რა ამღერებთ ამ ქართველებს?! - კვირის პალიტრა

რა ამღერებთ ამ ქართველებს?!

ქართული მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიოს გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევს. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ სრულიად გაუგებარია სიმღერის ამა თუ იმ ფრაზის შინაარსი, რომელთა ზუსტი თარგმნაც ვერ ხერხდება იმის გამო, რომ მხოლოდ ქართველის ბუნებისთვისაა დამახასიათებელი, მისი სულის სიღრმიდანაა ამოსული. უჩვეულოა ისიც, რომ ქართულ ხალხურ შემოქმედებაში გაბნეული ამგვარი "მარგალიტები" თავისი ქვეცნობიერი არსით აუხსნელადაც ცხადზე უცხადესი ხდება და გადამთიელსაც ატყვევებს. თუმცა, რაღა შორს წავიდეთ, არც ქართველებს გვაწყენდა ხანდახან ქართული ხალხური სიმღერების ტექსტებზეც დავფიქრებულიყავით და თვალი გადაგვევლო ჩვენი ფოლკლორის სიბრძნისათვის, რომელიც "სოფლის შენებასაც" და "ხმების შეწყობასაც" საუკეთესოდ გვასწავლის.

"კვირის პალიტრას" ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი ესაუბრა.

- ქართველები ვამბობთ, რომ რჩეული ერი ვართ, მაგრამ ამას  მართლა თუ დავიჯერებთ, ცუდად წაგვივა საქმე. გვგონია, ჩვენს გასაკეთებელს სხვა გააკეთებს და გულზე ხელიც რომ დავიკრიფოთ, მაინც აუცილებლად გვეშველება, რადგან ღმერთმა აგვირჩია და ამით დამთავრებულია ყველაფერი! რა თქმა უნდა, საქმე ასე მარტივად არ არის. ამიტომ კარგი იქნება, ქართული ხალხური შემოქმედების მარგალიტებს  ხშირად თუ გავიხსენებთ და ფესვებს არ მოვწყდებით.

"არაფერი არ მინდოდა, არაფრისთვის ვიყავ ცოდო, არაფერი არ გამოვა, არაფრისთვის უნდა ვცადო!" - ეს ხომ გენიალური სიტყვებია, რომელშიც ამაოების შეგრძნებაც, ზეციური ლტოლვაც და წუთისოფლის სიყვარულიც იგრძნობა. შესაძლოა, ზოგჯერ ქართველებს არაფრისთვის უხდებათ ენერგიის გაღება, წყლის ნაყვა, მაგრამ ესეც ცხოვრების დინამიკაა და მას ვერ ჩამორჩები!

- ბატონო ჯემალ, უცხოელებს  რამდენად შეუძლიათ იმ სიბრძნის გაგება და აღქმა, რაც ჩვენს ფოლკლორშია ჩადებული?

- ქართველებს ერთი გენიალური, პოლიფონიური სიმღერა გვაქვს, რომელსაც "ჩვენ მშვიდობა" ჰქვია. ერთმა გერმანელმა ქალბატონმა იკითხა, - რატომ ჰქვია ამ სიმღერას "ჩვენ მშვიდობა", როცა მშვიდობისა არაფერი სცხიაო და სიცილით ჩაბჟირდა... ის ქალბატონი აღფრთოვანებული იყო ამ სიმღერით, მაგრამ ასე ბრძანა, - ვერაფერი გავიგე, რომელი ხმა საიდან მოდის, სად მიდის და როდის იკარგება, მაგრამ ყველაფერი ეს გენიალურიაო! მართლაც, თითქოს "ყველა კანონი" დარღვეულია ამ სიმღერაში, თუმცა თვითონ არის უდიდესი კანონი. ახლა სიმღერის ტექსტს დაუკვირდით. იწყება სიტყვებით "ჩვენ  მშვიდობა, გამარჯვება, ჩვენს მასპინძელს დღეგრძელობა..." შემდეგ ასეთ რამესაც მოისმენთ: "ჩვენს მასპინძელს მხიარულსა, ჰყავს ულევი საყვარლები". სამი მომღერლიდან ერთ-ერთი, რომელსაც შეყვარებულმა უღალატა თუ რაღაც უბედურება მოხდა მის თავს, უცბად ასეთ ტექსტს ჩართავს სიმღერაში: "ვაშა, ვაშა შენს ქალობას! თურმე სხვაი გყვარებია..." მოკლედ, ერთს ამოიკვნესებს და გააგრძელებს სიმღერას. ე.ი. უეცრად ამ კაცმა თავისი გაჭირვება და გულისტკივილი ისე გამოამზეურა, რომ არ შერცხვა... აღიარა, რომ პირად ცხოვრებაში ხელმოცარულია და გააგრძელა სიმღერა, რადგან ეს მისთვის ღვთიური შვება გახლდათ. ეს გურული სიმღერაა მშვიდობაზე. გურულებისთვის კი სიმღერის ტექსტი მეოთხეხარისხოვანია. უცხოელებს ჰგონიათ, რომ ყველა ეს სიმღერა სიყვარულის თემაზეა. ისე კი, ზესიყვარულის გამომხატველი უფრო არის ეს სიმღერები. განა "ჩაკრულო" სიცოცხლის სიყვარულით არ არის გასხივოსნებული? თუმცა სიმღერა ასე იწყება: "ხიდის თავს შევკრათ პირობა,  ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია,  ჩავუხტეთ მუხრანბატონსა,  თავს დავანგრიოთ ბანია". აქ ნგრევაზეა ლაპარაკი, მაგრამ საქმე მთლად ასეც არ არის. უბრალოდ, ეს მუხრანბატონის გაფრთხილებაა!..

ჩვენი საგალობლები კი მარადიული ცხოვრების ჰიმნივით ჟღერს. აქედან 95% გურული სიმღერებია. რა ვქნა, გურული ვარ და სულ გურულებზე ვლაპარაკობ. ჩემი სოფლის კაცს როცა რამეს ეტყვი, გიპასუხებს, - მაი აფერიო და უარეს ამბავს მოგიყვება, თანაც ყველა შემთხვევაში, თავისი ნათქვამი შენსას ურჩევნია.  ალბათ ამ თვისებამ გამოიწვია ქართული სიმღერის მრავალხმიანობა. ე. ი. პირველი და მეორე ხმა წამოვიდა და მერე ბანის მთქმელს გააჩერებდი?! ბანი ხშირად უფრო მელოდიურია, ვიდრე პირველი და მეორე ხმა და ეს გენიოსური ჩანაფიქრია.

ქართლ-კახურ სიმღერებში ტექსტები უფრო წინა პლანზე არის წამოწეული. მაგალითად, ერთ კახურ სიმღერაში ასეთი ტექსტია: "სმა უმღერალი არ ვარგა,  ვაჟკაცი დაუთმობელი!". ქართველი კაცის ვაჟკაცური ბუნების გამოხატულება თურმე დათმობაა.

ქართულ სიმღერებში საოცარი მუხტი და კოსმოსთან უწყვეტი კავშირიც იგრძნობა. მაგალითად, "შემოქმედურაში" ასეთი გადაძახილ-გადმოძახილია: "ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე,  ვარსკვლავებსაც დავენახე,  მთვარემ კაცი მომიგზავნა,  აქ თუ იყავ, რეიზა არ მნახე!" განა, კაცი ასე რომ ფიქრობს, მისი წაქცევა ადვილია?

- თუმცა, ხალხურ სიმღერებში არის ფრაზები, რომლის ბოლომდე ახსნაც ძნელია. მაგალითად, ხომ ვერ მეტყვით, ქართველს ჩიტი-გვრიტი შროშანი რატომ ეგონა?..

- არაფერიც არ ეგონა! აბა, სიმღერის გაგრძელებას დაუკვირდით: "ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა,  მე შროშანი მეგონაო,  სადაც კარგი გოგო ვნახე,  ყველა ჩემი მეგონაო". ნახეთ, ამ სიტყვებში რამხელა სიბრძნე დევს, - როგორც ჩიტი გვრიტი შროშანი, ისე ყველა ქალი შენი არ უნდა გეგონოს! თუმცა, ქართველ კაცს ხანდახან უნდა, რომ "შეეშალოს", ჩიტი-გვრიტი შროშანი ეგონოს და ყველა ქალი - თავისი... ხედავთ, რა იმალება ამ ერთი შეხედვით გაუგებარ ფრაზაში?

- რაჭველები მღერიან: "წერეთელმა დაგვიბარა, დაგვიბარაო" და "რა დაუბარა", არაფერს ამბობენ...

- ჩემი აზრით, ამ ფრაზით რაჭველები გაკვირვებას გამოხატავენ იმის გამო, რომ წერეთელი მივიდა და მათ ვენახი დაუბარა. რაჭველებისთვის არავის დაუბარებია, შენ ასე ქენი ან ისეო. ამ სიმღერაში ესეც არის ნათქვამი: "დაგვისხა, დაგვალევინა, გუნებაზე მოგვიყვანა". თუმცა, არსებობს ფრაზის სხვაგვარი ინტერპრეტაციაც: წერეთელმა დაიბარა ეს ხალხი, ამუშავა და მერე დოქით ღვინო დაუსხა... ეს არის ფოლკლორი, რაჭველმა კაცმა რაც მოინდომა, სიმღერით ის თქვა...

- ქართველის კოსმოსთან უწყვეტი კავშირი ახსენეთ და ალბათ, ამ სიმღერის გახსენებაც ივარგებს: "მზე დედაა ჩემი,  მთვარე - მამა,  ეს წვრილ-წვრილი ვარსკვლავები  და და ძმაა ჩემი"...

- დიახ, ეს წარმართული დროიდან წამოსული სიმღერაა, ისევე როგორც "მზე შინა და მზე გარეთა,  მზევ შინ შემოდიო,  ვაჟის მამა შინ არ არის,  მზევ შინ შემოდიო". ე.ი. სახლში მარტოდ დარჩენილმა ქალმა მზეს სთხოვა მეურვეობა. მზე დაკავშირებულია სიცოცხლესთან, მის გაგრძელებასთან, სითბოსთან, ამიტომაც არის, რომ ერთმანეთს მზიან დღეს ვუსურვებთ ქართველები...

- იქნებ ისიც გვითხრათ, რა თვისებები დაკარგეს ქართველებმა, როგორ უნდა გავუმკლავდეთ სიძნელეებს, რას გვეუბნება ფოლკლორი?

- მოგეხსენებათ, გურული ვარ და ჩავედი ოზურგეთში... დანგრეულია გზები, ნახევრად მშიერია ხალხი... მაგრამ დავინახე, მოდის ყურებამდე გაღიმებული, ხელგაშლილი ერთი ჩემი ნაცნობი, გადამეხვია და შემეკითხა, - რაფერ ხარ, ჯემალიაო? გამიხარდა, მხიარული, მოღიმარი კაცის დანახვა და დაუფიქრებლად ვუპასუხე, - კარგად ვარ! - რეიზა?! - მკითხა უცბად ჩაფიქრებულმა...

გურული იყო მაინც და "პოლიტიკურად" დასვა შეკითხვა... თუმცა, ყველაფერი იუმორში გადაიზარდა და ერთად ვიცინეთ.

გვახსოვდეს, მარტო ჩვენ არ გვიდგას ხოლმე გასაჭირი. მაგალითად, არცთუ დიდი ხნის წინ საფრანგეთში 24-მა კაცმა მოიკლა თავი იმის გამო, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. 24-ივე კვალიფიციური ინჟინერი და მენეჯერი იყო. ეს გახლავთ სტრესის შედეგი, რომელმაც მსოფლიო მოიცვა. ჩვენ, ქართველებს კი სხვებისგან განსხვავებით იმის საშუალება გვაქვს, რომ ამ დღეში არ ჩავვარდეთ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ხალხური შემოქმედება გავიხსენოთ და უშრეტ ენერგიას მივიღებთ. ქართველი კაცი ამბობს: "მტერო დამჩაგრე, არ ვტირი,  ტირილი დიაცთ წესია...  მაცალე ერთი, ავლესო,  ხმალჩახმახ ცეცხლის მკვესია,  სულ წმინდად მოგამკეინო,  რაც ჩემთვის დაგითესია!" ეს არ არის დამარცხებული კაცის ნათქვამი, ეს დროებით დამარცხებული კაცის ამოძახილია. მთავარია, ვისწავლოთ მტერ-მოყვრის გარჩევა, რაც უკვე დავიწყებული გვაქვს, დანარჩენს კი ყველაფერს ეშველება!..