სიახლე! 11 ოქტომბრიდან - "ბიბლიის ენციკლოპედია" გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად! - კვირის პალიტრა

სიახლე! 11 ოქტომბრიდან - "ბიბლიის ენციკლოპედია" გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად!

"კვირის პალიტრის" მკითხველს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს გამომცემლობა "პალიტრა L" . 11 ოქტომბრიდან თვეში ერთხელ "ბიბლიის ენციკლოპედიის" პირველი ტომის შეძენას შეძლებთ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად.

ამ სიახლის შესახებ გვესაუბრება პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი.

- სულ ახლახანს დასრულდა სერია "ბიბლია განმარტებებით", რომელიც მიყვებოდა გაზეთ "კვირის პალიტრას" რომლის ავტორი და რედაქტორი ასევე თქვენ იყავით და რომელიც ასევე პალიტრა L -ისა და "კარიბჭის" სარედაქციო ჯგუფის მიერ მომზადდა. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე სერია "ბიბლია განმარტებებით" ამჯერად ჟურნალ "კაბიბჭეს გაყვება" . რით განსხვავდება "ბიბლიის ენციკლოპედია" მისგან? - "ბიბლია განმარტებებით" გახლდათ 26 ტომეული, მასში ბიბლიის ყოველი წიგნის თითოეული მუხლის საღვთისმეტყველო შინაარსის ახსნა-განმარტებას წაიკითხავდით. ეს განმარტებები მოხმობილი და თარგმნილი გახლდათ წმინდა მამათა ეკზეგეტიკური ნაშრომებიდან და ამ 26 ტომში, ფაქტობრივად, ბიბლიის მთლიანი ტექსტის გაგებისათვის და მისი შინაარსის სწორად აღქმისათვის ძირითად და მნიშვნელოვან კომენტარებს მოვუყარეთ თავი.

რაც შეეხება ახალ პროექტს, მისი სახელწოდებაა "ბიბლიის ენციკლოპედია" და მასზე იგივე სარედაქციო ჯგუფი მუშაობს, რომელმაც "ბიბლია განმარტებებით" მოამზადა. ბიბლია კაცობრიობის მთავარი წიგნი გახლავთ და მასში დევს დიდი ინფორმაცია კაცობრიობის ისტორიის, მეცნიერების, კულტურის განვითარების შესახებ. მრავალი საუკუნეა, ბიბლიის ტექსტის მეცნიერული კვლევა მიმდინარეობს და ეს პროცესი ამოუწურავია - დაუსრულებელია, ისევე, როგორც უსასრულო და უკიდეგანოა ის მადლი, რომლის მოქმედებითაც ეს წიგნთა წიგნი იწერებოდა.

"ბიბლიის ენციკლოპედია" – ეს არის ვრცელი ნაშრომი, რომელიც ბიბლიასთან დაკავშირებულ უამრავ კითხვას სცემს პასუხს. ეს კითხვები ეხება ბიბლიურ არქეოლოგიას, არქიტექტურას, ასტრონომიას, გეოგრაფიას, ბიბლიურ მოღვაწეთა ბიოგრაფიებს, ბოტანიკას, სამხედრო ხელოვნებას, ზოოლოგიას, მიწათმოქმედებას, ხელოვნებას, მინერალოგიას, მეტეოროლოგიას, მედიცინას, მათემატიკას, ნუმიზმატიკას, პედაგოგიკას, ფიზიკას, ეთნოგრაფიას და სხვა.

ენციკლოპედიის წყობა და შინაარსი სრულიად განსხვავებულია განმარტებითი ბიბლიის ტომეულისაგან. ენციკლოპედიური ინფორმაციის გარეშე ბიბლიის ტექსტის გაცნობისას, შეიძლება ბევრი საინტერესო საკითხი პასუხგაუცემელი დაგვრჩეს.

- სულ რამდენი ტომია და როგორი იქნება პირველი წიგნის შინაარსი? - "ბიბლიის ენციკლოპედია" ოთხტომეულია. ამ ტომებში განმარტებულია 7 500-მდე ტერმინი, რომლებიც ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში შეიძლება შეგვხვდეს. შევეცადეთ, რომ განმარტებანი ყოფილიყო სრული, მარტივი, ადვილად გასაგები. პირველ ტომში ა-დან ზ-მდე ანბანურად დალაგებულ ტერმინთა განმარტებებია.

განსამარტი ბიბლიური ტერმინები მოგვყავს ბიბლიის თანამედროვე ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანიდან. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ყოველი ტერმინის განმარტების დასაწყისში ნახავთ მათ ძველქართულ შესატყვისებს, რომლებიც მოხმობილია ედიშერ ჭელიძის მიერ დაზუსტებული ტექსტიდან და ასევე - ბერძნულ შესატყვისებს - სეპტუაგინტადან.

- აცნობეთ თუ არა პატრიარქს ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ? - ბიბლიის ენციკლოპედიის ოთხტომეული გამოიცემა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. პროექტი მომზადდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლეისტიკის კათედრასთან თანამშრომლობით.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბიბლეისტიკის კათედრის დოქტორანტს, სასულიერო აკადემიის პედაგოგს, გიორგი თოდუას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ ორი პროექტის მზადების პროცესში და სარედაქციო ჯგუფის მუშაობის არაერთი სირთულე სწორედ მისი დახმარებით გადავლახეთ.

- "ბიბლიის ენციკლოპედია" მხოლოდ ბიბლიის მკვლევართათვის იქნება საინტერესო თუ მკითხველთა ფართო წრისთვისაც? - "ბიბლიის ენციკლოპედია" განკუთვნილია ბიბლიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის, ყველასთვის, ვინც წმინდა წერილის შინაარსის გაცნობას გადაწყვეტს.

მაშ ასე, "კვირის პალიტრის" მკითხველს ვურჩევთ, არ გამოტოვონ ეს სერია.

წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად 15.50 ლარი. იკითხეთ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, პრესის გავრცელების ჯიხურებში ან გამოიწერეთ საიტიდან www.palitral.ge და ისარგებლეთ სახლში მიტანის სერვისით.