"ტიტანიკის" ტრაგედიის 100 წლის საიუბილეო აუქციონი - კვირის პალიტრა

"ტიტანიკის" ტრაგედიის 100 წლის საიუბილეო აუქციონი

საახალწლოდ "ტიტანიკის" ნივთების კოლექციის მფლობელმა კომპანიამ (RMS Titanic, Inc) გამოაცხადა, რომ ტრაგედიის 100 წლისთავთან დაკავშირებით, 2012 წლის პირველ აპრილს კოლექცია - 5500 ნივთი, რომელიც 190 მილიონ დოლარადაა შეფასებული, ნიუ-იორკის აუქციონზე გაიყიდება.უჩვეულო ისაა, რომ აუქციონზე კოლექცია არ დაიშლება ცალკეულ ლოტებად, ერთიანად უნდა გაიყიდოს, თანაც მყიდველმა შემდგომში მნახველებს დათვალიერების უფლებაც უნდა მისცეს. სააუქციონო სახლის - G uernsey’s Auctioneers & Brokers-ის ხელმძღვანელ არლან ეტინგერის შეფასებით, ეს ისტორიაში ალბათ ყველაზე გრანდიოზული აუქციონი იქნება, რადგან დარწმუნებულია, რომ არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ სმენია "ტიტანიკის" ამბავი.კოლექციასთან ერთად გაიყიდება ოკეანის ფსკერის დაწვრილებითი რუკაც, სადაც გემი დევს და საძიებო ექსპედიციების გაგრძელების უფლება.

სხვათა შორის, "ტიტანიკის" ნივთების კოლექციას უკვე მოვლილი აქვს მსოფლიო. მათი უდიდესი ნაწილი კი ფსკერიდან 18-წლიანი ექსპედიციების შედეგად - 1987, 1993, 1994, 1998, 2000 და 2004 წლებშია მოპოვებული. კოლექციის მთავარი "სიამაყე" გემის კორპუსის 17-ტონიანი ფრაგმენტია. ასევე მნახველთა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს გემის ილუმინატორი, ბინოკლი, სახომალდო ტელეგრაფი, გემის სიჩქარის მზომი ლოგომეტრი, სხვადასხვა კლასის მგზავრებისთვის გათვალისწინებული ფაიფურის ჭურჭელი. კოლექციაში, ცხადია, უამრავი პირადი ნივთიცაა - ოქროსა და ძვირფასთვლებიანი სამკაულები, საათები, სათვალეები, ფული - ბევრი მათგანის ყოფილი პატრონების სახელებიც ცნობილია...