კონკურსი 1-ლ ოქტომბერს დაიწყო! - კვირის პალიტრა

კონკურსი 1-ლ ოქტომბერს დაიწყო!

გამომცემლობა "პალიტრა L" ლიტერატურულ კონკურსზე "გახდი ბესტსელერის ავტორი 2022" განაცხადების მიღებას იწყებს.

კონკურსის მთავარი მიზანი ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა.

"გახდი ბესტსელერის ავტორი" 2022" წელს განახლებული ფორმატით დაგიბრუნდათ. კონკურსზე მიიღება როგორც რომანი, ასევე მოთხრობების კრებული.

თუ გიყვართ წერა და ფიქრობთ, რომ ეს კარგადაც გამოგდით, თუ საკუთარ წიგნზე ოცნებობთ, გეძლევათ შანსი, ეს ოცნება რეალობად აქციოთ, თუნდაც ამისთვის ფანტასტიკის სფეროში შეჭრამ მოგიწიოთ - ჟანრში თავისუფალი ხართ!

ჩვენ უკვე გვყავს ბესტსელერების ავტორები და მათ დაამტკიცეს, რომ ეს რეალობაა!

კონკურსის წესები და პირობები

კონკურსზე მიიღება როგორც რომანი, ასევე მოთხრობების კრებული. ჟანრი და თემატიკა თავისუფალია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, 18 წლის ასაკიდან ზევით.

კონკურსზე მიიღება მხოლოდ ამ კონკურსისთვის შექმნილი ან მანამდე გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები.

კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი" მონაწილეობის მსურველის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

1. გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, მოკლე ბიოგრაფია. გამოუქვეყნებია თუ არა ნამუშევრები კონკურსამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, საჭიროა მიუთითოს წყარო: წიგნი, პერიოდული გამოცემა, საიტი და სხვ.). ინფორმაცია უნდა გამოიგზავნოს WORD დოკუმენტით;

2. კონკურსანტის ფოტო (JPG ფორმატი);

3. საკონკურსო ნაწარმოების მოკლე აღწერა/სინოპსისი (WORD დოკუმენტი);

4. რომანის შემთხვევაში: ნაწარმოების დასაწყისი: 20-30 გვერდი, პროზაული კრებულის შემთხვევაში - 2-3 მოთხრობა, WORD დოკუმენტი, შრიფტი - Sylfaen, ზომა 11, ხაზებს შორის დაშორება - სტანდარტული (Multiple)

განაცხადების რეგისტრაციის პროცედურა:

1. ყველა მოთხოვნილი ფაილი უნდა გამოგზავნოთ 1-ლი ოქტომბრიდან 1-ლი ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: konkursi@palitra.ge

2. ნაწარმოებების ატვირთვის შემდეგ კონკურსანტი ელფოსტაზე მიიღებს ავტომატურ შეტყობინებას განაცხადის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

3. გამომცემლობის სარედაქციო ჯგუფი გაეცნობა განაცხადებს და კონკურსზე დაუშვებს იმ ავტორებს, რომელთა განაცხადები დააკმაყოფილებს გამომცემლობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს კონკურსის წესებისა და პირობების მიხედვით.

4. კონკურსზე არ განიხილება:

რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები

არასრულყოფილი განაცხადები;

ენობრივად და სტილისტურად გაუმართავი ტექსტები;

ტექსტები, რომლებშიც გამოიკვეთება უკვე გამოქვეყნებული ნაშრომების გამეორება-გამოყენების მცდელობა.

5. საკონკურსოდ დაიშვება და სპეციალურ ვებგვერდზე (www.palitral.ge) განთავსდება ორიგინალური, ენობრივად და სტილისტურად გამართული ნაწარმოებები, რომლებიც არ უნდა შეიცავდეს პლაგიატის ნიშნებს;

6. კონკურსზე დაშვებული ნაწარმოებები აიტვირთება საიტზე და მკითხველს მათი გაცნობისა და ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცემა 5 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით.

შენიშვნა: ხმების გაყალბების ან გაყალბების მცდელობის დაფიქსირების შემთხვევაში კონკურსანტი ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

7. 6 დეკემბერს, I ტურის შედეგად, გამოვლინდება მაქსიმუმ 20 კონკურსანტი - ათი მკითხველის რჩეული გახდება, ათს კი კონკურსის ჟიური გამოავლენს.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მკითხველისა და ჟიურის არჩევანი დაემთხვევა ერთმანეთს, მე-2 ტურში გადავა ოცზე ნაკლები ნაწარმოები.

მე-2 ტურში გადასული კონკურსანტები შესაბამის შეტყობინებას მიიღებენ გამომცემლობისგან. ამ კონკურსანტებმა 10 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით კონკურსის ელფოსტაზე: konkursi@palitra.ge უნდა გამოგზავნონ:

I ტურში გამოგზავნილი ნაწარმოების ან კრებულის სრული დამუშავებული ვერსია.

ნაწარმოების/კრებულის დეტალური აღწერა (ჭორდ დოკუმენტი, 60-დან 150 სიტყვამდე).

მე-2 ტურში პირველ ტურში მიღებული ხმები ანულირდება და კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყება თავიდან, ხმის მიცემის პროცედურის დაცვით.

მე-2 ტურში ხმის მიცემა დაიწყება 11 იანვრიდან და დასრულდება 30 იანვარს, 1-ლ თებერვალს კი გამოცხადდება მაქსიმუმ 3 გამარჯვებული. მათგან 1 მკითხველის რჩეული იქნება, 1 - ჟიურის, 1 კი - ჟიურისა და მკითხველის ერთობლივი არჩევანი. ამ უკანასკნელს ჟიური აარჩევს მეორე ტურში გადასული ნაწარმოებებიდან.

როგორც წესი, გამარჯვებულების გამოვლენამდე, ლიტერატურული კონკურსის ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: www.palitral.ge

გისურვებთ წარმატებებს!

ხმის მიცემის პროცედურა:

8. ვებგვერდზე ხმის მიცემა ორივე ტურის შემთხვევაში ხორციელდება მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით.

9. ხმის მისაცემად საჭიროა მომხმარებელმა შესაბამის ველში შეიყვანოს თავისი ტელეფონის ნომერი და დააჭიროს ღილაკს - "SMS კოდის მიღება. მაქსიმუმ 1 წუთის განმავლობაში მომხმარებელი მიიღებს SMS კოდს, რომელსაც ხმის მიცემისთვის ჩაწერს ველში SMS კოდი.

*თუკი მომხმარებელი ერთი წუთის განმავლობაში ვერ მიიღებს SMS კოდს, კოდის განმეორებით მიღება შესაძლებელი იქნება 1 წუთის გასვლის შემდეგ.

* ხმის მიცემის პროცედურა უფასოა.

10. ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ერთ ნაწარმოებს ხმა მისცეთ მხოლოდ ერთხელ კონკურსის თითოეულ ტურში.

11. ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ხმა მისცეთ ნებისმიერი რაოდენობის ნაწარმოებს.

12. ხმები მიიღება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მობილური პროვაიდერების ნომრებიდან.

გამარჯვებული კონკურსანტების ნამუშევრებს გამომცემლობა "პალიტრა L" 2022 წლის შემოდგომაზე გამოსცემს.

შენიშვნა: გამარჯვებულების გამოვლენამდე ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრთა ვინაობა კონფიდენციალურია.