როგორ ეხმარება კერძო ბიზნესი პანდემიის დროს უფროსი თაობის ადამიანებს - კვირის პალიტრა

როგორ ეხმარება კერძო ბიზნესი პანდემიის დროს უფროსი თაობის ადამიანებს

"ახალგაზრდებთან შედარებით, უფროსი თაობის მოქალაქეებში აცრის დაბალი მაჩვენებელი რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, მათ შორის, ვაქცინაციის შესახებ სანდო ინფორმაციაზე დაბალი ხელმისაწვდომობითა და აცრაზე რეგისტრაციის არცოდნით. უფროსი თაობის ადამიანებს და განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრებთ, ინტერნეტზე წვდომა ნაკლებად აქვთ და არც საჭირო უნარები გააჩნიათ, რომ ონლაინრეგისტრაცია გაიარონ. ახალგაზრდების დახმარების გარეშე ეს მათთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია..."

პანდემიამ საზოგადოების ყველა ფენა დააზარალა და ეს ზარალი მსოფლიოს ყველა ქვეყანამ განიცადა. თუმცა ზარალის მაჩვენებლები სხვადასხვა სოციალური და ასაკობრივი ჯგუფისთვის ერთმანეთისგან განსხვავდება. ასევე დიდი სხვაობაა სხვადასხვა ქვეყანას შორის - ძლიერმა და განვითარებულმა სახელმწიფოებმა კრიზისი უკეთესად მართეს და მოქალაქეებს უფრო ეფექტური დახმარება აღმოუჩინეს, განვითარებად ქვეყნებში კი ვითარება უფრო რთული აღმოჩნდა, რადგან სახელმწიფოებს არ გააჩნდათ საკმარისი რესურსი, რათა ბიზნესისა და მოსახლეობისთვის სათანადო ფინანსური დახმარება გაეწიათ.

საერთო კრიზისისა და ფინანსური სიდუხჭირის ფონზე გამოჩნდნენ ისეთი ერთეული კომპანიებიც, რომლებმაც არსებული ვითარებით ხელის მოთბობა გადაწყვიტეს და ისედაც პრობლემებით დატვირთულ ადამიანებს დამატებითი საზრუნავი გაუჩინეს. მაგალითად, საქართველოში ასეთი ტაქსოკომპანიები აღმოჩნდნენ. როდესაც ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდა, მათ მომხმარებლებს გაორმაგებული და რიგ შემთხვევაში, გასამმაგებული ტარიფიც კი შესთავაზეს. ისედაც გასაჭირში მყოფ მოქალაქეებსა და ბიზნესს, ვისაც თანამშრომლების ტაქსით გადაადგილება უწევდა, ეს დამატებით ფინანსურ წნეხად დააწვა. საბედნიეროდ, ასეთი არაკეთილსინდისიერი კომპანიების საპირისპიროდ არსებობენ ისეთი კომპანიებიც, რომლებიც საკუთარი მომხმარებლებისა და ზოგადად, ფართო საზოგადოების დახმარებაზე მაქსიმალურად არიან ორიენტირებული. საბოლოო ჯამში, ასეთი კომპანიების მიერ განხორციელებული თითოეული აქტივობა კრიზისის შეძლებისდაგვარად მარტივად გადატანას ემსახურება. მათი აქტივობა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შედარებით ღარიბ ქვეყნებში. მაგალითად, აშშ-ში მოქალაქეების დახმარებისა და ხელშეწყობის პროგრამა ძალიან მასშტაბური იყო და ქვეყნის ეკონომიკამ ამ ყველაფერს ფინანსურად კარგად გაუძლო. მეტიც, ივლისის დასასრულს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სპეციალური განცხადება გააკეთა, რომლითაც შტატებისა და რეგიონების ადგილობრივ მმართველობას მოუწოდა, ჯერ კიდევ აუცრელი ამერიკელებისთვის 100 დოლარი გადაეხადა, რათა აცრისთვის წაეხალისებინა. ამ პერიოდში ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი შენელებული იყო და ბაიდენის ინიციატივა სწორედ მის გააქტიურებას ისახავდა მიზნად.

ვაქცინაციის პროცესი არც საქართველოში მიმდინარეობს სასურველი ტემპით. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი თვის განმავლობაში, "ფაიზერის" ვაქცინის შემოსვლის შემდეგ, პროცესი მნიშვნელოვნად გააქტიურდა, კიდევ მეტია საჭირო. ამ დროისთვის ვაქცინაციის პროცესში 60 წლამდე მოქალაქეების ჩართულობა უფრო მაღალია, ვიდრე 60 წელს ზემოთ მოქალაქეებისა. NCDC-ის ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში 15 მარტიდან 15 აგვისტოს ჩათვლით 75+ წლის 17 664 კაცი აიცრა. დაახლოებით ანალოგიურია 60-65, 65-70 და 70-75 ასაკობრივი კატეგორიების აცრის მაჩვენებელიც. საბოლოო ჯამში, 60 წელს გადაცილებული აცრილი მოქალაქეების რიცხვი 60 წლამდე აცრილი მოსახლეობის რიცხვზე დაბალია...

უფროსი თაობის მოქალაქეებში, ახალგაზრდებთან შედარებით, აცრის დაბალი მაჩვენებელი რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, მათ შორის, ვაქცინაციის შესახებ სანდო ინფორმაციაზე დაბალი ხელმისაწვდომობით და აცრაზე რეგისტრაციის არცოდნით. უფროსი თაობის ადამიანებს და განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრებთ, ინტერნეტზე წვდომა ნაკლებად აქვთ და არც საჭირო უნარები გააჩნიათ, რომ ონლაინრეგისტრაცია გაიარონ.

ახალგაზრდების დახმარების გარეშე ეს მათთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სწორედ ამიტომ მეტად დასაფასებელი აღმოჩნდა ერთეული ახალგაზრდების ინიციატივა, რომ სოფლების მოსახლეობას რეგისტრაციაში დახმარებოდნენ. ამ მიმართულებით უფრო მნიშვნელოვანი და მასშტაბური კერძო კომპანიების აქტიურობაა; იმ კომპანიების დახმარება, რომელთა საქმიანობაც მთელ საქართველოს ფარავს, ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ინდივიდუალური პირების, რომლებიც ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ სოფელს სტუმრობენ და ადგილობრივებს რეგისტრაციაში ეხმარებიან. ასეთი აღმოჩნდა "ლიბერთის" ინიციატივა, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში თავის მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს. სურვილის შემთხვევაში, ბანკის თანამშრომლები მათ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დარეგისტრირებაში ეხმარებიან. ბანკის ფილიალების გარდა, ვაქცინაზე რეგისტრაციის საშუალება აქვთ სოფლად მცხოვრებ იმ პირებსაც, ვისაც მობილური ბანკი - "ლიბერთი ექსპრესი" ემსახურება.

უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის დახმარება, რომლებსაც ისინი პანდემიის პერიოდში თუ საზოგადოდ იღებენ. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიები ყოველთვის ცდილობენ მათ შეძლებისდაგვარად გაუწიონ დახმარება. უფროსი თაობის ადამიანებს სხვადასხვა სახის დახმარების მიღება დღეს რამდენიმე კომპანიაში შეუძლიათ.

"ევექსის" კლინიკებში 50%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია, რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, მიიღონ სტომატოლოგიური მომსახურება და სრულიად უფასოდ გაიარონ კონსულტაცია. ფასდაკლების მისაღებად საჭიროა, რომ "ლიბერთის" სოციალური ბარათით გადაიხადონ.

"ფარმადეპოს" 180-ზე მეტ აფთიაქში უფროსი თაობის მომხმარებლები 20%-მდე ფასდაკლებით სარგებლობენ 2 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე, მათ შორის ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციის დროს "ლიბერთის" სოციალური ბარათით გადახდის შემთხვევაში.

"ნიკორას" სუპერმარკეტის ნებისმიერ ობიექტზე მთელი საქართველოს მასშტაბით 350-მდე დასახელების ყოველდღიური საჭიროების პროდუქტზე განსაკუთრებული ფასებია სოციალური ბარათის მფლობელებისთვის.

არანაკლებ დასაფასებელია აქტივობები, რომლებიც COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ხორციელდება. ეს პირველ რიგში საზოგადოებრივ ადგილებში ხალხმრავალი შეკრებებისა და რიგების თავიდან აცილებას ეხება. დავინტერესდით, თუ როგორ ხდება რიგების მართვა "ლიბერთიში", რომელიც უფროსი თაობის მოქალაქეების თავშეყრის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია.

"ჩვენი და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, იმ მომხმარებლებს, რომელთა საპენსიო თუ სხვა სოციალური ბარათების პინკოდის მოქმედების ვადა 1-ლი აგვისტოდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში იწურება, ვადა ავტომატურად გაუგრძელდებათ 1-ლ ნოემბრამდე და ბარათების მფლობელებს არ მოუწევთ ბანკის ფილიალებში ვიზიტი პინკოდის გასაახლებლად. ეს რიგების თავიდან აცილების შესაძლებლობას გვაძლევს. თუმცა საჭიროების შემთხვევაში ბანკის ფილიალებში ვიზიტის დროს მკაცრად რეგულირდება მომხმარებელთა რიგები. რიგების თავიდან ასაცილებლად შეცვლილია თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკი. ყველაზე დატვირთული სერვისცენტრების გარე სივრცეში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია სასმელი წყალი, ქოლგები და სადეზინფექციო საშუალებები", - განმარტავენ "ლიბერთიში".

თითოეული მოქალაქის, კომპანიის, ორგანიზაციის, სახელმწიფოს კეთილსინდისიერ, მიზნობრივ და ეფექტურ საქმიანობას შეუძლია კრიზისის წარმატებით გადალახვა და საერთო კეთილდღეობის შექმნა. პანდემიის ნაკლები ზარალით დასამარცხებლად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების აქტივობა მნიშვნელოვანია. თითოეულის თუნდაც მცირედი დახმარებით, ჩვენი მოქალაქეების საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებაა შესაძლებელი.

ნანა მღებრიშვილი