2011 წლის "არა" - კვირის პალიტრა

2011 წლის "არა"

გასული წლის ზაფხულში, იმ დროს, როცა ცივი ლუდის დალევა ერთი სიამოვნებაა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - ტრანსპორტში, პარკებსა და სკვერებში ლუდისა და სხვა ალკოჰოლური სასმელის დალევა აიკრძალა. იყო შემთხვევები, როცა ამის გამო საპატრულო პოლიციამ რამდენიმე პირი დააჯარიმა კიდეც.მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ მოქალაქეები არა ლუდის დალევის, არამედ ნასვამ მდგომარეობაში დებოშისთვის დააჯარიმეს და ეს აკრძალვაც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა.

გასულ წელს ორიგინალური და უჩვეულო აკრძალვებით მხოლოდ საქართველო როდი იყო გამორჩეული...

გაიღიმეთ, ჩიტი არ გამოფრინდება!

გასულ წელს ამერიკის მერილენდის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში ახალშობილის ფოტოზე გადაღება მხოლოდ მისი დაბადებიდან 5 წუთის გასვლის შემდეგ არის ნებადართული და არც ერთი წამით ადრე. ექიმები ამტკიცებენ, რომ ამით სურთ, ახალშობილები და მელოგინეები დამატებითი სტრესისგან დაიცვან. სკეპტიკოსები კი სულ სხვაგვარად ფიქრობენ და მიაჩნიათ, რომ კლინიკამ ეს აკრძალვა საკუთარ ინტერესებს მოარგო, რათა საჭიროების შემთხვევაში თავი სასამართლოს სარჩელებისგან დაიცვას. მაგალითად, თუ ახალშობილის მდგომარეობა მშობიარობის შემდეგ მკვეთრად გაუარესდება, ბავშვის მშობლები და ახლობლები ვეღარ იტყვიან, რომ ჩვილი დაბადებისთანავე მშვენივრად გამოიყურებოდა.

უარი ელტონ ჯონს

არკანზასის შტატში ადგილობრივი სუპერმარკეტის მფლობელმა უარი თქვა, თავის ქსელში გაეყიდა ჟურნალ  US Magazine-ს ის ნომერი, რომლის ყდაზე ელტონ ჯონი, მისი ნაშვილები ახალშობილი და პარტნიორი, მუსიკოსი დევიდ ფერნიში იყვენენ გადაღებული.

მაღაზიის მეპატრონემ ჩათვალა, რომ ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდილი ფოტო არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდაა და მომხმარებლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ფოტოშოპმა არ მოგატყუოთ

ბრიტანეთში პარფიუმერული კომპანია L'Oreal-ის ის სარეკლამო ბანერები აკრძალეს, რომლებზეც ჯულია რობერტსი იყო გამოსახული, რადგან ფოტოები ფოტოშოპში ისე იყო დამუშავებული, რომ გამშვენიერებულ და სახეგადაშვლეპილ ჯულიას შესაძლოა, შეცდომაში შეეყვანა მომხმარებელი.

უარი მოტკეცილ ჯინსებს

აიდაჰოს შტატში უნივერსიტეტის სტუდენტებს გამოცდებზე მოტკეცილი ჯინსით მისვლა აუკრძალეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განმარტებით, შემოტმასნილი ჯინსები გარდა იმისა, რომ არაეთიკურია, უარყოფითად მოქმედებს გოგონების ჯანმრთელობაზე...

ფლორიდის, პენსილვანიისა და ორლანდოს სასწავლო დაწესებულებებში კი პირიქით,  მოზარდებს ძალიან განიერი ჯინსებით სიარული აუკრძალეს. სპეციალური დადგენილებაც კი გამოიცა, თუ რომელი შარვალი შეიძლება ჩაითვალოს ფართხუნად და რომელი -  არა.

თუ პედაგოგები შენიშნავდნენ, რომ მოსწავლეს ჯინსიდან საცვალი ან სხეულის ინტიმური ადგილი მოუჩანდა, ახალგაზრდებს მაშინვე შინ, შარვლის გამოსაცვლელად აგზავნიდნენ.

არა - შიშველ ტურისტს!

შვეიცარიის სასამართლომ ტურისტებს ალპებში დედიშობილა სიარული აუკრძალა. საქართველოში ჩამოსული ტურისტების არ ვიცი, მაგრამ მახსოვს, ორიგინალური აკრძალვის ინიციატორები პარლამენტშიც კი აპირებდნენ კანონპროექტის შეტანას, რომელიც თბილისის ქუჩებში ტოპებით (მოკლე მაისური, საიდანაც ჭიპი მოუჩანთ) სიარულის აკრძალვას გულისხმობდა.

ლოს-ანჯელესის სასამართლომ გარკვეული შეზღუდვები დააწესა ძაღლების ყეფისთვისაც. ამიერიდან ლოს-ანჯელესის ბინადარ ოთხფეხებს შეუძლიათ განუწყვეტლივ მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში იყეფონ.

არ გაბედო, თქვა!..

კალიფორნიის ქალაქ ვაკავილის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლებმა თავის მოსწავლეებს სიტყვა - "ჯანმრთელობის" თქმა აუკრძალეს.

ეს აკრძალვა გრიპის ეპიდემიის დროს შემოიღეს, როდესაც მოზარდები დაცემინებისას ერთმანეთს ჯანმრთელობას უსურვებდნენ. ვაკავილის სკოლაში  "ჯანმრთელობა" წუთში დაახლოებით ერთხელ ისმოდა, რადგან ბავშვები სწორედ ამ სიხშირით აცემინებდნენ და პედაგოგებს ნერვებმა უმტყუნათ.

ბრიტანეთში კი მშობლებმა მოითხოვეს, რომ მასწავლებლებს  ფრაზა -  "God bless you!" არ ეთქვათ მათი შვილებისთვის. საქმე ის არის, რომ ინგლისურად იგი ასე ჟღერს: ("უფალმა დაგლოცოს"). ეს ერთი შეხედვით უწყინარი გამონათქვამი მიუღებელი აღმოჩნდა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ათეისტურ ოჯახებში იზრდებიან.

P.S. მოკლედ, გასული წელი აკრძალვებითაც გამორჩეული იყო. მაგალითად, ახალგორში  ლარის მიმოქცევა აიკრძალა. როგორც ამბობენ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს...

2011 წლის ყველაზე კურიოზული კრიმინალი

The Washington Post-მა 2011 წლის ყველაზე სულელური დანაშაულების რეიტინგი გამოაქვეყნა.

ნიუ-იორკის შტატის მკვიდრმა ავტომობილიდან საწვავის მოპარვა დააპირა და ავზის დრელით გახვრეტა გადაწყვიტა... ნაპერწკალი აალდა და ოთხი მანქანა ცეცხლის ალში გაეხვა, მძარცველი კი ცოცხალი მხოლოდ სასწაულით გადარჩა.

ინგლისელმა 18 წლის პიტერ ედისონმა ბავშვთა სახლი გაძარცვა და  კედელზე თავისი ხელმოწერა დატოვა. მონაცემთა ბაზის დახმარებით ქურდი მალევე ამოიცნეს და დააკავეს.

39 წლის პატრიკ დარნელ ჰანტმა 911-ზე დარეკა, მარიხუანა მომპარეს და მომიძებნეთო. მოპარულის აღმოჩენა ვერ შეძლეს, აი, თავად პატრიკი კი პოლიციამ სწრაფად იპოვა.

ფლორიდელმა ჯეფრი მუმანმა აფთიაქის "გატანა" გადაწყვიტა და  სავენტილაციო მილიდან სცადა შენობაშIი შეღწევა, მაგრამ გაიჭედა. 10 საათი იჯდა ასე, ვეღარ გაუძლო და სამაშველო სამსახურს დაურეკა. მძარცველს კიდევ დიდხანს მოუწევს "ჯდომა".

რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ, ჩვენში სულელური ბრალდებები უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე სულელური დანაშაული.

ჩემს ბიძაშვილს ბებიის პატივსაცემად ალექსანდრა დაარქვეს. როგორც ჩანს, ვიღაც "პროფესიონალმა" გამწვევ პუნქტში ჩათვალა, რომ 24 წლის ალექსანდრა ვაჟი იყო და სავალდებულო რეზერვში გაიწვია. არადა ალექსანდრა, რომელსაც შინაურები ანას ვეძახით, სწორედ იმ დღეებში გაგვიბედნიერდა და კომისარიატიდან მოსული უწყებისთვის ვის ეცალა. მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა, რომ დეზერტირს სახლში მოაკითხეს, მაგრამ გათხოვილი დაუხვდათ...