"ქალმა წერილი იპოვა, - მიყვარხარო, სწერდა მისი ქმარი რუსუდანს..." - კვირის პალიტრა

"ქალმა წერილი იპოვა, - მიყვარხარო, სწერდა მისი ქმარი რუსუდანს..."

ეს გამაოგნებელი ამბავი სასიყვარულო სამკუთხედია, ესპანელი მხატვრის, ხოსე მარია სერტის, მისი პირველი მეუღლის - მისია სერტისა და ქართველი რუსუდან მდივნის შესახებ მოგითხრობთ.

ბათუმის ქალაქისთავის - ზაქარია მდივნის ქალიშვილი რუსუდანი მომხიბლავი და იმავდროულად საოცრად  მოუსვენარი გახლდათ. პარიზის პოლიციას დაუკავებია კიდეც ის და მისი ძმა ქალაქში მანქანით თავგამეტებული სრბოლის გამო (სხვათა შორის, ელენე ახვლედიანიც დააჯარიმეს თავის დროზე მანქანით მაღაზიის ვიტრინის დამსხვრევის გამო)...

სალვადორ დალიმ დაინახა თუ არა, მიხვდა, ეს ქალი სტიქიასავით იყო. ძალიან უნდოდა, გვერდით ჰყოლოდა რუსა, როგორც  მას პარიზში ეძახდნენ... მაგრამ რუსა მოუხელთებელი იყო. მხოლოდ მასთან თუ გაჩერდებოდა, ვინც თავად შეუყვარდებოდა. ასეთი ხოსე მარია სერტი აღმოჩნდა.

ყველაფერი კი უბრალოდ დაიწყო. რუსუდანმა სერტს სთხოვა, მისთვის ქანდაკების გაკვეთილები ჩაეტარებინა. ზაქარია მდივანი და მისი ქალიშვილი პარიზში მონპარნასის ახლოს, ოტელ "დე ვერსალში" ცხოვრობდნენ. სერტის სახელოსნოც იქვე იყო... მხატვარი დაბინდებისას ხშირად მიდიოდა ოტელისკენ იმ იმედით, რომ რუსუდანისთვის მოეკრა თვალი...

სულ ორიოდე გაკვეთილის შემდეგ ცოლს - მისიასაც გააცნო. ქალმა უმალ იგრძნო, რა ხდებოდა. გულს უკლავდა, რა თვალებანთებული მისჩერებოდა ხოსე მას... მაინც გარისკა - გოგონა დასასვენებლად ბიარიცში მიიწვია. უშვილო ცოლ-ქმარს ყველაზე მეტად ბავშვები აკლიათ ხოლმე... იქნებ რუსუდანი ვიშვილოთ? - ესეც კი მოუვიდა თავში აზრად... მერე თანდათან განერვიულდა. ქმრის ნივთებს უკვე დიდი ყურადღებით ათვალიერებდა - პერანგს ქალის სუნამოს სუნი ხომ არ ასდისო, სურათზე ხომ არ მიუწერია სასიყვარულო სიტყვები ამ უცხო, ძალიან პატარა ქვეყნიდან ჩამოსული ქალბატონისათვისო...

და აი, წერილიც იპოვა: ის ჯერ ხოსეს რუსუდანისათვის არ გადაეცა, - მიყვარხარო, სწერდა მისი ქმარი რუსუდანს... მისიას ცრემლი ახრჩობდა, როცა წერილის ბოლოს ფანქრით მიაწერა: "ტყუილია, შენ მარტო მე გიყვარვარ!"

შემდეგ ხოსე მარია სერტი უკვე აშკარად ხატავდა და ძერწავდა რუსუდან მდივანს, მისი მეუღლე კი... მეტოქესთან მეგობრობდა! ყველგან თან დაჰყავდა. ისინი უკვე საზოგადოებაშიც ერთად ჩნდებოდნენ. რუსუდანს არ უნდოდა, სამკუთხედის ბოროტ კუთხედ ქცეულიყო. პარიზი დატოვა და ნიუ-იორკში გაფრინდა ძმასთან. ერთი წელი არ დაბრუნებულა საფრანგეთში. მისია სერტი ამ პერიოდში ხოსესა და მისიას უნდა მოეგვარებინათ ურთიერთობა - თუ საერთოდ შეიძლებოდა რამის გადარჩენა...

ერთი წლის მერე რუსუდან მდივანი პარიზში დაბრუნდა, ის ჭლექით იყო ავად. მწოლიარე ავადმყოფს სერტები ყურადღებას არ აკლებდნენ. მისია  საწოლთან ეჯდა და გამხდარ ხელზე ეფერებოდა... რუსუდანი იფერფლებოდა, მისიამ თავის უახლოეს მეგობარს, კოკო შანელს სთხოვა დახმარება და შვეიცარიაში მიაწვევინა სნეული... იქიდან დაბრუნებული თითქოს სიცოცხლესაც დაუბრუნდა... მერე იტალიაში სამივენი ერთად წავიდნენ. გზაში მისიამ უკვე იცოდა, რომ ყველაფერი დასრულებული იყო, არ იცოდა მხოლოდ ის, რამდენ ხანში გამოუცხადებდა მეუღლე, გშორდებიო. ეს დღეც დადგა... ქმრისაგან მიტოვებულმა  საოცრება ჩაიდინა - დედასავით ეხმარებოდა რუსას საქორწინო სამზადისში. კოკო შანელს აარჩევინა კაბა, ხოსეს კი ნიშნობისთვის ლალისთვლიანი ბეჭედი და ლალისავე გულქანდა აყიდვინა. ქორწილი 1928 წლის 18 აგვისტოს ჰააგაში გადაიხადეს. მხოლოდ ერთხელ უმტყუნა მისიას ნერვებმა და ტუალეტში აქვითინდა, რუსუდანი ამშვიდებდა, - ხომ იცი, ჩვენ ორივეს გვიყვარხარ და სულ გვეყვარებიო.

ესპანეთში, პალამოსში რუსუდანს ქმარმა სასახლე აუშენა, სადაც თავს იყრიდა პარიზული ბომონდი. ახალგაზრდა დიასახლისი საზოგადოების ნამდვილი მარგალიტი იყო. სტუმართაგან ერთ-ერთი იყო სალვადორ დალი, რომელიც თავის უახლოეს მეგობრებად ასახელებდა პარიზის ფანტასტიკურ ქალებს", - ბეტინა ბერჟერის, კოკო შანელსა და რუსუდან მდივანს...

რუსუდანს კი მისიას დანახვაზე გული ყელში ებჯინებოდა. მოუნდებოდა ხოლმე, დედასავით გულში ჩაეკრა და მიჰფერებოდა. დარდობდა,  რატომ უნდა შეჰყვარებოდა ცოლიანი კაცი?

კოკო შანელი მეგობარს ურჩევდა, გულიდან ამოეგლიჯა ეს ორი მოღალატე. მისია უარობდა: უმაგათოდ ჩემი ცხოვრება დაცარიელდება და დასრულდებაო...

ახლა მისიამ დაიწყო სასიყვარულო წერილების გაგზავნა ყოფილ ქმართან. ერთი წერილი რუსუდანსაც ჩავარდნია ხელში. გულმოკლულს დაუბარებია ქმრის ყოფილი ცოლი და უთქვამს: - შენ ძალიან გიყვარს ხოსე და ვერ ხვდები, რომ ის ამას არ იმსახურებსო...

ხოსე მარია სერტი და მისია

კულმინაციისკენ მიდიოდა რუსუდანის ცხოვრება. თითქოს მიზეზი სხვა რამ გახდა: მისი ძმა ალექსი გასცილდა ცოლს - ბარბარა ჰატონს და დასთან ჩავიდა ესპანეთში... აქ დატრიალდა უბედურება: მანქანით სწრაფად მიმავალი ალექსი მატარებელს შეასკდა. რუსუდანი მოტყდა, მოეშვა. ამ ტრაგედიამ გზა მისცა სულში ჩაგუბებულ ტკივილს, რაც სულ აწვალებდა, - ცხოვრებამ  დააკავშირა ადამიანებს, რომლებიც უყვარდა და რომლებსაც უყვარდათ, მაგრამ ბედნიერება მაინც ვერ შეიგრძნო. ჭლექმაც თავი გაახსენა. რუსუდანს აღარ უნდოდა განკურნება, ძალიან უბედური იყო. ქმარმა აიძულა, უარი არ ეთქვა მკურნალობაზე... ამაო იყო ექიმთა მცდელობა. 1938 წელს 32 წლისა გარდაიცვალა. ასე დასრულდა ამბავი წარმოუდგენელი, ყველაზე დაუჯერებელი სასიყვარულო სამკუთხედისა...

მისია ყოფილი ქმრის გარდაცვალებასაც მოესწრო... ქალმა დარდისაგან ნელ-ნელა დაკარგა მხედველობა. ამბობენ, როცა ის გარდაიცვალა და კოკო შანელმა მეგობრის დაკრძალვისათვის ზრუნვა დაიწყო, მედალიონი იპოვა, რომელშიც რუსუდანის ფოტო იდო...

ხოსე მარია სერტი ხოსე მარია სერტი, გალა და სალვადორ დალი

ესპანელი მხატვარი-მონუმენტალისტი ხოსე მარია სერტი (1874-1945) დაიბადა ბარსელონაში, მდიდარი მეწარმის ოჯახში სწავლობდა იეზუიტთა კოლეჯში, შემდეგ ფერწერის სხვადასხვა კოლეჯსა და აკადემიაში. 1899 წელს შევიდა პარიზში, პოლ სერიუზიეს დაარსებულ ჯგუფში "ნაბი". მისი წევრები მოდერნიზმის თავისებური ვარიანტის შექმნის გამო დამკვიდრდნენ ხელოვნების ისტორიაში. მისი პირველი ცოლი მისია გოდებსკა-სერტი  სიმბოლისტების მუზა იყო.

იხილეთ ასევე: 5 ქართველი და-ძმის მსოფლიო სუპერთავგადასავალი