საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ქვიშის ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია - კვირის პალიტრა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ქვიშის ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის ვაჟთა გუნდმა ქვიშის ფრენბურთში საქართველოს 2021 წლის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი ქვიშის ფრენბურთში (სტუ/მიხეილ გუნიავა, ალექს ზაქაიძე) ჩემპიონატის ფინალში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს - კსუ 2-ს დაუპირისპირდა და ასპარეზობა გამარჯვებით, 2:0 დაასრულა. სტუ-ის ჩემპიონ გუნდს საქართველოს ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ფულადი ჯილდო, 1500 ლარი გადასცა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განაცხადებით, ეროვნულ ჩემპიონატში სტუ-ის გუნდის გამარჯვება, "უნივერსიადა 2021“-ში გამარჯვებული უნივერსიტეტის ტიტულის მოპოვების შემდეგ, უნივერსიტეტისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. როგორც რექტორმა აღნიშნა, საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას და სპორტული ტრადიციების აღორძინებას უწყობს ხელს.

"კოვიდპანდემიის მიუხედავად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდმა ქვიშის ფრენბურთში სათანადო მომზადება გაიარა, ღირსეულად იასპარეზა და მოიპოვა კიდეც გამარჯვება ფინალურ შეხვედრაში. ვულოცავ ჩვენი უნივერსიტეტის გუნდს საქართველოს ეროვნული ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას! მათ კიდევ ერთი წარმატება მოუტანეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. სტუდენტური სპორტული სახეობების გააქტიურება და პოპულარიზაცია საუნივერსიტეტო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოს უძველეს საინჟინრო-ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, რომელსაც გაისად 100 წელი უსრულდება, ოდითგანვე იყო განვითარებული სასპორტო მიმართულებები, ჩვენმა უნივერსიტეტმა მრავალი სპეციალისტი აღზარდა, რომლებიც იამვდროულად ცნობილი სპორტსმენები იყვნენ, თამაშობდნენ საუნივერსიტეტო გუნდებში, იმარჯვებდნენ და შორს გაჰქონდათ, როგორც უნივერსიტეტის, ისე საქართველოს სახელი. მეტიც, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპორტის მრავალი ახალი სახეობის განვითარებას ჩაეყარა საფუძველი. ამ ეტაპზე, ჩვენ მიზანმიმართულად ვმუშაობთ, რომ თანამედროვე მიდგომების გამოყენებით ავაღორძინოთ და განვამტკიცოთ ჩვენი უნივერსიტეტის სპორტული ტრადიციები, ხელი შევუწყოთ სტუდენტების ჩართულობას სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში და მრავალმხრივ და დამსახურების მიხედვით წავახალისოთ ჩვენი ის სტუდენტები, რომლებიც ამავდროულად, წარმატებული სპორტსმენები არიან“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი აღნიშნავს, უნივერსიტეტის სახელზე კიდევ ერთი ახალი და მნიშვნელოვანი სპორტული გამარჯვება დაფიქსირდა. მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მოტივაციას უქმნის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სპორტში წარმატებული სტუდენტებისთვის სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიება აამოქმედოს.

"ვულოცავთ ჩვენი უნივერსიტეტის გუნდს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. გვინდა ჩვენს სტუდენტებს გავაცნოთ რექტორის, დავით გურგენიძის გადაწყვეტილება, რომელიც მან აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით მიიღო: წარმატებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებიც არიან ან გახდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტი მოქნილ სასწავლო გრაფიკს შესთავაზებს და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სპორტსმენებს, სწავლის საფასურის დაფარვის მხრივ, გარკვეულ შეღავათებსაც დაუწესებს. ასევე, შეიქმნება საუნივერსიტეტო მიზნობრივი ფონდებიც. გარდა ამისა, რექტორის გადაწყვეტილებით, ქვიშის ფრენბურთის ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდს უნივერსიტეტიც დააჯილდოებს. დარწმუნებული ვართ, მსგავსი წამახალისებელი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობებში სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას და საუნივერსიტეტო სპორტსაც მნიშვნელოვნად განავითარებს“, - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.

ქვიშის ფრენბურთში საქართველოს 2021 წლის ეროვნული ჩემპიონატი საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.