აჭარის 26 სოფელში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

აჭარის 26 სოფელში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები მიმდინარეობს

სერვისის სტანდარტებისა და კოვიდრეგულაციების შესახებ აჭარის 26 სოფელში ტრენინგები დაიწყო. თაგოში, ღორჯომში, უჩხოში, დანისპარაულსა და ბეღლეთში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების მეპატრონეებს უტარდებათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით თეორიულ-პრაქტიკული სწავლებისას სექტორის წარმომადგენლები პანდემიის პირობებში ტურისტების უსაფრთხოდ მიღების, არსებული სერვისების გაუმჯობესების, დალაგება-დასუფთავების სტანდარტებს, ასევე კვების ობიექტების მართვას, მენიუების შედგენა-გამოყენებას, სტუმრის მიღება-განთავსებისა და დაჯავშნის პროცედურებს სწავლობენ.

ხულოს მუნიციპალიტეტის შემდეგ ტრენინგები შუახევში, ქობულეთში, ქედასა და ხელვაჩაურში ჩატარდება. ჯამში, სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების 250-ზე მეტი წარმომადგენელი გაეცნობა სერვისის საერთაშორისო სტანდარტებს. რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით დეპარტამენტი ასევე ამზადებს სასწავლო ვიდეო-გაკვეთილებს, რომელიც სერვისის ახალ ონლაინგვერდზე serviceajara.ge აიტვირთება. აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული რეგიონში მიმდინარე ტრენინგების გრაფიკი და სასწავლო მასალებიც.