2011 წლის ფრაზები - კვირის პალიტრა

2011 წლის ფრაზები

"ჰოლივუდისკბილებიანი ღიმილი", "გენაცვალე პოლიციელები", "ყოფნა-არყოფნა" "შუშანიკის დროიდან" და "შუქი ჩააქრე, ნაგავს წერს!"

გადავწყვიტეთ, კვლავ თქვენს საახალწლო განწყობაზე ვიზრუნოთ და პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა თუ სხვა პროფესიის ადამიანების 2011 წლის ფრთიანი ფრაზები გაგახსენოთ: ქართული საინფორმაციო სივრცე გაჯერებულია პოლიტიკით და ამ პოლიტიკის შემოქმედი ადამიანებით, რომელთა მოსმენა ყველაზე ხშირად გვიწევს. ამიტომაც მათ მიერ წარმოთქმული სასაცილო, უტოპიური და უცნაური ფრაზები ყველაზე ხშირად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თუ საქმე ფრთიან ფრაზებზე მიდგება, ამ მხრივ ლიდერი საქართველოს პრეზიდენტია და მას ვერავინ შეეჯიბრება. წლის მიწურულს პრეზიდენტმა ქართულ-ებრაულ პროექტს "ღიმილიანი საქართველო" საოცარი რეკლამა გაუკეთა. მისი თქმით, ყველა ქართველს "ჰოლივუდისკბილებიანი  ღიმილი" უნდა ჰქონდეს. სააკაშვილმა, სავარაუდოდ, ასევე გამოაცხო "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი წინასაარჩევნო ლოზუნგიც: "დავუპლომბოთ, ჩავუსვათ, გავუპრიალოთ," რომელიც განსაკუთრებით აქტუალური 2012 წელს გახდება.

პრეზიდენტს ეკუთვნის ასევე ფრაზა - "რუსეთში პოლიციელებს "გენაცვალეებს" ეძახიან", რითაც მან სცადა ეჩვენებინა, რომ რუსული მილიციის რეფორმა ქართული პოლიციის რეფორმის  წაბაძვით ხორციელდება. წლეულს მიხეილ სააკაშვილმა ანაკლია ქალაქად გამოაცხადა და გვითხრა: "ესეც თქვენი სენ ტროპე და ნიცა, როგორც ეს მე წარმომიდგენია და ცოტა უკეთესიც კი." ცოტა მოგვიანებით პრეზიდენტის წარმოდგენა უფრო მასშტაბური გახდა და მან ფოთსა და ანაკლიას შორის ახალი ქალაქის, "ლაზიკას" აშენების იდეა გაახმაურა, სადაც, მისივე მტკიცებით, რამდენიმე წელიწადში ნახევარი მილიონი ადამიანი იცხოვრებს. პრეზიდენტმა ერთ-ერთ კლინიკაში სტუმრობისას მელოგინე ქალს განუცხადა: "დიდი მადლობა, რომ დროზე გააჩინე ბავშვი," საინტერესოა, ცოტა რომ დაეგვიანა, დასჯიდა? ერთ-ერთი სკანდალური ფრაზა, რომლის გარშემოც დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკი არ შეწყვეტილა, ცნობილ რეჟისორს, რობერტ სტურუას ეკუთვნის და მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება: "სომეხია და რა ვქნათ... ეს ხომ არ არის დამალული." რის შემდეგაც სტურუა ხელისუფლებამ ქსენოფობად შერაცხა და რუსთაველის თეატრის სამხატვრო

ხელმძღვანელობიდანაც გაუშვა. 2011 წელს საქართველოს ბევრი "ჰოლივუდისკბილებიანი" ჰოლივუდელი ვარსკვლავი ეწვია, რომლებიც რენი ჰარლინის ფილმის, "აგვისტოს ხუთი დღის" პრეზენტაციაზე ჩამოვიდნენ. ფილმი ისეთი უგემოვნო გამოვიდა, რომ მთავარი ფუნქციაც კი, ეჩვენებინა მსოფლიოსთვის სააკაშვილის სიმართლე, ვერ შეასრულა. თუმცა დეპუტატმა კობა ნაყოფიამ, რომელიც ამ ფილმის პროდიუსერიც გახლდათ და, როგორც ამბობენ, ბევრი მილიონი მიაფშვნა ამ საქმეს, ისინი, ვისაც ფილმი არ მოგვეწონა, ლამის მოღალატეებად გამოგვაცხადა. "ვინც იტყვის, რომ ფილმი ცუდია, ის საქართველოს მტერია" - ბრძანა ნაყოფიამ.

2011 წელსაც ჩვეულ ფორმაში იყო ქართველი ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი. ვიდრე მის ახალ ფრაზებს მიმოვიხილავდეთ, რამდენიმე ძველი გამონათქვამი გავიხსენოთ. მაგალითად, "სააკაშვილი ცუნამივით დაატყდა თავს საქართველოს" ან კიდევ: "წავიდა ნატო და მივდევთ ყვირილით: "დეიდა ნატო, დეიდა ნატო!" თუმცა გასულ წელს უკვე მისი ინგლისურენოვანი ფრაზები იყო პოპულარული. თეთრი სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მისი ლოზუნგი "დაუნ ვი დიკტეიტე" ქართული ინტერნეტსივრცის ლიდერად იქცა. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე კი ნათელაშვილმა განაცხადა: "მთლიანობაში ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკას 2011 წელშიც შეიძლება ეწოდოს შექსპირის სიტყვები "ყოფნა, არყოფნა" და იქვე ეს სიტყვები ინგლისურადაც თარგმნა: "თუ ბი, თუ ბი", - აქაოდა, გიყვართ ჩემი ინგლისურიო, თუმცა "ყოფნა, არ ყოფნის" ნაცვლად "ყოფნა, ყოფნა" გამოუვიდა, რაც, სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ძალიანაც გაუხარდათ, ისინიც სულ მაგას არ გაიძახიან?..

გვარიანად გააკრიტიკეს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ფრაზისთვის "ხარისხიანი ქართველები", რომლითაც მან 26 მაისის დარბევის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ხალხი შეაფასა. თუმცა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ "ფეისბუქის ლიბერალებად" მონათლული ადამიანები სულაც არ შეუშფოთებია დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ნათქვამს, როდესაც მან ბიძინა ივანიშვილს "აღზევებული მდაბიო" უწოდა. ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებიდან კი საზოგადოებას, ალბათ, დაამახსოვრდა ფრაზა: "თითიდან გამოწუწნული ამბავი" და ასევე მის პირველ პრესკონფერენციაზე გამართული პოლემიკა იმის თაობაზე, თუ რა შეჭამა ივანიშვილის პინგვინმა - ბეღურა თუ მერცხალი. ეს კითხვა, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტმა დასვა, ალბათ, ჟურნალისტების მხრიდან გამოვლენილი "აბსურდის" პიკია, თუმცა ასევე დაგვამახსოვრა თავი დავით პაიჭაძემ თავისი "პიტალო ჭეშმარიტებით" და ნანუკა ჟორჟოლიანმა ფრაზით - "ჩანგალი არტილერიისკენ", როცა არტერია და არტილერია ერთმანეთში აურია.

2011 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ჰიბრიდული სიმინდი "პიონერი" გახლდათ, რომლის უპირატესობაზე დებატები ლამის დღემდე გრძელდება. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დღემდე ვერ გაარკვიეს, რა ზომის ტარო აქვს ამ ჯიშის სიმინდს... მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, ზურაბ მელიქიშვილს ერთი გლეხი უხსნიდა: "16-სანტიმეტრიანიც გვაქვს და 50-იანიცო", ხოლო დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ ამის თაობაზე ექსპოზიცია პირდაპირ პარლამენტში მოაწყო, სადაც ნატურალურად გვიჩვენა - ერთ ღეროზე ერთი დიდი ტაროა და ორი პატარაო. რუსთაველის თეატრში გამართულ ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პოეზიის საღამოზე "ლექსო, არ დაიკარგები" გამომსვლელმა რაჭველმა ქალბატონმა, თინა რეხვიაშვილმა ამ ამბავს ლექსიც კი მიუძღვნა:

"ის ჰიბრიდული ტარო კი,

ვინც ჭამა დედა ეტირა.

ჰიბრიდულს სულ არა ჰგავდა,

ბობოხიძეს რომ ეჭირა.

ბატონო პარლამენტარო,

გლეხის სიტყვაა ალალი -

ხელში რა დაგაჭერინეს,

ჩემი საქმე სულ არ არის."

გასულ წელს კიდევ ერთმა პრეზიდენტმა, ოღონდ ამჯერად ფეხბურთის ფედერაციისამ, დაგვამახსოვრა თავი ფრთიანი ფრაზებით. ზვიად სიჭინავამ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე საუბრისას განაცხადა: "ნაკრები არ იყო შეცვლილი, ფეხბურთელები ჩამოყვანილი იყვნენ არა კუპერის და იმის დროიდან, არამედ შუშანიკის დროიდან". სავარაუდოდ, ფეხბურთის ხორვატ სპეციალისტს, ივო შუშაკს გულისხმობდა. მანვე კათოლიკური ეკლესიის და ვატიკანის მეთაურს "რომის პაპა" უწოდა... საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას ერთ-ერთი წაგებული მატჩის შემდეგ ჰკითხეს, გუნდს ფსიქოლოგი არ სჭირდებაო? რაზეც ქეცბაიამ უპასუხა: ფსიქოლოგი კი არა, ფეხბურთელები სჭირდებაო, რაც ასევე წლის ფრაზად იქცა. 2011 წლის გაზაფხულზე ქუთაისში ჩატარებული თითქოსდა უწყინარი პერფომანსის საღამო სკანდალით დასრულდა, "კოლტის" მაკეტით შეიარაღებულმა მწერალმა ზაზა ბურჭულაძემ ერთი ძველი ფრაზა პირდაპირ ოპერის სცენიდან ისროლა: "ქურდებს სიცოცხლე და ბოზებს სიკვდილი!" - რის შემდეგაც დამსწრეთა ნაწილი დარბაზიდან გავიდა. ბურჭულაძემ კი არც აცია, არც აცხელა და განაცხადა, ბოზებმა დარბაზი დატოვესო. ამ ეპატაჟური საქციელით მან თვითონ პრეზიდენტ სააკაშვილის გულისწყრომა დაიმსახურა. აქაოდა, ჩემს გარემონტებულ ოპერაში ქურდები როგორ ახსენესო - "არავის მივცემთ საშუალებას, ადამიანებს ზევიდან ქვევით უყუროს, აბუჩად აიგდოს, დაამციროს და რომელიღაც ძველი ეპოსის სტერეოტიპებით ელაპარაკოს..." - განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქუთაისის ოპერის რეკონსტრუქციაც ბიძინა ივანიშვილის ფულით განხორციელებულა.

P.S. გასულ წელს კიდევ არაერთი ფრაზა მოვისმინეთ, მაგალითად, "მიშა მაგარიას" საპირისპიროდ მომღერალმა ზაზა ხუციშვილმა იმღერა: "მიშა, მშია!", ირაკლი ოქრუაშვილი კი პარიზიდან დროდადრო ხან "მრისხანების დღით", ხანაც "ზილების რევოლუციით" იმუქრებოდა... ჩვენი ყოფის აბსურდულობა კი ყველაზე კარგად გამოჩნდა ფრაზით - "შუქი ჩააქრე, ნაგავს წერს!", რომლის ავტორიც რიგითი ქართველია...

ნათია დოლიძე

გაზეთი "ყველა სიახლე" #1