შეფურთხება პატივისცემად ითვლება(?!) - კვირის პალიტრა

შეფურთხება პატივისცემად ითვლება(?!)

ინტერნეტსივრცეში ახალ ზელანდიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის სტუმრობის ამსახველი ვიდეომასალა დღემდე რჩება ერთ-ერთ ღიმილისმომგვრელ სანახაობად.თუმცა ახალი ზელანდიელებისთვის მისალმების უძველესი ტრადიცია უმნიშვნელოვანესი და კეთილგანწყობის გამომხატველი ჟესტია. დიპლომატიური ეტიკეტი მოითხოვს, რომ სტუმარმა მასპინძლების ტრადიციას პატივი სცეს. არადა, ზოგიერთ ქვეყანაში მისალმების ისეთი ფორმებით აქვთ, ღიმილის შეკავება გაგიჭირდება, შეიძლება თავიდან ვერც მიხვდე, გესალმებიან თუ გამამხნევებელ ვარჯიშს ასრულებენ.

მისალმების თითოეული ჟესტი განსაზღვრულ ინფორმაციას იძლევა მასპინძლისგან, თუ  ჟესტების ენა იცი, იოლად გაუგებ.

გავრცელებული მისალმების ფორმა - ხელის ჩამორთმევა უბრალო ჩვევა როდია, ის მშვიდობის სურვილს გამოხატავს. შემხვედრები ხელის ჩამორთმევით ერთმანეთს ეუბნებიან, ნახე და მეც მანახე, რომ ხელში არაფერი გიჭირავს და სამტროდ არა ხარ მოსულიო. არსებობს საინტერესო ვერსია ხელზე ამბორის შესახებაც. სავარაუდოდ, მისთვის საფუძველი სულაც არ ჩაუყრია ლამაზი ქალის მოთაყვანე მამაკაცს. ძველად ომში დამარცხებული მუხლებზე დგებოდა და ორივე ხელს უშვერდა გამარჯვებულს, თითქოს ანიშნებდა, აჰა, გემორჩილები, მიმსახურე როგორც გინდაო. შეიძლება ამიტომაც არის, რომ ლათინურად სიტყვა ხელი - მანუს” და დამორჩილება - მანუს დარე, ხოლო მოგვიანებით მანსუეტუს”- “დამორჩილებული, მონა, ერთი ძირიდან მოდის. აქედანვე შეიძლება მოდიოდეს ხელზე ამბორის წესიც, როგორც ნიშანი თაყვანისცემისა და მორჩილებისა. აქედან გამომდინარე, თუ ქმრიან ქალს უცნობი მამაკაცი ხელზე ეამბორებოდა, შესაძლოა ამ ამბავს დუელიც მოჰყოლოდა.

ლაპლანდიელები ხელის ჩამორთმევის ან გადაკოცნის ნაცვლად ერთმანეთს ცხვირებს უხახუნებენ. თავაზიანი იაპონელები ერთმანეთს წელში მოხრით ესალმებიან, ერთმანეთზე შეტყუპებული ხელისგულები გაშლილი თითებითურთ კი სახესთან მიაქვთ. ჩინელებიც წელში მოხრით ესალმებიან ერთმანეთს, ოღონდ დაშვებული ხელები სხეულის პარალელურად უჭირავთ. ინდოეთში მისალმებისა და პატივისცემის ნიშნად ხელებს მკერდზე იდებენ. არაბები მკერდზე ხელებს გადაიჯვარედინებენ, სამოელები კი ერთმანეთს ყნოსავენ.

ძალიან ორიგინალურია ტიბეტელების მისალმება, - მარჯვენა ხელით თავსაბურავს იხდიან, მარცხენას ყურს უკან ამოიდებენ და ენას გამოყოფენ.

ზოგიერთი აფრიკული ტომის წარმომადგენელი შემხვედრს აფურთხებს, რაც თურმე დიდ პატივისცემას გამოხატავს. კენიელი მასაისტომელი კი ჯერ ხელისგულზე დაიფურთხებს და მერე ჩამოგართმევს, ესეც პატივისცემის ნიშანია. ინდიელი თურმე მანამ იქნებოდა ჩაცუცქული, სანამ შემხვედრი არ მიუახლოვდებოდა და არ დარწმუნდებოდა მის კეთილმოსურნეობაში. მეტი დამაჯერებლობისთვის ხანდახან ფეხსაცმელსაც იხდიდა. ძველ ეგვიპტეში, მონღოლეთში, ჩინეთში შემხვედრს მისალმების ნიშნად ეკითხებოდნენ, ხომ ჯანმრთელადაა შენი საქონელიო.”

მისალმებაში გამოხატულია, რა არის ამა თუ იმ ერისთვის მნიშვნელოვანი და რას  ანიჭებს უპირატესობას. მაგალითად, ქართველები ერთმანეთს უსურვებენ გამარჯვებას, რუსები ჯანმრთელობას - Здравствуй, იჯანმრთელე, იცოცხლე, ინგლისელები და ამერიკელები - შრომას, იტალიელები - სტაბილურობას, ფრანგები - ცვლილებებს, მრავალფეროვნებას, არაბები და ზოგიერთი აფრიკელი ხალხები მშვიდობას. მისალმების ფორმასა და ინტერესს ამ ხალხების ისტორია განაპირობებს.

უდაბნოში მცხოვრები ტუარეგები მისალმებას დაახლოებით ასი მეტრიდან იწყებდნენ და ნახევარი საათი ხტოდნენ, იმანჭებოდნენ და ქედს იხრიდნენ. ამით ისინი შორი მანძილიდან ადგენდნენ, შემხვედრი ხომ არ იყო უცხო ან სამტროდ მოსული, რათა მომზადებული დახვედროდნენ მას. მოგვიანებით მათ თანამედროვე სპეცსამსახურებმა მიჰბაძეს და იმ მიზნით, რომ გაერჩიათ თავისიანი, იმუშავებდნენ მისალმების ჟესტებს. ასე გაჩნდა ფაშისტური მისალმების ნიშანი - წინ გაწვდენილი მარჯვენა ხელი. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ასეთი მისალმების გამო ბევრი გერმანელი დივერსანტი ჩავარდა, ისინი გენერლის დანახვისას სამხედრო სალამს ამ წესით იძლეოდნენ და თავს ამით ამჟღავნებდნენ.

აღდგომის კუნძულზე ერთმანეთს ასე ესალმებიან: კუნძულელი დადგება წელგაჭიმული, შეკრავს მუშტებს, გაიშვერს წინ, ასწევს მაღლა, თავზემოთ, გაშლის მუშტებს და ორივე ხელს ჩამოყრის.

ახალგვინეელი ტომები შეხვედრისას ერთმანეთს ნიკაპებით უღიტინებენ.

თუკი თქვენთან შეხვედრის დროს ახალი ზელანდიის აბორიგენი ჯერ გაშმაგებული იწყებს სიტყვების წამოყვირებას, შემდეგ ხელისგულებს ბარძაყებზე ძლიერად იტყაპუნებს, ფეხებს მაგრად აბაკუნებს, მუხლებს ხრის, მკერდს გამოზნექს, თვალებს გადმოკარკლავს და ხანდახან ენასაც გამოგიყოფს, ე. ი. გესალმება, ძალიან უყვარხარ და შენზე უკეთესი არავინ ჰყავს.

თურმე მისალმების საზეიმო დღეც კი არსებობს, - 1973 წლიდან ყოველ 21 ნოემბერს აღინიშნება. რიტუალი ასეთია: საკმარისია 10 უცნობს მიესალმო  და დღესასწაულიც აღნიშნულია. ეს დღე ამერიკელმა ძმებმა მაიკლ და ბრაიან მაკკორმაკებმა შემოიღეს.