის IPPOG (International Particle Physics Outreach Group) კოლაბორაციის თავმჯდომარეებმა, პროფესორებმა სტივენ გოლდფარბმა და პედრო აბრუმ მოაწერეს ხელი.

კოგნიტური პროგრამული აპლიკაციები საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრში დამუშავდება, ხოლო მათ ბაზაზე შექმნილი პროგრამულ-მეთოდური რესურსი, სამომავლოდ, მსოფლიო მასშტაბით, CERN-თან დაკავშირებულ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ქსელებში გავრცელდება და დაინერგება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის სამეცნიერო კოლაბორაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს და თვისობრივად ახალი მიმართულებებით შეივსოს. ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ CERN-ი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევს და თავის სრულფასოვან პარტნიორად მოიაზრებს.

„მნიშვნელოვანია, რომ CERN-თან ჩვენი უნივერსიტეტის წარმატებული კოლაბორაციის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება დღევანდელი მემორანდუმის ხელმოწერაა, რომელიც ახალგაზრდა თაობების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად IPPOG-ის მასტერკლასების ახალი მეთოდოლოგიის შექმნას ითვალისწინებს. სწორედ მასტერკლასების ჩატარების ამ ახალი მეთოდოლოგიის შესაქმნელად ჩვენი უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრი, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, კოგნიტურ პროგრამულ აპლიკაციებს დაამუშავებს, რასაც შემდგომში განახლებული მეთოდოლოგია დაეფუძნება. პროცესს უხელმძღვანელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი, რომელიც CERN/IPPOG-ში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელია. პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და პირადად მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მიერ. ეს სოლიდური კონტრიბუცია იქნება, რომელსაც საქართველო საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემაში შეიტანს. საპასუხისმგებლო პროექტში, ჩვენს მკვლევრებთან ერთად, უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტებიც აქტიურად იქნებიან ჩართული. საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრი რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს CERN-ის IPPOG კოლაბორაციასთან. გარდა ამისა, ჩვენი უნივერსიტეტი ტრადიციულად მასპინძლობს CERN-ის მასტერკლასებს. IPPOG კოლაბორაციას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საერთო მიზანი გააჩნიათ - ეს არის მსოფლიო ახალგაზრდებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართ ინტერესის გაღრმავება, რასაც ხელს უწყობს წარმოდგენილი პროექტი“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრი 2017 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს IPPOG კოლაბორაციასთან, რომლის ოფიციალური წევრი ქვეყანა საქართველო ახლახან გახდა.