KIU-ში ქუთაისის სკოლებისთვის ღია კარის დღე ჩატარდა - კვირის პალიტრა

KIU-ში ქუთაისის სკოლებისთვის ღია კარის დღე ჩატარდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქუთაისელი მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ტურში მონაწილეობა ქ. ქუთაისის იმ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს, რომელთა კურსდამთავრებულების ყველაზე დიდმა ნაწილმაც წელს KIU-ში ჩააბარა. სკოლებს შორისაა ანდრია რაზმაძის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა, წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის №3 საჯარო სკოლა, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლა, იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლა, ქალაქ ქუთაისის №23 საჯარო სკოლა და შპს სკოლა №1.

შეხვედრის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ სტუმრებს KIU-ს საქმიანობა, მიმდინარე აქტივობები და ის სიახლეები გააცნო, რაც რეგიონის წარმატებულ უნივერსიტეტში ინერგება. საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ უნივერსიტეტის სტუდენტ-ელჩებმა აბიტურიენტებსა და მომავალ სტუდენტებს KIU-ს ქალაქის ტურზე უმასპინძლეს.

“დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ღია კარის დღეს ქუთაისის იმ სკოლებისთვის, რომლიდანაც წელს ყველაზე მეტი აბიტურიენტი მივიღეთ. დღეისათვის უნივერსიტეტში ჯამში 700-მდე სტუდენტი სწავლობს. აქედან სტუდენტების 37% პროცენტი არის იმერეთის რეგიონიდან, 41% თბილისიდან, ხოლო დანარჩენი სხვა რეგიონებიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს №1 უნივერსიტეტი გახლავთ, ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო ქულის მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილზე ვართ, ხოლო ჯამში, საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მეორე ადგილზე. ჩვენთან ყველაზე წარჩინებულმა აბიტურიენტებმა ჩააბარეს. ჩვენ დღეს ვუმასპინძლეთ მოსწავლეებს, ავუხსენით უნივერსიტეტის შესახებ, დავათვალიერებინეთ კამპუსი. იმედი გვაქვს, რომ KIU კიდევ უფრო პოპულარული გახდება როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო სტუდენტებს შორის“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული სკოლების კურსდამთავრებულების უმეტესობა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას, არჩევანს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე აკეთებს. KIU, თავის მხრივ, მიესალმება ადგილობრივი სკოლების მოსწავლეთა მხრიდან ამგვარ ინტერესს და აქტიურობას.

...

KIU-მ სტუდენტების პირველი ნაკადი 2020-2021 სასწავლო წელს მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე მიიღო. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

KIU სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. KIU არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 160 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. KIU-ს საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

უნივერსიტეტის მიზანია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.