ბათუმს ქათქათას, ბათუმს გათოშილს - კვირის პალიტრა

ბათუმს ქათქათას, ბათუმს გათოშილს

ბათუმში ცამეტი უბედნიერესი წელი გავატარე და სულ თითებზე ჩამოსათვლელი შემთხვევა მახსოვს, სტიქიას შემოეტიოს.

ერთხელ, გაზაფხულზე, ისე გაწვიმდა, ქუჩაში მანქანებს მოძრაობა უჭირდათ. მეორედ პირველ სექტემბერს სკოლაში ვერ წავედით – ისევ თავსხმა წვიმის გამო. თებერვლის მიწურულს ჩემს ძმას კინაღამ დაბადების დღე ჩაეშალა – იმხელა თოვლი დადო, სტუმარს ვინ ჩიოდა, ჩვენც ვერ ვბედავდით გარეთ ცხვირის გაყოფას.

ეს იყო და ეს.

ოღონდ დენი არ გათიშულა და ქალაქი არ ჩამკვდარა, თან პატარა ვიყავი და ეს ამბები სახალისო თავგადასავლად უფრო აღვიქვი.

სამაგიეროდ, ახლა შემოუტია ზამთარმა ბათუმს და მერე როგორ შემოუტია! თოვლს უშუქობა მოჰყვა. 30 საათია, ქალაქს ელექტროენერგია აქა-იქ თუ მიეწოდება. გაითიშა შუქნიშნები, გაიყინა გზები, შეფერხდა გაზის მიწოდება… ზოგან პური ვერ გაყიდეს, ზოგან რიგებიც დადგა… არადა, სტიქიასაც ვერ დაარქმევ, უბრალოდ, მოთოვა.

ზამთარში თოვლი ვის გაჰკვირვებია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ამბავი მხოლოდ ბათუმელებს ადარდებთ.

საინფორმაციო გამოშვებებს თავიდან ბოლომდე ვუყურებ-მეთქი, რომ გითხრათ, მართალი არ ვიქნები, მაგრამ დღეს ფონად მქონდა ტელევიზორი ჩართული და რაღაც ვერ შევამჩნიე, ამ თემისთვის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოთ.

სიახლეებს ისევ ბათუმელი მეგობრების ფრაგმენტული სტატუსებიდან ვიგებ: შუქი არ არისო, ქალაქში სანთელი გაქრაო, მაღაზიები იხურებაო, მობილურ ტელეფონებს პოლიციის შენობაში ვტენითო…

ჰო, სანთელზე გამახსენდა. სანთელი გაძვირებულა ბათუმში. დარწმუნებული ვარ, მაღაზიის მეპატრონე, უშუქო ქალაქში სანთელს ხუთმაგი ფასი რომ დაადო, აუცილებლად მოიწონებდა ფბ-სიახლეს იმაზე, როგორ ემსახურებიან კიევში ევრომაიდანელებს უფასოდ ტაქსისტები და როგორ გამოაქვთ ღამენათევი პროტესტანტებისთვის ჩაი და ყავა.

სალიბაურში თოვლმა სათბური რომ ჩაანგრია და ადამიანი იმსხვერპლა, იცოდით? სააგენტოებმა ნიუსი გაავრცელეს, მცირე სიუჟეტიც იყო რომელიღაც არხზე და მორჩა… ვითომ არც არაფერი მომხდარა.

გუშინ სქრინი გავრცელდა ფბ-ზე – შუქზე, გაზსა და გათბობაზე პასუხისმგებელი სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის(!) სამსახურის თანამშრომელი ღადისსონ-Bლუ-დან, ფინჯანი ყავისა და კრუასანის თანხლებით, გაყინულ ქალაქს აიმედებდა, ნუ გეშინიათ, ზამთარიც გაივლისო. ვერ გეტყვით, ნამდვილი იყო თუ არა ის სქრინი – ფეისბუქი სიმართლესთან ერთად ათას ჭორსაც ავრცელებს, მაგრამ თუ სიმართლეა, მთლად პიარის სახელმძღვანელოში შესატანი ამბავი ვერ მოსვლიათ.

სქრინები იქით იყოს – უამისოდაც ფაქტია, რომ დღეს ფეისბუქს პარლამენტში ატეხილი ჩხუბი უფრო აინტერესებს. არა, ესეც მნიშვნელოვანია, ესეც ჩვენი სატკივარია, მაგრამ…

ვინც კი ოდნავ მაინც მიცნობს, დამიდასტურებს, რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად ჭკუის დარიგება მეზარება, მორალისტი არასოდეს ვყოფილვარ და არც ახლა ვაპირებ ქადაგად დავარდნას – ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს და უფლება, ილაპარაკოს იმაზე, რაც აინტერესებს. ოღონდ ეს უფლება მეც მაქვს და ახლა სწორედ ამ უფლებას ვიყენებ.

ვფიქრობ და ვერ მომიფიქრებია, რით შემიძლია დახმარება. ალბათ, არაფრით. ღმერთმა ნუ ქნას, მოხალისეების დასაძახებლად გაუხდეს ბათუმს საქმე. დიდი იმედი მაქვს, ქალაქს ისინი მიხედავენ, ვისაც ეს ევალება და ხელეწიფება. უბრალოდ, ჩემთვის ბათუმი აუზი არ არის, ზაფხულობით საბანაოდ ჩავდიოდე და არც მხოლოდ კინოფესტივალების დროს მახსენდება.

მე მახსოვს უშუქობა და შიმშილი, დახურული მაღაზიები და პურის რიგები. ბათუმში არა – თბილისში მახსოვს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ, ავად სახსენებელი ოთხმოცდაათიანებისგან განსხვავებით, ბათუმში ყველაფერი ხვალ თუ არა, ზეგ მაინც გამოსწორდება, მაგრამ დღეს რომ პატარა ბავშვისთვის სადილი ვერ გაუცხელებიათ, მათთვის ეს რწმენა ვერაფერი ნუგეშია.

ჰოდა, სწორედ იმიტომ, რომ მახსოვს და იმიტომ, რომ სხვას ვერაფერს ვახერხებ, მინდა, ბლოგის მკითხველებთან ერთად ხმა მივაწვდინო ჩემს ბათუმელ მეგობრებს და ვუთხრა, რომ ბათუმი არავის დავიწყებია, ჩვენ მათთან ვართ და ყველაფერი კარგად იქნება.

მოლი ბლუმის ბლოგი