2012 წლის ასტროლოგიური პროგნოზი - კვირის პალიტრა

2012 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას უნდა ველოდოთ 2012 შავი (წყლის) დრაკონის წელს?

დრაკონის წელს ადამიანების ცხოვრება  იცვლება. იგი ივსება განსხვავებული "ფერებით", მოვლენებითა თუ სიტუაციებით. ადამიანს უკეთესი მომავლის რწმენა უძლიერდება. საკმაოდ ხშირად სწორედ დრაკონის წელში ტოვებენ აქტიური პოლიტიკოსები თუ ბიზნესმენები აქტიურ სარბიელს, ხოლო მათ ნაცვლად ასპარეზზე გამოდიან უფრო პროგრესული ადამიანები.

დრაკონს განრისხებაც შეუძლია. ლეგენდის მიხედვით, ხშირად დრაკონი გულში ინახავს წყენას და ელოდება საჭირო მომენტს, რათა გულში ნადები გადმოაფრქვიოს. ასეთ დროს მასში გააქტიურდება შურისძიების სურვილი,  გადამეტებული ამბიციურობა და თავისუფლების  მძაფრი სურვილი.

დრაკონის ცეცხლოვანი ენერგია ადამიანს უბიძგებს ახალი ამოცანების დასახვისა და რისკიანი მოქმედებებისკენ, მით უმეტეს, რომ დრაკონი მფარველობს იმ ადამიანებს, ვისაც ცვლილებების და განახლების უნარი აქვთ, თუმცა დრაკონის წელში მნიშვნელოვანია ასევე "შინაგანი ხმის" ფაქტორი, ამიტომ, ინტუიცია დრაკონის წელში მეტად საჭირო იქნება. დრაკონის წელში გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელია შემდეგი თვისებების გამოვლენა: ამბიციურობა, მიზანსწრაფვა, ენერგიულობა, თავდაჯერებულობა, საკუთარი ძალების რწმენა.

ვერძი

2012 წლის პირველ ნახევარში თქვენთვის ძირითადი საზრუნავი კარიერა  იქნება. იანვარსა და თებერვალში მოიმატებს რომანტიკული შეხვედრები. მარტში მოსალოდნელია მიიღოთ მატერიალური დახმარება. ივნისის პირველ დეკადაში გაიზრდება შეცდომების დაშვების ალბათობა, ამიტომ მოერიდეთ იმპულსურ ქმედებებს. ივნისის ბოლოს ყველაფერი მოგვარდება და  შესაძლოა, წარმატებას მიაღწიოთ. სექტემბრის მეორე ნახევარსა და ოქტომბერში კარგი იქნება ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტების წამოწყება. ნოემბრის დასაწყისში მოერიდეთ კონფლიქტებს როგორც ოჯახში, ასევე - სამსახურში. დეკემბერში მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

კურო

იანვრის მეორე ნახევარში მოგიწევთ ძველი მიზნებისა თუ გეგმების გადახედვა. თებერვალში გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება როგორც სამსახურის, ასევე ოჯახის მიმართ. ამასთან, გაუფრთხილდით ფინანსებს. მარტის ბოლოს  შეეცადეთ  დაპირისპირებებსა და კონფლიქტურ სიტუაციებში არ აღმოჩნდეთ ჩათრეული. მაისში   გაგიადვილდებათ ცვლილებების განხორციელება, წინაღობების გადალახვა.  მაისის ბოლო და ივნისი შემოქმედებითი პერიოდი იქნება, ამ დროს შედარებით ადვილად მიაღწევთ მიზნებს.  სექტემბერში მეტი პრაქტიკულობა გამოავლინეთ, სამსახურებრივ საკითხებს პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. ოქტომბერი დატვირთული იქნება ახალი იდეებითა და ნაცნობებით. ნოემბრის პირველ ნახევარში და ასევე დეკემბრის პირველ ნახევარში მოერიდეთ სასიყვარულო პარტნიორებთან დაპირისპირებას.

ტყუპი

2012 წლის დადგომისთანავე მოიმატებს რომანტიკული ურთიერთობების დაწყების, თებერვალში კი - კონკურენციის ალბათობა, თუმცა თქვენი გამოცდილების წყალობით შეძლებთ წარმატების მიღწევას. მაისის პირველი ნახევარი სასიკეთო გავლენას მოახდენს თქვენს ოჯახურ ცხოვრებაზე. მაისის მესამე დეკადაში მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. ივნისში განსაკუთრებული სიფრთხილით იურისპრუდენციასთან (მათ შორის - ოჯახურ დავასთან დაკავშირებულ) დაკავშირებულ საკითხებს მოეპყარით. სექტემბერში ყურადღEება პრაქტიკულ მოქმედებებზე გადაიტანეთ. ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში მოგიწევთ აჩქარება, რათა მეტად შრომისმოყვარე გახდეთ და წარმატებით დაასრულოთ ამ წელს დაწყებული საქმეები.

კირჩხიბი

იანვარი დატვირთული თვე იქნება და მოგიწევთ სამსახურის მოძებნა ან უკვე არსებულ სამსახურში ორმაგი დატვირთვით მუშაობა.  იანვრის ბოლოს მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების ალბათობა, სურვილის შემთხვევაში მოსალოდნელია ძველი, უკვე გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენაც. მარტის პირველი ნახევარი კარგი დროა ფინანსების დასაბანდებლად, თუმცა აპრილში მოგიწევთ ხარჯების შემცირება.  ივნისში მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობების ალბათობა.  ნოემბერში მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინეთ, განსაკუთრებით - პირად ურთიერთობებში, ნუ აჰყვებით შემთხვევით სასიყვარულო კავშირებს. დეკემბერი დატვირთული პერიოდი იქნება, ნოემბერში დაწყებული საქმიანი თუ პირადი სახის კავშირები და გაჩენილი პერსპექტივები უფრო ნათელ და მკაფიო ფორმებს მიიღებს, ამიტომ, წარმატების მიღწევა გაიოლდება.

ლომი

იანვარ-თებერვალში მოგიწევთ სამსახურთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. მარტში კარიერულ წინსვლას შეძლებთ,  აპრილის მეორე ნახევრიდან  დაძაბული რეჟიმით მოგიწევთ ცხოვრება და შესაძლოა, სამსახურთან დაკავშირებული გარკვეული წინაღობების გადალახვაც მოგიხდეთ. მაისის მესამე დეკადაში სიტუაცია დამშვიდდება. სექტემბერში მოაწესრიგებთ ფინანსურ და კარიერულ საკითხებს.  ოქტომბრის მეორე და მესამე დეკადაში გექნებათ საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები და შესაძლოა, სრულიად განსხვავებულ სამუშაო პროცესში ჩაერთოთ. დეკემბერი თქვენთვის პოზიტიური თვე იქნება და ეს აისახება თქვენს პირად ცხოვრებაზე, მოიმატებს დაქორწინების ალბათობა.

ქალწული

იანვარი საკმაოდ დატვირთული თვე იქნება და ეს, ძირითადად, თქვენს დაძაბულ სამუშაო რეჟიმში ვლინდება. თებერვლის ბოლო  ხელსაყრელი იქნება საქმიანი ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემისთვის.  აპრილში მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. მაისის პირველი ნახევარი პოზიტიური იქნება და ეს თქვენს კარიერაზეც აისახება. ივნისი არცთუ სასურველი პერიოდია, ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამ თვეში დაისვენებთ და ჯანმრთელობას მიხედავთ. ეს კარგი დროა მომავლის დაგეგმვისათვის. ივლისის ბოლოსა და აგვისტოში შეეცადეთ, სწორი დასკვნები გააკეთოთ. აქტუალური გახდება წარსულში დაშვებული შეცდომები. სექტემბერში მოსალოდნელია სამუშაოს ან საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. დეკემბერში გააქტიურდება თქვენს წარმოშობასთან, უძრავ ქონებასთან, ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საკითხები.

სასწორი

2012 წლის იანვრის მეორე დეკადაში გამძაფრდება თქვენი ინტუიცია, ამიტომ მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების იმპულსურად მიღებას და შეეცადეთ, ეს ინტუიციაზე დაყრდნობით გააკეთოთ. აპრილში თქვენი ძირითადი საზრუნავი ურთიერთობების მოწესრიგება იქნება. ამ პერიოდში მოერიდეთ პროვოკაციულ სიტუაციებს. მაისი და ივნისი საშუალებას მოგცემთ გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები. აგვისტოს ბოლო და სექტემბრის პირველი ნახევარი პოზიტიური იქნება როგორც ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად, ისე - უცხოეთში გასამგზავრებლად. ნოემბრის პირველი დეკადა სასიკეთო იქნება რეორგანიზაციისთვის, მოზღვავებული სირთულეების დასაძლევად. დეკემბრის პირველი ნახევარი შედარებით კრიზისული იქნება, მეორე ნახევარი კი - უფრო პოზიტიური და ჰარმონიული.

მორიელი

2012 წელი ფრთხილად და წინდახედულად დაიწყეთ, მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებს და რისკს. თებერვალი ახალ "რელსებზე" გადასვლისა და განახლების პერიოდიც იქნება. მარტის პირველი და მეორე დეკადა სასიკეთო იქნება საქმიანი ურთიერთობების დაწყებისთვის, ხელშეკრულებების და საბუთების გაფორმებისთვის. აპრილში სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ ოჯახის წევრებსა და პარტნიორებთან დაპირისპირებას. მაისი დაძაბული იქნება, ამიტომ მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას და მძაფრ ემოციებს, გაუფრთხილდით ფინანსებს. ივნისის მესამე დეკადა და ივლისი იღბლიანი იქნება. გაგიადვილდებათ სამსახურებრივი წინსვლა და პირადი ცხოვრების მოწესრიგება. აგვისტო კარგი დროა დასვენებისთვის, თუმცა არასასურველი - უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და სასიყვარულო ურთიერთობების გარკვევისთვის. სექტემბერში პრობლემები მოგვარდება, გაიზრდება თქვენი შემოსავალი. ოქტომბერში მაქსიმალურად გააქტიურდით და შეეცადეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტოთ. დეკემბერი შედარებით მშვიდი, თუმცა სიახლეებით აღსავსე იქნება.

მშვილდოსანი

2012 წლის დასაწყისში თქვენ შეძლებთ სტაბილურობის მიღწევას. ყურადღება მიაქციეთ როგორც კარიერის, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მარტში პირად ცხოვრებასა და სასიყვარულო ურთიერთობებში გარკვეული წინსვლაა მოსალოდნელი. მაისის ბოლოს და ივნისში მოერიდეთ გადაღლას, შეეცადეთ, ბევრი დაისვენოთ და განიტვირთოთ.  სექტემბერში მოგიწევთ ბევრი მოსაწყენი საქმის კეთება, თუმცა წარმატებებს სწორედ ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხების მოგვარებით მიაღწევთ. ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში გაგიჩნდებათ სერიოზული შემოსავლების მიღების შანსი, ხოლო უძრავ ქონებასთან, ოჯახის შექმნასა და სწავლასთან დაკავშირებული საკითხები თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება.

თხის რქა

იანვარში მოიმატებს გამართლების ალბათობა, ამიტომ გაბედულად გარისკეთ. თებერვალში გაიზრდება თქვენი შემოსავლები, ხელსაყრელი იქნება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. მარტში მნიშვნელოვანი ოჯახური საკითხები და ფასეულობები გახდება. ასევე საუკეთესო დრო იქნება სასიყვარულო ურთიერთობებისა და ქორწინებისთვის. აპრილში მოგიწევთ, დაიცვათ თქვენი უფლებები როგორც სამსახურში, ისე - ოჯახში, თუმცა ამან ურთიერთობების დაძაბვამდე არ უნდა მიგიყვანოთ. მაისი ზოგადად სასიკეთო თვე იქნება. ივნისის პირველ დეკადაში მოგიწევთ საზოგადოებასთან ურთიერთობის მოგვარება და ივლისი დაგეხმარებათ დასვენებასა და ფიზიკური ძალების აღდგენაში. აგვისტოში შეიძლება ახლობლებმაც კი გაგანაწყენონ და მივიწყებული პრობლემების წინაშე ხელახლა დადგეთ. გაუფრთხილდით ფინანსებს. სექტემბერი საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება, თქვენ აღმოჩნდებით საინტერესო ადამიანების წრეში, შეიძენთ თანამოაზრეებს, მეგობრებს და შესაძლოა, სამსახურიც კი შეიცვალოთ. დეკემბრის პირველ ნახევარში მოგიწევთ ტაქტის გამოჩენა, რათა დაპირისპირებებს თავი აარიდოთ.

მერწყული

იანვრის პირველი ნახევარი დაგეხმარებათ, შეცვალოთ სტრატეგია, გადახედოთ თქვენს მიზნებსა და გეგმებს. თებერვალში შეძლებთ მნიშვნელოვნად წინსვლას. მარტში მოახერხებთ თავდაჯერებულობის და საკუთარი ძალების რწმენის შენარჩუნებას და წარმატებით გააგრძელებთ ადრე დაწყებულ საქმეებს. აპრილში გამოასწორებთ დაშვებულ შეცდომებს და გადაჭრით ყოფით საკითხებს. აგვისტოში გააფართოებთ საქმიან წრეს, გაიჩენთ ახალ ნაცნობებს და შეიძენთ ახალ მეგობრებს. ოქტომბერი მერყევი იქნება, მოსალოდნელია როგორც დაწინაურება, ასევე - კარიერული ვარდნა, ამიტომ ცვლილებები წინდახედულად განახორციელეთ. ნოემბერი კრიზისული იქნება, ამიტომ შეზღუდეთ ხარჯები და ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

თევზები

2012 წლის იანვარშივე გარკვეულ ცვლილებებს წამოიწყებთ და ეს პირველ რიგში პირად ცხოვრებას შეეხება. თებერვალში ყველაფერი, რაც საქმიან თუ პირად ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, საიდუმლოდ შეინახეთ, რადგან მათი გამჟღავნება მოშურნეებს გაგიჩენთ. აპრილში მოგიწევთ გადალახოთ შექმნილი წინაღობები და მოაგვაროთ კრიზისული სიტუაციები, ამ პერიოდში ნუ გაეხვევით ილუზიებში. მაისის პირველი ნახევარი ხელსაყრელი იქნება ახალი პარტნიორებისა და სპონსორების მოძიებისთვის, ამიტომ, თქვენი მიზნების მისაღწევად გაბედულად გაისარჯეთ. ივნისში მოსალოდნელია, წარსულთან შეხებამ და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებამ მოგიწიოთ. ივლისი სასიკეთო იქნება დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად. აგვისტო საქმიანი თვე იქნება, თუმცა არ გადაიტვირთოთ, მცირე ხნით მაინც დაისვენეთ და გაიმყარეთ ჯანმრთელობა. ოქტომბერში მოსალოდნელია, გააქტიურდეს სამსახურთან დაკავშირებული საკითხები, საკმაოდ მნიშვნელოვანი გახდება შემოსავლებისა და გასავლების კონტროლი.  დეკემბერში შეცვალეთ ის  მეთოდები თუ სტრატეგია, რომლებიც წარმატების მიღწევაში ვერ დაგეხმარათ.

როგორ შევხვდეთ 2012 წელს?

საახალწლო სუფრა რაც უფრო ფერადოვანი იქნება, მით უკეთესი. სასურველია, თუ ოთახებში ბევრი თეთრი ნაცრისფერი ან მუქი ლურჯი გირლანდა და "წვიმა" იქნება. ნაძვის ხეზე,  თეთრი სათამაშოები  უნდა ჭარბობდეს, ხოლო ნაძვის ხის ძირში, თოვლის ბაბუასთან ან სანტა-კლაუსთან ერთად 2012 წლის სიმბოლო - სათამაშო პატარა დრაკონი დასვით.  საახალწლო სუფრაზე ხილით შექმენით ლამაზი კომპოზიციები - ყვითელი ბანანები, წითელი ვაშლები და ნარინჯისფერი ფორთოხლები. სასურველია, თუ  სუფრაზე დავაწყობთ ბარაქის სიმბოლოს - ხორბლის მარცვლებს ან მრგვალ თონის პურს.

თუ გსურთ, რომ 2012 წელი თქვენთვის წარმატებული იყოს, შეეცადეთ, თქვენს საახალწლო ჩაცმულობაში სამი ფერი სჭარბობდეს - მუქი ლურჯი, თეთრი და რუხი, რადგან ამ სამი ფერის დრაკონი წარმატების სიმბოლოდ ითვლება. 2012 წლის სტიქია წყალია, ამიტომ შეეცადეთ, საახალწლო სუფრაზე იყოს როგორც მინერალური, ისე უბრალო წყალი.

საახალწლო მორთულობასა და ჩაცმულობაში შეარჩიეთ თეთრი, ნაცრისფერი, კრემისფერი, ცისფერი, იისფერი, ბაცი ლურჯი ტანსაცმელი და აქსესუარები.

დრაკონი ხშირად ცეცხლის ალთან ასოცირდება (მიუხედავად იმისა, რომ 2012 "წყლის" დრაკონის წელია). ახალი წლის ღამეს ოჯახში სასურველია ცეცხლის ალი და სითბო იყოს (აანთეთ ბუხარი, ღუმელი). ახალი წლის ღამეს ოჯახის წევრებს ოქროსფერი ლითონის ფული აჩუქეთ და მათ სიმდიდრე, ბარაქა, სტაბილურობა და დღეგრძელობა უსურვეთ.

მოამზადა რამაზ გიგაურმა