20 სექტემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად კლოდ მონეს ალბომი გამოვა - კვირის პალიტრა

20 სექტემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად კლოდ მონეს ალბომი გამოვა

"მთელი სიმდიდრე ბუნებიდან მოდის, ისაა ჩემი შთაგონების წყარო“ - ეს სიტყვები ცნობილ ფრანგ ფერმწერს, იმპრესიონიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელს, კლოდ მონეს ეკუთვნის. მართლაც, ბუნებასთან სიახლოვე, მისდამი სიყვარული და აღფრთოვანება იყო ის, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა მხატვარზე. შთაბეჭდილება, ფრანგულად - Impression - გახდა ის ფუნდამენტი, რომელზეც მე-19 საუკუნის საფრანგეთში მხატვრობის ახალი მიმდინარეობა დაშენდა.

თვალისმომჭრელი ბუნების სურათები, ნათელი ფერები, სინათლისა და ჩრდილების ოსტატური მონაცვლეობა, ფუნჯის მოკლე მონასმი, რეალობის მხატვრული ინტერპრეტაცია... - ეს მცირე ჩამონათვალია იმ უამრავი ნიუანსიდან, რომლებიც მონეს ნახატებს უკვდავ ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. იმპრესიონისტი მხატვრის შესახებ საინტერესო ფაქტები, ეპოქის მიმოხილვა და მონეს ნახატების უმაღლესი ხარისხის პრინტები გელოდებათ გამომცემლობა "პალიტრა L-ის“ ცნობილი სერიის "დიდი მხატვრების“ ახალ ალბომში. კლოდ მონეს ალბომი 20 სექტემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. მისი სპეციალური ფასია 15 ლარი, გაზეთთთან ერთად - 17 ლარი.

სანამ ალბომს გაეცნობით, მანამდე კლოდ მონეს შესახებ 7 უცნობ ფაქტს გაგიზიარებთ, რომელთა შესახებაც ბევრმა არ იცის.

1. მხატვრული ნიჭი ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა

მონე 1840 წელს პარიზში დაიბადა. ხატვა პატარა ასაკიდანვე დაიწყო, თავის მასწავლებლებსა და მეზობლების კარიკატურებს ხატავდა. ხელოვნების სკოლაში სწავლის დროს საკუთარ კარიკატურებს ყიდდა კიდეც. ამავე პერიოდში აითვისა ზეთის საღებავებით ხატვა და პეიზაჟური მხატვრობა, რაც მალე მის სავიზიტო ბარათად იქცა. მონეს დედა ძალიან აფასებდა და ახალისებდა შვილის ნიჭს, მაგრამ მამას, რომელიც სურსათო მაღაზიას ფლობდა, სურდა თავის ვაჟს ბიზნესისთვის დაეთმო მთელი ყურადღება. 1857 წელს დედის გარდაცვალების შემდეგ მონემ მშობლიური სახლი დატოვა და მამის ნების საწინააღმდეგოდ ხელოვნების სწავლა გადაწყვიტა.

"თივის ძნები“. ნახატი 2019 წელს აუქციონზე რეკორდულ ფასად, 110.7 მლნ დოლარად გაიყიდა

2. ალჟირში ჯარისკაცად მსახურობდა

1861 წელს მონე ჯარში გაიწვიეს, ამიტომ იძულებული გახდა პარიზი დაეტოვებინა და ალჟირში აფრიკის მსუბუქი კავალერიის პირველ პოლკს შეერთებოდა. მამამ შესთავაზა: თანხას გადავიხდი და წასვლა აღარ მოგიწევს, თუ მხატვრობაზე ხელს აიღებო, მაგრამ მონემ ამაზე მკაცრი უარი განაცხადა. სამხედრო მოვალეობას მთელი 7 წელი ასრულებდა, მაგრამ მუცლის ტიფით დაავადდა, ნათესავმა ჯარიდან გათავისუფლების თანხა გადაიხადა და მონემ პარიზის სამხატვრო სკოლაში ჩააბარა.

ახალგაზრდა კლოდ მონე

3. იმდენად იმედგაცრუებული იყო, რომ თვითმკვლელობა სცადა

ახალგაზრდა მონე ერთხანს ძალიან იმედგაცრუებული იყო საფრანგეთის სამხატვრო აკადემიით. მას არ შეეძლო მუდმივად მკაცრად გაწერილი მითითებით ხატვა, ლუვრში გამოფენილი ნახატების გადახატვა, ძველბერძნული თუ რომალური მითური სცენების მიხედვით ნახატების შექმნა. იგი ცდილობდა საკუთარი სტილის მხატვრობით მოხვედრილიყო აკადემიის გამოფენებში, მაგრამ მის ნამუშევრებს მუდამ უარყოფდნენ. ამ ყველაფერმა იმდენად დიდი გავლენა იქონია მასზე, რომ 1868 წელს ხიდიდან გადახტა, მდინარე სენაში დახრჩობას სასწაულებრივად გადაურჩა და გულის გადაყოლება იმ მხატვრებთან დაიწყო, რომლებიც მის მსგავსად იმედგაცრუებულნი იყვნენ აკადემიით.

"წყლის შროშანები“

4. მხატვრობის ახალ მიმდინარეობას "იმპრესიონიზმი“ მისი ნახატის მიხედვით უწოდეს

თავისდაუნებურად, მონემ ერთი ნახატით მხატვრობის ახალ მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი, უფრო სწორად, მისი ნახატით სახელი დაერქვა იმ სტილს, რომლის გარშემოც მასთან ერთად რენუარი, პისარო, დეგა და სეზანი გაერთიანდნენ. მათმა ჯგუფმა 1874 წელს გამოფენა მოაწყო, სადაც ახლებური სტილის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ნახატები ნათელი ფერებით გამოირჩეოდა და ფუნჯის სწრაფი, მოკლე-მოკლე მონასმებით იქცევდა ყურადღებას. ერთ-ერთმა კრიტიკოსმა, ლუი ლეროიმ, მონეს ახლა უკვე ცნობილი ნახატი "შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა“ დაუმთავრებელ ესკიზს შეადარა. ახალი სტილის მხატვრების აღსანიშნად სიტყვა "იმპრესიონისტი“ სხვებმაც აიტაცეს და მალე მხატვრობაში ახალ მიმდინარეობას სახელი დაერქვა.

5. მისი მეორე ცოლი პირველ ცოლზე ეჭვიანობდა

მონე ხშირად ხატავდა თავის პირველ მეუღლეს - კამილ დონსეს, რომელიც მოდელად მუშაობდა და 1860-იანი წლების შუა პერიოდიდან მხატვართან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. ისინი 1870 წელს დაქორწინდნენ და ორი ვაჟი შეეძინათ. კამილი 1879 წელს გარდაიცვალა.

მხატვრის მეორე ცოლი ალისა, სანამ მხატვარს გაჰყვებოდა, ბიზნესმენისა და ნახატების კოლექციონერის ცოლი იყო. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ცოლად მონეს გაჰყვა, თუმცა ამბობდნენ, რომ წყვილს ჯერ კიდევ მონეს ცოლის გარდაცვალებამდე ჰქონდა ურთიერთობა. ალისა მონეს პირველ მეუღლეზე იმდენად ეჭვიანობდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ კამილის ყველა წერილი და ფოტოსურათი გაანადგურა. ამის მიუხედავად, მის 2 და თავის 6 შვილთან ერთად ცხოვრობდა. ცნობისთვის: ალისას ერთ-ერთი ქალიშვილი თავის ნახევარძმაზე დაქორწინდა, რომელიც მონეს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა.

"ქალი მწვანე კაბაში“, კლოდ მონეს პირველი მეუღლე

6. კრიტიკოსები მხედველობის პრობლემების გამო დასცინოდნენ

60 წლის ასაკში მონეს მხედველობის პრობლემა შეექმნა. ექიმებმა კატარაქტის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მხატვარი ფერებს ძველებურად ვეღარ აღიქვამდა, ამბობდა, რომ წითელმა და ვარდისფერმა თავიანთი ეშხი დაკარგეს, ტონები გაექცა... 1922 წელს, როდესაც თვალის ჩინი თითქმის მთლიანად წაერთვა, პალიტრაზე დამახსოვრებული ფერების მიხედვით ხატავდა. კატარაქტის სარისკო ოპერაციის გაკეთებას 1923 წლამდე აჭიანურებდა. კრიტიკოსები ბუნდოვანი ნახატების გამო დასცინოდნენ და ვარაუდს გამოთქვამდნენ, რომ მონეს იმპრესიონისტული სტილი სწორედ მხედველობის დაქვეითებით იყო გამოწვეული და არა მისი მხატვრული ოსტატობით. კატარაქტის ორი ოპერაციის შემდეგ მონე სპეციალურ ფერად სათვალეებს ატარებდა, რათა ფერები უკეთ აღექვა.

7. 2015 წელს მსოფლიომ მონეს ახალი ნახატი აღმოაჩინა

2015 წელს ლონდონში ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრეთაგან ერთ-ერთმა მონეს უცნობი პასტელი აღმოაჩინა, რომელიც მხატვრისავე ნახატის უკან იმალებოდა. ეს ტილო (როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ტილოები) დილერმა 2014 წელს პარიზში გამართულ აუქციონზე შეიძინა. ახალაღმოჩენილ ნახატზე შუქურა და ლე-ჰავრის პორტია ასახული. სწორედ ამ ქალაქში გაატარა მონემ ბავშვობა. სპეციალური გამოკვლევებით დადგინდა, რომ ნახატი ნამდვილად მონეს ეკუთვნოდა. ნამუშევარი 1868 წლით დაათარიღეს, იმ დროით, როდესაც მონე სენაში გადახტა.

მონე ამბობდა: "ყველა განიხილავს ჩემს ნახატებს და თავი ისე მოაქვთ, თითქოს ესმოდეთ. არადა, მათი გაგება კი არ არის აუცილებელი, არამედ - მათი შეყვარება.“ ამდენად, თუკი გიყვართ მონეს შემოქმედება და იმპრესიონიზმის შუქჩრდილებში გზის გაკვლევა გსურთ, შეგახსენებთ, რომ კლოდ მონეს ალბომი 20 სექტემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ. ალბომის სპეციალური ფასია 15 ლარი, გაზეთთთან ერთად - 17 ლარი.

"დიდი მხატვრების“ სერიის ალბომებით ყველა დროის საუკეთესო მხატვრების შემოქმედებას გაეცნობით, როგორიცაა: ლეონარდო და ვინჩი, ვან გოგი, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი, პიკასო და სხვ.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული ბეჭდვის დამსახურებით, მხატვრების უნიკალური ხელოვნების ნიმუშები წიგნებში თითქმის სრული სიზუსტითაა გადატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი საყვარელი მხატვრების ნამუშევრებს ზედმიწევნითი სიზუსტით დაინახავთ.

ტექნიკურ საკითხთან ერთად მნიშვნელოვანია ალბომების შინაარსიც. "დიდი მხატვრების“ სერია თქვენთვის ერთგვარი გზამკვლელი გახდება და მსოფლიოში აღიარებული მხატვრების შესახებ აქამდე უცნობ ბიოგრაფიულ ინფორმაციას გაგაცნობთ. მათი პირადი თუ პროფესიული ცხოვრება ორმაგად საინტერესოა იმიტომაც, რომ არაერთ ნახატს სწორედ ცხოვრებისეული ფაქტები თუ მოვლენები უდევს საფუძვლად.