საქართველოს საერთაშორისო რეიტინგების პარადოქსები - კვირის პალიტრა

საქართველოს საერთაშორისო რეიტინგების პარადოქსები

ხელისუფლებას ძალიან უყვარს თავის მოწონება საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებით და მათი პოლიტიკური მიზნებით გამოყენება.ორიოდე კვირის წინ მორიგი საავადმყოფოს გახსნის ცერემონიაზე მიხეილ სააკაშვილმა ჩვეულებას არ უღალატა და განაცხადა: "მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს რეიტინგები ქვემოთ ჩავიდა, საქართველოს რეიტინგები ზემოთ ადის". ბოროტი ენები ამბობენ, რომ სასურველი რეიტინგების "გამოყვანაზე" ხელისუფლება იმაზე არანაკლებ ფულს ხარჯავს, ვიდრე ლობისტური კომპანიების მომსახურებაზე ევროპასა და ამერიკაში. ნათქვამია, ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო. დანამდვილებით ვერავინ იტყვის, ანათებს თუ არა ქართული ფული ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციების დერეფნებს, რომელთა მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებითაც ხალხს საქართველო წარმატებულ ქვეყნად ეჩვენება, მაგრამ საქართველოს 2011 წლის თუნდაც რამდენიმე რეიტინგის გაცნობა კრიტიკულად მოაზროვნე ჩვენს მოქალაქეს, სულ ცოტა, კითხვებს მაინც გაუჩენს ზოგიერთი რეიტინგის შემდგენლის მიმართ.

The Heritage Foundation-ს 2011 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო მე-20 ადგილზეა. ის უსწრებს ბელგიას, ესპანეთს, ნორვეგიას და აზიის "ეკონომიკურ ვეფხვს", სამხრეთ კორეასაც კი (?!).

2011 წელს ცნობილმა სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი სტაბილურიდან (B) პოზიტიურამდე ( B+) გაზარდა და ეს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაციითა და პოლიტიკური რისკების შემცირებით დაასაბუთა.

Fitch-ის მიხედვით, 2011 წელს საქართველოს მშპ-ის 5 პროცენტით ზრდა 2012 წელს 6 პროცენტით ზრდით შეიცვლება.  თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ Fitch-ის რეიტინგი საქართველოს მთავრობის მიერ მოწოდებულ მონაცემებს ეყრდნობა. მკითხველისათვის, ალბათ, უინტერესო არ იქნება Fitch-ის რეიტინგზე ანალიტიკოსთა კომენტარები. აი, ერთ-ერთი მათგანი: "2004 წელს ხელისუფლებაში მოსულმა მთავრობის შემცირებისა და დერეგულაციის მომხრე სააკაშვილმა ლიბერალური რეფორმების მთელი რიგი გაატარა, რომელმაც 4.6-მილიონიან ქვეყანაში ზრდის და ეკონომიკური აქტივობის სტიმულირება გამოიწვია".

საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას შედარებით მოკრძალებულ და რეალისტურ შეფასებას აძლევს მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum (www.weforum.org/gcr) 2011 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის სარეიტინგო სია, სადაც საქართველო 142 ქვეყანას შორის 88-ე ადგილზეა.

აგვისტოს ომის შემდეგ განცდილი სამხედრო დანაკარგები, როგორც ჩანს, საკმაოდ სწრაფად იქნა ანაზღაურებული მოკავშირეების დახმარებით, მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს არავინ აწვდიდა იარაღს.

http://www.globalfirepower.com-ის, მონაცემებით, სამხედრო სიძლიერით 55 ქვეყანას შორის  საქართველო 50-ე ადგილზეა. თუმცა ამ ორგანიზაციას რატომღაც არ გამოუკვლევია ჩვენი უახლოესი მეზობლების, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო პოტენციალი.

ავტორიტეტული Freedom House, რომლის წარმომადგენლებიც საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებში, 2011 წლის ანგარიშში მსოფლიოში პრესის თავისუფლებაზე საქართველოს შესახებ ისეთ რაღაცებს წერს, რომ ბევრ აქაურ ჟურნალისტს თუ არაჟურნალისტს თმა ყალყზე დაუდგება.

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული თავისუფლებების კუთხით Freedom House საქართველოს კვლავ "ნაწილობრივ თავისუფალ" ქვეყნად აფასებს, მის მიერ გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების სარეიტინგო სიაში საქართველოს მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ "ჟურნალისტებზე ფიზიკური და ლეგალური ზეწოლის, მათი შეურაცხყოფის, აგრეთვე, ოფიციალური ცენზურის კუთხით საქართველოში მნიშვნელოვანი მიღწევებია." ამის შედეგად საქართველომ პრესის თავისუფლების გლობალურ რეიტინგში 128-ედან 118-ე ადგილზე  გადაინაცვლა, თითქოს არ ყოფილიყოს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის გაშუქებისას ხელისუფლების მიერ ჟურნალისტების მასობრივი ფიზიკური თუ მორალური შეურაცხყოფა, საქმიანობაში ხელის შეშლა, პრესის გავრცელებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ჟურნალ-გაზეთების ჯიხურების მასობრივი აღებით და თითქოს არ არსებობდეს ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული სამი "ნაციონალური" ტელეარხი.

"ნაციონალური" ხელისუფლება და მისი მომხრენი, რომლებიც ქვეყნის ისტორიას 2003 წლის ნოემბრიდან ითვლიან, ირწმუნებიან, რომ საქართველო არათუ სახელმწიფოდ შედგა, არამედ მოწინავე და სხვებისათვის მისაბაძ დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბდა.

ავტორიტეტული ორგანიზაცია მშვიდობის ფონდის (www.foreignpolicy.com) მიერ გამოქვეყნებულ არშემდგარი სახელმწიფოების ინდექსში 177 ქვეყნიდან საქართველო 86.4 ქულით 47-ე ადგილზეა ლაოსსა და სირიას შორის და მოხვედრილია იმ ზონაში, რომელიც ინდექსში მონიშნულია, როგორც "გამაფრთხილებელი".

გავლენიანი ბრიტანული ჟურნალი The  Economist-ი, რომელიც სახელმწიფოების დემოკრატიის ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს, საქართველოს კვლავ "ჰიბრიდული რეჟიმის", ანუ ფასადური დემოკრატიის  ქვეყნად მიიჩნევს.

2011 წელს გამოკვლეულ 167 ქვეყანას შორის, დემოკრატიის კუთხით საქართველო 102-ე ადგილზეა (2010 წელს - 103-ე ადგილი) და მას შესამჩნევად უსწრებს უკრაინა (79-ე ადგილი).

გამოკვლევაში დემოკრატიის დონე ფასდება შემდეგი პარამეტრებით: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის საქმიანობა, პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლებები.

ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ თბილისის აეროპორტი საუკეთესოა ევროპაში, რომ თბილისი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია მსოფლიოში და ა.შ.

ცნობილი კონსალტინგურ-კვლევითი ორგანიზაცია Mercer-ის (www.mercer.com) მიერ გამოქვეყნებული ევროპული ქალაქების 2011 წლის სარეიტინგო სიაში კი, ცხოვრების ხარისხითა და დონით, მათ შორის პირადი უსაფრთხოების კუთხით, თბილისს ევროპის ქალაქებს შორის ყველაზე უარესი მაჩვენებელი აქვს და სიაში ბოლო, 215-ე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთში პოზიტიური წარმოდგენა საქართველოზე მაინც იცვლება.

2010-2011 წლების კორუფციის კუთხით საქართველოს შეფასებებში უკვე პირველად ჩნდება ტერმინი "ელიტური კორუფცია" და საქართველოს ხელისუფლების პროგრესი კორუფციასთან ბრძოლაში ნაკლებად ოპტიმისტურად არის შეფასებული.

მაგალითად, Transparency International (საერთაშორისო გამჭვირვალობის) ბოლო სარეიტინგო სიაში 178 ქვეყანას შორის საქართველოს მხოლოდ 68-ე ადგილი უკავია და კორუფციასთან მებრძოლი ქვეყნების შეფასების 10-ქულიან სისტემაში მოკრძალებული 3.8 ქულა აქვს...

ზაზა შანიძე

გაზეთი "ყველა სიახლე" #51