ღარიბი ინჟინრის საჩუქარი - კვირის პალიტრა

ღარიბი ინჟინრის საჩუქარი

67 წლის ტელეკომუნიკაციების ინჟინერმა, ხორვატმა ზლატკო სალაიმ თავისი სახლი, კარ-მიდამო და შემოგარენი მშობლიურ გრაბოვნიცში, რომელიც ხორვატიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, 1 მილიონ 200 ათასი სადღესასწაულო ნათურით მორთო და გინესის "საახალწლო" რეკორდი დაამყარა. უჩვეულო სანახაობა კი მთელი ოლქის ბავშვებისთვის არნახულ ზღაპრულ სამყარო იქცა, სადაც მათ უამრავი ნაცნობი თუ უცნობი პერსონაჟი მხიარულად ეგებება...

4 წლის ასაკიდან უდედოდ გაზრდილი ზლატკოს ოჯახი მეტად ღარიბი იყო - მათი წისქვილი მეორე მსოფლიო ომმა შეიწირა და შობა-ახალი წლის აღნიშვნაც კი უჭირდათ. ზლატკომ კი "საშობაო დანაკლისის ანაზღაურება" 2002 წლიდან დაიწყო, როცა აფრიკაში დიდი ხნის მუშაობის შემდეგ შინ დაბრუნდა და მთელი გრაბოვნიცის ბავშვების გასახარად კარ-მიდამო საახალწლოდ 70 000 ნათურით მორთო. ნათურების რაოდენობა ყოველ წელს იზრდებოდა, წელს კი უპრეცედენტო "ზღაპრული სამყაროს" შესაქმნელად  3 თვე დასჭირდა. მილიონზე მეტი ნათურის ასანთებად მან მიწის ქვეშ 5 კმ კაბელი გაიყვანა. ხოლო გარე კაბელების საერთო სიგრძემ 180 კმ შეადგინა! გარდა ამისა, წელს იგი იძულებულია, სტუმრებს მცირე საზღაურიც გამოართვას - მარტო ელექტროენერგიის გადასახადი 12.000 დოლარს აღწევს.