პოსტკოვიდური გართულებები და საჭირო კვლევები - კვირის პალიტრა

პოსტკოვიდური გართულებები და საჭირო კვლევები

პოსტკოვიდური პერიოდი ბევრისთვის იმაზე არანაკლებ რთულია, ვიდრე თავად კოვიდ19–თან ბრძოლა. ვირუსი სხვადასხვა სახის გართულებებს ტოვებს პაციენტებში, რომელთა ნაწილი სახლში მკურნალობს, ნაწილისთვის კი ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო. ხდება ისეც, რომ კოვიდისგან განკურებული ადამიანები თვითნებულად იტარებენ სხვადასხვა სახის კვლევებს. მათ შორის, რადიოლოგიურ გამოკვლევებს, რაც რეალურად საჭირო არც არის. პოსტკოვიდური პერიოდის ადეკვატურად მართვა რომ მოხდეს, აუცილებელია პაციენტმა მაქსიმალურად გაითვალისწინოს ექიმის რეკომენდაციები, საჭიროების შემთხვევაში უარი არ თქვას ჰოსპიტალიზაციაზე. მრავალპროფილური კლინიკა "ჰელსიკორის“ შინაგან სნეულებათა დეპარტამენტში ამჟამად არაერთი პაციენტი გადის პოსტკოვიდურ მკურნალობას. მათ უმეტესობას სუნთქვის მხრივ გართულება აღენიშნება. დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი ინტერნისტი ხათუნა შველიძე აღნიშნავს, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარების გართულება ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით შესაძლოა მოხდეს.

- რა ჩვენებით ხდება თქვენს განყოფილებაში პაციენტების მოთავსება?

- ზოგადად, "ჰელსიკორის“ შინაგან სნეულებათა დეპარტამენტში ვიღებთ პაციენტებს სხვადასხვა ნოზოლოგიით, მათ შორის: პნევმონიით, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავებით, ღვიძლის მწვავე უკმარისობით, თირკმლის მწვავე უკმარისობით, კრიტიკული ანემიით. თუმცა ბოლო პერიოდში პაციენტების დიდი უმეტესობა პოსტკოვიდური გართულებითაა. მათ აღენიშნებათ სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ვირუსული პნევმონიის ნარჩენი მოვლენები, განსაკუთრებით ხშირია ფილტვების ფიბროზული ცვლილებები. კლინიკურად ვლინდება შემდეგი სიმპტომები: საერთო სისუსტე, ქოშინი, ხველა, სხეულის ტემპერატურის მატება. პოსტკოვიდური პაციენტები ხშირად არიან ჟანგბადდამოკიდებულები და ბინაზე კონცენტრატორით სარგებლობენ. თუმცა ამის მიუხედავად მათი გართულება მაინც ხდება და უკვე ჰოსპიტალიზაციაა საჭირო.

ჩვენთან მკურნალობას გადიან როგორც საშუალო, ასევე მაღალი სიმძიმის პაციენტები, რომელთაც ინტენსიური მეთვალყურეობა 24 საათის განმავლობაში ესაჭიროებათ.

- რა ტიპის მკურნალობა უტარდებათ პოსტკოვიდურ პაციენტებს?

- მკურნალობა არ არის სტანდარტიზებული. ხდება სრულყოფილი კვლევების ჩატარება, რომელთა შედეგების მიხედვითაც ინიშნება მკურნალობა. ინტენსიურ სივრცეში 24 საათის განმავლობაში მაღალკვალიფიციური სამედიცინო პეროსნალი მეთვალყურეობს პაციენტებს, მათ შორისაა, ექიმი ინტერნისტი, ჰემატოლოგი; კარდიოლოგი, პულმონოლოგი. განყოფილება აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე აპარატურით, მონიტორებითა და სიპაპის აპარატებით. ყველა პალატა ჟანგბადის წყაროებითაა უზრუნველყოფილი. ჩვენი დეპარტამენტი გამოირჩევა პაციენტების მიმართ ყურადღებითა და გულისხმიერებით, რაც აისახება პაციენტთა კმაყოფილებით მათ მიერ გამოხატული მადლიერებით სამედიცინო პერსონალის მიმართ.

ზოგადად, ფილტვის ფიბროზული დაზიანება დროთა განმავლობაში ჟანგბადის პერიოდულ ან მუდმივ მიწოდებას საჭიროებს. ჩვენი მიზანია, პოსტკოვიდურ პაციენტებში ოქსიგენაციის პარამეტრების გაუმჯობესება მოხდეს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ფილტვი ისე ზიანდება, რომ სატურაციის ნორმალური პარამეტრამრტრების აღდგენა ვეღარ ხერხდება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი ადაპტირდეს გარკვეულ მაჩვენებელთან, კომპენსირდეს მისი მდგომარეობა, შემცირდეს რეჰოსპიტალიზაცია.

ჩვენი პაციენტები სტაციონარიდან გაწერის შემდეგაც საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიულ მკურნალობას ჩვენსავე ექიმებთან აგრძელებენ.

- პაციენტების თქვენთან ჰოსპიტალიზაცია ბინიდან ხდება თუ კოვიდკლინიკებიდან? - როგორც წესი, მომართვიანობა ხდება სახლიდან. ისინი კოვიდკლინიკებიდან უკვე გაწერილი პაციენტები არიან. არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ტიპის გართულების დაფიქსირების დროს ისინი ამბულატორიულად მიმართავენ ექიმს, რომელთა კონსულტაციის საფუძველზეც ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილების მიღება ხდება. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც პაციენტები პირდაპირ კოვიდკლინიკებიდან გადმოგვყავს. რა თქმა უნდა, ამ დროს ისინი ვირუსის გამავრცელებლები აღარ არიან.

- ძირითადად რა ასაკის ადამიანებს აღენიშნებათ პოსტკოვიდური გართულებები?

- მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ19 უკვე ყველა ასაკის ადმაიანს თანაბრად ემართება, პოსტკოვიდური გართულებები უმეტესად 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში გვხვდება.

- საშუალოდ რამდენი ხანი გრძელდება პოსტკოვიდური ჰოსპიტალური მკურნალობა?

- ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. საშუალო სიმძიმის პაციენტები ჩვენს განყოფილებაში საშუალოდ 5-6 დღე რჩებიან. რთულ შემთხვევაში კი 10–14 დღე ა ზოგჯერ მეტიც უწევთ კლინიკაში დაყოვნება.

- რა რეკომენდაციებით უშვებთ პაციენტებს ბინაზე? პოსტკოვიდურ პერიოდში სხვადასხვა ვიტამინის მიღება რეკომენდებულია?

- ვიტამინებს იმუნიტეტის გასაძლიერებლად განსაკუთრებული ეფექტი არასდროს აქვს. ამ დროს იმუნიტეტის გაძლიერება უნდა მოხდეს სწორი კვებით, ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის მიღებით.

აუცილებლად უნდა დაიცვან ცხოვრების ჯანსაღი წესი. იკვებონ ადეკვატურად.მათ მკაცრად ეკრძალებათ თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება. გარკვეული საკვების მიღება, რომელიც სასუნთ სისტემას აღიზიანებს.

პაციენტებს ვუნიშნავთ სპეციალურ სუნთქვით ვარჯიშებს, აუცილებელია სუფთა ჰაერზე ყოველდღიურად სეირნობა.

მათთვის, ვისაც კოვიდ19 გართულებებსა და ფილტვის ფიბროზულ პრობლემებს უტოვებს, რეკომენდებულია სისტემატიური ვაქცინაცია პნევმოკოკისა და გრიპის ვაქცინით.