მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტად ასახელებს - კვირის პალიტრა

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტად ასახელებს

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ფონდი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სოციალურ მედიაში პოსტს აქვეყნებს.

"ბედნიერები ვართ, ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რომელიც ახალ ფურცელს შლის და იწყებს მეორე საუნივერსიტეტო წელს, პირველი ნაბიჯებით, პატარა თუ დიდი გამოწვევებით და ბრწყინვალე წარმატებებით სავსე წლის შემდეგ.

პოსტში წერია, რომ KIU-ს ფილოსოფია "მწვანე უნივერსიტეტის“ კონცეფციაზეა დაფუძნებული და უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკით და გამოცდილებით, რაც ითვალისწინებს ინოვაციების ეკოსისტემის შექმნას და სანიმუშო სასწავლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებას რეგიონში.

"ახლა KIU ელოდება სტუდენტთა მეორე ნაკადის მიღებას, რომლებიც სწავლას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტში შეუდგებიან. ჩვენ ვამაყობთ რომ გვაქვს ასეთი ძლიერი პარტნიორობა!“ - ნათქვამია TUMint-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

TUM International GmbH (TUMint) არის მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილი კომპანია და ერთმანეთთან ინტეგრირებული მეცნიერებისა და ინდუსტრიული კლასტერების განვითარების, კოორდინაციისა და მართვის წამყვანი მიმწოდებელი. TUMint ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ტალანტების მართვის პროგრამების მეშვეობით ერთად კრებს საერთაშორისო პარტნიორებს კვლევის, პოლიტიკისა და ინდუსტრიის სფეროებიდან. TUMint ხელს შეუწყობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს განვითარდეს როგორც ინოვაციებისა და მეწარმეობის საერთაშორისო ეკოსისტემა.

TUMint ხელს უწყობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს კამპუსის, სტრატეგიის და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით. TUMint-ის საქართველოზე მომუშავე გუნდი საქართველოსა და გერმანიას შორის აკადემიურ-ინდუსტრიული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, როგორც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მოდელზე დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, უზრუნველყოფს პარტნიორობის დამყარებას ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, რათა მოხდეს განათლების, ინოვაციებისა და შრომის ბაზრის ერთმანეთთან დაკავშირება.